მას შემდეგ, რაც დიდხნიანი ძებნის შემდეგ თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიურ ნათესავებს მიაგნო, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რატომ ვერ პოულობს ის მის ბიოლოგიურ მშობლებს. ტელეწამყვანმა დეტალურად განმარტა ამის მიზეზი:
„შევაწუხე მთელი სანათესაო ამ ფოტოების ფრიალით, მაგრამ ყოველ დადებულ პოსტს და ყოველ დაკოპირებულ კომენტარს, აუცილებლად მოსდევს ახალი შეკითხვა, „ნათესავები თუ იპოვე, რატომ ვერ პოულობ მშობლებს?“ სამწუხაროდ, ხალხს კომენტარების კითხვა არ უყვარს, ამიტომ კიდევ ერთხელ და იმედია ბოლოჯერ, ნათესავებთან ბოდიშის მოხდით, ვწერ გარკვევით და გასაგებად:
ფოტოებში წარმოდგენილი უსიმპათიურესი მამაკაცი არის ჩემი ბიოლოგიური ბაბუა-გენადი ნანავა. როგორ ვიპოვე?
არსებობს გენეტიკური ტესტი, ancestrydna, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში იკეთებენ და რომელიც ადგენს წარმომავლობას, შენ მონაცემებს მსოფლიო ბაზაში ინახავს 500 წლის განმავლობაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიჩვენებს იმ ნათესავებს, ვისაც გაკეთებული აქვს. მაგალითად: გაიკეთა ბაბუაჩემის ბაბუის დის შვილთაშვილმა. პირდაპირ გიწერს, რა სახის ნათესავია. ეს ტესტი მე შარშან გავიკეთე, მაგრამ ახლო ნათესავს არავის ჰქონია გაკეთებული. საბედნიეროდ, რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით ამერიკაში გაიკეთა ჩემმა ბიძაშვილმა და ავტომატურად დაგვაკავშირა ერთმანეთს. თუმცა, ისტორია აქ არ მთავრდება: გავუკეთეთ ყველა ბიძას, მამიდას, დეიდას. ნათესაური კავშირი ყველასთან დადასტურდა. მაგრამ მამაშვილური, ან დედაშვილური არა. აქედან გამომდინარე, მივედით იმ დასკვნამდე, ჩემი ბიოლოგიური მამა, ან დედა სადღაც, ვიღაც ქალისგან არის გაჩენილი. ბიძებს, ბიძაშვილებს, მამიდებს (ან დეიდებს) ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ბაბუა სამწუხაროდ, 1951 წელს 33 წლის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამიტომ არ გვაქვს მშობლებზე ინფორმაცია და სავარაუდოდ, არც მან იცის საკუთარი გვარი.
იმედია, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ყველა დროებით მაინც დავისვენებთ
აქვე ჩავამატებ: მეორე მსოფლიო ომის მერე, ბაბუა იყოს გაგრის სანატორიუმის დირექტორი. დაახლოებით 1949-50 წლებში მუშაობდა რუსთავში.“ – წერს მუსერიძე.