ნანა ძაგნიძე: „ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს“

„ვაქცინაცია აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია დღევანდელ დღეს“,- ასე აფასებს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობას, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას, საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე.
ტიტულოვანი მოქმედი მოჭადრაკე ფიქრობს, რომ აცრა ერთადერთი საშუალებაა ვირუსთან საბრძოლველად და მის გამოყენებაზე არავინ უნდა თქვას უარი.
„ვფიქრობ, ვაქცინაცია აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია დღევანდელ დღეს. ვინაიდან ეს ვირუსი მასობრივად ვრცელდება, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აცრილები ვართ „ფაიზერის“ ორი დოზით, უკვე რამდენი თვე გავიდა და არანაირი გვერდითი მოვლენა არ გვქონია.
სპორტული სამყაროსთვის გასული წელი ბევრად რთული იყო. ჩაკეტილები ვიყავით, ვერსად ტურნირზე ვერ გავედით. წელს, რაც ვაქცინაცია დაიწყო, მოჭადრაკეები – ყველანი ავიცერით. მართალია, შეზღუდვების პირობებში, მაგრამ ტურნირებში მაინც ვმონაწილეობთ.
ვაქცინაცია აუცილებელია. ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ავიცერით, მამიდამ, რომელიც ვანის რაიონში მარტო ცხოვრობს, უარი თქვა – არავისთან შეხება არ აქვს და პირბადით ეკონტაქტებოდა ყველას. მაინც დაუდასტურდა კოვიდი და უკვე მე-9 დღეა ძალიან სუსტად გრძნობს თავს. ახლა ძალიან ნანობს, რომ არ დამიჯერა და თავის დროზე არ აიცრა.
ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ არ დაემართებათ არაფერი. გასაგებია, რომ შეიძლება მაქსიმალურად იცავენ თავს, პირბადეს ატარებენ და ა.შ. მაგრამ ეს ისეთი ვერაგი ვირუსია, არ იცი, საიდან, როგორ და რანაირად შეგხვდება. ამიტომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ რომ იგრძნოს ადამიანმა თავი, არსებობს ვაქცინა, რომელიც შეიქმნა და დღევანდელ დღეს უკვე არის ეს საშუალება. ვფიქრობ, არ შეიძლება, ამაზე უარი თქვას ვინმემ”,- აღნიშნავს ნანა ძაგნიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები