„ნაპოლის“ ფეხბურთელი დააყაჩაღეს და 20 ათასი ევროს ღირებულების საათი წაართვეს

იტალიის „ნაპოლისა“ და პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელს, არკადიუშ მილიკს თავს დაესხნენ. შემთხვევა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მილიკის კლუბმა მოიგო.
ფეხბურთელი თავის სახლში, ნეაპოლის გარეუბანში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ორი უცნობი პირი თავს დაესხა. იარაღის მუქარით ფეხბურთელს ძვირადღირებული საათი წაართვეს.
მილიკს მძარცველებისთვის „Rolex Daytona“-ს მაჯის საათის მიცემა მოუწია, რომლის ღირებულებაც 20 ათასი ევროა. ნეაპოლის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მსგავსი ინციდენტები „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელებსაც არაერთხელ გადახდათ თავს. ლორენსო ინსინიე, მარეკ გამშიკი და ედინსონ კავანიც გამხდარან ნეაპოლის ცენტრსა თუ გარეუბნებში თავდასხმების მსხვერპლნი.

კომენტარები

სხვა სიახლეები