ნათია ზაზაშვილი: დიდება ყველას, ვისაც სჯეროდა, რომ ჩემი სამშობლოს თავისუფლებისთვის სწირავდა სიცოცხლეს და ეს უღირდა
“დიდება ყველას, ვისაც სჯეროდა, რომ ჩემი სამშობლოს თავისუფლებისთვის სწირავდა სიცოცხლეს და ეს უღირდა”, – ამის შესახებ ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ორგანიზაცია “ჟალეთის” დამფუძნებელი- ნათია ზაზაშვილი წერს.
მისი თქმით, ერსა და ბერში ერთი ლიდერი არ მოიპოვება, რომ უდარაჯოს ჯერ კიდევ ცოცხალ გმირებს, რომლებიც უბრალოდ ცოცხლები გადარჩნენ და დაიარებიან ქვეყანაში.
,,ოცდათორმეტმა წელმა გაირბინა. ჩვენ მაშინდელმა ბავშვებმა, რომელთა მამათა თაობა თავისუფლებას თავს აკლავდა, დედათა და მამათა თაობის რიგები დავიკავეთ. ახლა ჩვენი ჯერია, ზურგით შევაჩეროთ ტყვიები, რომლებსაც ჩვენს შვილებს უმიზნებენ! და რა შეიცვალა?! რა შეცვალა იმ ომებმა და სისხლიანმა 9 აპრილებმა, რომლებიც ჩვენმა მამათა თაობებმა გამოიარეს? არც არაფერი!
ქვეყანა ქვეყანას ჰგავს და ზეყანა – ზეყანას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – მამული, ენა, სარწმუნოება-ს იდეოლოგიებზე გვზრდიდა თვით საბჭოთა სკოლა და დღეს მამული გაპარტახებულია, დაფლეთილ-დასისხლიანებული. ენა, რუსთაველის ენა – დაკნინებული და სიძულვილის ენად ქცეული, სარწმუნოება ლაფში მოსვრილი და ვერცხლზე დახურდავებული. ერისა და ბერის ლიდერებში ერთი ქვეყნის დარაჯი არ მოიპოვება, იმათ საფლავებსა და ხსოვნას მაინც რომ უდარაჯოს, ვისაც სჯეროდა, სჯეროდა, რომ ჩვენთვის – მომავალი თაობისთვის თავისუფლებას აკლავდა თავს.
ერსა და ბერში ერთი ლიდერი არ მოიპოვება, რომ უდარაჯოს ჯერ კიდევ ცოცხალ გმირებს, რომლებიც უბრალოდ ცოცხლები გადარჩნენ და დაიარებიან ქვეყანაში.
ოთხმოცდაათიან წლებში მეტი სიყვარული იყო, მეტი ერთობა, რწმენაც იყო მეტი. ნუთუ ესეც საბჭოთა რეჟიმის დამსახურებებს უნდა მივაწეროთ?! გადაყიდეს-გადმოყიდეს, ჩააბარეს ეროვნული ღირებულებები ორი გროშის სანაცვლოდ.
დუშეთის ბატალიონი დღეს რატომღაც არავის არ ახსოვს, გარდა – დუშელებისა და იმ ოჯახებისა, 30 დედა რომ ჩამოუსვენეს აფხაზეთის ომიდან რუსი ღორებისგან მკერდ მოკვეთილები და საქორწილო კალიცოიან თითმოჭრილები. შესიებულ ცხედრებს თითიდან ოქროს კალიცოებს რომ ვეღარ აძრობდნენ და თითები რომ დაუჭრიათ რუს ღორებს. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, დუშეთის ბატალიონიდან ქალთა შეიარაღებული ოცეული გაემართა (20 ზე მეტი) და ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა ცოცხალი. ბოლო მეთაურმა კი ეს ბატალიონი დაშალა მხოლოდ იმ სულისწყმენდით, რომ ტექნიკა ჩამოეწერა და ორი ვერცხლი დარჩენოდა. ტექნიკა – საბრძოლო ტექნიკა. ნარჩენები თბილისის ერთ-ერთ ქვედანაყოფს შემოუერთა და 5-6 წელიწადში იმ ქვედანაყოფსაც იგივე ბედი გაუზიარა. ესენი ვართ და ასე მოვდივართ. დუშეთის ბატალიონს სამხედრო ფუნქციაც რომ აღარ ჰქონოდა, ეროვნული ღირებულების ძეგლად უნდა დარჩენილიყო ისე, როგორც მაშინ იყო. როდესაც ასეულობით გმირი გამოვიდა და გადაადგილდა დუშეთიდან აფხაზეთის მიმართულებით.
აფხაზეთის ომიდან ძაღლის სახელებით დაბრუნებული ბიჭების არ იყოს.
მმუმუ, მიმი ლაბრა. დიახ, ძაღლის სახელები დაურქმევიათ იმიტომ, რომ ძაღლებივით ერთგულად იბრძოდნენ პირტიტველი ბიჭები. დღე იბრძოდნენ და ღამე ცხედრებს აგროვებდნენ, მოხალისედ წასულები.
ლაბრა არ მიწყენს, იმედია, ამას რომ ვწერ, ხო – ლაბრაღაა ცოცხალი, იმედია, ისიც ჩემსავით ცოცხლად აღიქვამს მუმუსაც და მიმისაც. ამიტომაც ვიხსენიებ სამივეს ერთად. მიმი სპეციალისტი ოფიცერი იყო. ლტოლვილი. ყველა ომ გამოვლილი. რამდენიმე წელიღა აკლდა პენსიას და მაშინ დააქვეითა უფროსმა, მაშინ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თათბირზე და მეორე დღეს გული გაუსკდა. მოკვდა კაცი! კაცი, რომელსაც ჯეროდა რომ სამშობლოსთვის თავს სწირავდა.
მუმუ, შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლებული საზღვარგარეთ გარდაიცვალა.
და ლაბრა, ლაბრას დღეს 22 ლარიანი პენსია დამსახურებული ვეტერნობისთვის. აი, ესენი ვართ, ასე მოვდივართ და ასე მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს.. სადამდის მივაღწევთ, საკითხავი აი ეს არის.
არცერთი პოლიტიკური პარტია და ვერცერთი პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებულ ქვეყანად გამოცხადებას ვერ შეძლებს, სანამ მოსახლეობაში დემოკრატიული თვითშეგნების ღირებულებები არ გაიზრდება, სანამ ,,ნიჭიერი პოლიტიკოსები” ვერ შეიგნებენ იმას, რომ ოპოზიციური აზრი მტრობასა და კაცისკვლას არ ნიშნავს,” – წერს ნათია ზაზაშვილი.