ნაადრევი ქორწინება და 10 ძროხაზე გაცვლილი ქალიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 2013 წლის ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია ადრეული ქორწინება, რომელიც ძირითადად, მშობლებს შორის გარიგების დადების შემდეგ ან მოტაცების გზით ხდება.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, როცა ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 16 წლის გოგონას მამა აპირებდა, შვილი 45 წლის მამაკაცზე, 10 ძროხის სანაცვლოდ მიეთხოვებინა. გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემებში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა თუ ფულის სანაცვლოდ არავის უკვირს.

გთავაზობთ ამონარიდს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიდან, სადაც ერთ-ერთი გოგონა ამბობს: “ჩემს მშობლებს ვეუბნები, – თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ”. ომბუდმსენის ინფორმაციით, ზოგიერთი გოგონა იძულებულია, სკოლაში სიარულს შეეშვას, რადგან მისი მოტაცების რისკი მაღალია. 2014 წლის იანვარ-თებერვალში უკვე დაფიქსირდა მოტაცების სამი ფაქტი. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით გოგონების მოტაცება ბოლო სამ წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება. უჩა ნანუაშვილს მოჰყავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. სკოლის მიტოვების მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ქორწინება ან მატერიალური პრობლემებია. ერთ-ერთი გოგონა ჰყვება: “ჩემი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული. გათხოვდა და იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება”…

მართალია, მსგავსი ფაქტები ძირითადად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში ხდება, მაგრამ მოტაცებით ან ანგარებით გათხოვილი ქალების მაგალითი ქართველებშიც მრავლად არის და ამას ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც ადასტურებს.

ნინო, 30 წლის:

– 15 წლის არც ვიყავი, როდესაც მომიტაცეს. ერთი შვილი მყავს, რომელიც მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ქმარს დღემდე ვერ შევეგუე. 15 წელია, ერთად ვართ. ხშირად ვკამათობთ, რადგან მის “მძიმე” ხასიათს, მბრძანებლურ ტონს ვერ ვეგუები და დღემდე მასთან განშორებაზე ვფიქრობ. სხვათა შორის, ორი წლით უცხოეთში იყო წასული, ფულს გვიგზავნიდა, მე და ჩემი შვილი კი მშვიდად ვცხოვრობდით და ის წლები ძალიან კარგად მახსენდება.

ია, 36 წლის:

GzaPress– 17 წლის ვიყავი, როდესაც გარიგებით გამათხოვეს. მშობლები მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, გამაბედნიერებდა. ხომ იცით. 90-იანი წლებში ყველას უჭირდა და მეც მშობლებს დავუჯერე, გავთხოვდი. ჩემი ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც ჩემს მშობლებს ეგონათ: სიმდიდრე სადღაც გაქრა, ერთმანეთთან არც სიყვარული გვაკავშირებდა და რამდენიმე წელიწადში დავშორდით კიდეც. მოგეხსენებათ, რა ძნელია შვილების აღზრდა მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ყოფილი ქმარი ყურადღებას არ აქცევს. ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება იმ შემთხვევაში, მშობლების ნებას რომ არ დავყოლოდი და გათხოვების ნაცვლად, მესწავლა?.. თუმცა, ამაზე ფიქრს რაღა აზრი აქვს? უკვე ძალიან გვიანია!
მსგავსი ამბები წარმატებულ და რეალიზებულ ქალებსაც აქვთ, რომლებმაც შემდეგ შეძლეს და თავიანთი ცხოვრება საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით წარმართეს. ქალბატონი თამთა დემურიშვილი იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორია და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს. სულ მალე ის გადაცემასაც წაიყვანს TV-3-ზე. აი, რა გვიამბო ქალბატონმა თამთამ:
– ჩემი თაობის ქალები დამეთანხმებიან, რომ 15-20 წლის წინ მოტაცება თითქოს, მოდაშიც იყო და ტრაგიკულად არ აღიქმებოდა. უყვარდი ვიღაცას, შენ არ გიყვარდა ან არ ფიქრობდი გათხოვებაზე და ამის გამო გიტაცებდნენ. მე ორჯერ მომიტაცეს – ორივეჯერ სხვადასხვა ადამიანმა, მაგრამ არც ერთთან არ დავრჩი. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაც იყო. ისეთი დედ-მამა მყავდა, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მოიქცეოდა… რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია 16 წლის გოგონა ანგარების გამო მიათხოვო 45 წლის კაცს. თანაც, ამ ასაკში გათხოვება სასურველი ნამდვილად არ არის, რადგან 15-16 წლის მოზარდი არ არის ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნება. საბედნიეროდ, ასეთი რამ ქართველებს შორის იშვიათად ხდება. მოტაცება კი ისტორიული ტრადიციაა, ალბათ ცხენისა და ნაბადის ამბავიც გახსოვთ წინა საუკუნეებიდან. დღესდღეობით კი გოგონები იპარებიან და მერე ამას მოტაცებას არქმევენ. მოტაცება უფრო ხშირად რაიონებში, სოფლებში ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ამ გზით შექმნილი ოჯახები ყოველთვის მალე ინგრევა. უფრო მეტიც, შეიძლება მოტაცებულმა გოგომ და თავის დროზე მოძალადედ “მონათლულმა” ბიჭმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ, დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი კი ერთ წელიწადში დაიშალოს. ამასთან, ხომ იცით, დღეს ისეთი სავალალო მდგომარეობაა დაქორწინების მხრივ, რომ ხუმრობენ კიდეც: – თუ ვინმეს მოიტაცებენ, “მიშველეს” ნაცვლად “მეშველა” უნდა დაიძახოსო.

მანანა სონღულაშვილი, ფსიქოლოგი:

– ანალოგიური ფაქტები ხშირად ხდება აზერბაიჯანულ სოფლებში: არასრულწლოვან გოგონებს გაცილებით უფროს კაცებზე ათხოვებენ. მართალია, ანგარებით გათხოვება ქართულ ოჯახებშიც ხშირია, მაგრამ 10 ძროხაში და 20 ცხვარში მაინც არავის გაცვლიან. ხშირად მოზარდი იძულებულია, უფროსების აზრს ანგარიში გაუწიოს და თავისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. საკითხავია – როგორ დაღს დაასვამს ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას? ჯერ ერთი, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. ნებისმიერი ძალადობა უარყოფით ნაყოფს იძლევა, მაგრამ ყველაზე ღრმა და მოუშუშებელ ჭრილობებს სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობა ტოვებს. ამ ტიპის ზემოქმედება ადამიანში ღრმა სულიერ ცვლილებებს იწვევს. დაუშვებელია არასრულწლოვანი გოგონას გათხოვება მშობლებს შორის მორიგების ან მოტაცებიც გზით, მაგრამ ფსიქოლოგები ამ ასაკში არც ნებით გათხოვებას მივესალმებით. ადრეულ ასაკში, უფრო ხშირად, არასრულფასოვან ოჯახებში აღზრდილი გოგონები თხოვდებიან, ეს კი პრობლემებიდან გაქცევის მცდელობაა.

– კიდევ რა უარყოფითი მხარე აქვს ნაადრევ გათხოვებას?

– ადრეულ ასაკში გათხოვება ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებს უარყოფით ნაყოფს, რადგან 15-16 წლის ასაკში ორგანიზმი არა მარტო ანატომიურად და ფიზიოლოგიურად არ არის ჩამოყალიბებელი, არამედ – ფსიქოლოგიურადაც. ნაადრევი ქორწინების დროს ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ მთავარი სიყვარულია, მაგრამ ოჯახის სიმტკიცისთვის სხვა რაღაცებიც არის საჭირო; როდესაც სიყვარულს თან არ ახლავს საერთო ინტერესები და ამას ემატება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც ე.წ. თინეიჯერულ ასაკს ახლავს, წყვილი ჰარმონიულ თანაცხოვრებას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომ, ნაადრევი ქორწინება შედარებით დაუცველი და მყიფეა. ერთადერთი დადებითი, რაც ასეთ ქორწინებას აქვს, ის არის, რომ მოწიფულ ასაკში შვილები უკვე წამოზრდილი გყავს, თორემ გარდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობისა, ასეთი ოჯახი არც მატერიალური თვალსაზრისით არის მტკიცე. ოჯახმა დამოუკიდებლად რომ იარსებოს, რაღაც ფინანსური საძირკველიც ხომ უნდა ჰქონდეს? ამ ასაკში კი ისევ მშობლებზე არიან მიჯაჭვულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, წყვილს შორის ხშირად, გაუცხოებაც ხდება, რადგან თავის დროზე გააზრებულიც არ ჰქონდა, მართლა სიყვარული იყო ეს თუ ფიზიკური ლტოლვა. ქალთა ციხეში ხშირად მიწევს მისვლა და მინდა, ერთი ქალზე გიამბოთ: იქ სასჯელს იხდის ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ორი კვირის გათხოვილმა, პურის საჭრელი დანით მოკლა მოძალადე ქმარი. არადა, ერთ დროს ეგონა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ… თუმცა, საბედნიეროდ, ყოველთვის ასე არ ხდება და ადრეულ ასაკში შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები