შატილში ტრაგიკულად გარდაცვლილი 25 წლის დეა დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორისა და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ეს ის ამბავია, როდესაც მთელი სამი თვის განმავლობაში საქმე მხოლოდ გარდაცვლილი მძღოლის წინააღმდეგ იყო აღძრული. თურმე, სულ სხვანაირად ყოფილა საქმე! ნამდვილი დამნაშავენი კი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას.
ამათმა 17 ადამიანი მიწას ამოაფარეს და თავს დამნაშავედაც არ გრძნობდნენ! ამისთანა არაადამიანების ადგილი ციხეშია! მადლობა უფალს! ჩვენ უამრავ ადამიანს ავაცილებთ ისეთ სიმწარეს, როგორც მე გავმწარდი! კაი ხანს იბოგინა ბოლოთაშვილმა და ატყუებდა ხალხს, კაი ხანს ებრძოდნენ მას მოტყუებული ტურისტები, მაგრამ ამაოდ! თავის დროზე რომ შეეჩერებინა მართლმსაჯულებას ეს თაღლითი, შატილის ტრაგედია არ გვექნებოდა! გილოცავთ ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თავგამოდებით მიიწევდით წინ.
მადლობა “პირველ არხს” – “გამომძიებელ რეპორტიორს!” – მათმა გადაღებულმა ფილმმა ცხადყო რეალური მიზეზები ავტოკატასტროფისა! მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვინიშნა ადვოკატი და ბოლომდე მხარში გვიდგას! მადლობა ყველას, ვინც მცირედად მაინც დაგვეხმარა! ამჯერად ბოლოთაშვილ-გოგილაშვილის კოკამ წყალი აღარ მოიტანა!“, – წერს ლიკა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანია “თრეველ ჯის” დირექტორი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.