მხატვარი, რომელმაც პოლიტიკური ფიგურები ცოცხზე შემოსვა – ვახო ვარდიაშვილის თვალით დანახული აქტუალური პერსონები (ფოტო+ვიდეო)
მხატვარსა და მოქანდაკე ვახო ვარდიაშვილს საზოგადოების ფართო ფენები არ იცნობენ. მრავალი წლის მანძილზე ის უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბოლო პერიოდში მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა და ამბობს, რომ მუშაობა, ძირითადად, კერძო შეკვეთებზე უწევს.
ხელოვნებას რომ საზღვრები არ აქვს, ამას მხატვრის შემოქმედებაც ადასტურებს. მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებში, ქართული რეალობიდან გამომდინარე, პოლიტიკური ფიგურებიც გამოჩნდნენ. ცოცხზე შემომჯდარი მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ტრიო, მაესტროს წამყვანი ვასიკო ოდიშვილი და ასევე ყველასთვის ცნობილი ჯემალ ბაღაშვილი – ეს 50 წლის მხატვარ ვახო ვარდიაშვილის სულ ბოლო ნამუშევრებია, რომლებიც მან მინი-ქანდაკებების სახით, პლასტელინით შექმნა. ამბობს, რომ პატარა ფიგურების ძერწვის პროცესში, განსაკუთრებით რთული სახის ზუსტი მიმსგავსებაა.
„ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ და დიდი ხანია არ მიძერწია. მომივიდა მუზა და ეს ფიგურები შევქმენი. სახეებით ადვილია მათი ამოკითხვა. მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგვანან. არ არის საჭირო, რომ კარიკატურული სახე იდეალურად ჰგავდეს ორიგინალს. პატარა მასშტაბში დეტალურად სახის მიმსგავსება, ძალიან რთულია. მსგავსება კი ნამდვილად არის – ეს მათი კარიკატურული სახეებია. სანამ დრო მქონდა და შეკვეთაც არ იყო, დავჯექი და ამ ფიგურებზე ვიმუშავე. რატომღაც ისე მოხდა, რომ ეს პიროვნებები ცოცხთან ასოცირდებიან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ – ყველას თავი ასე დაგვამახსოვრეს. წინასწარ ვერასდროს გათვლი, რას მოკიდებ ხელს. უცებ რაც აზრად მოგივა, შესაბამისად, იმას აკეთებ. თუ ვინმე სურვილს გამოხატავს, რა თქმა უნდა, მე მათ ქანდაკებაზე უარს არ ვიტყვი. როდესაც ჯემალ ბაღაშვილის პორტრეტი გამოვძერწე, დავუკავშირდი მამუკა ლომაშვილს, რომელიც დამეხმარება მისი ქანდაკების ლითონის ფორმით ჩამოსხმაში“,- აცხადებს ვახო ვარდიაშვილი.
ასეთ ნიმუშებზე მუშაობისას მხატვრისთვის, როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვანი პერსონის ხასიათისა და მიმიკების „დაჭერაა“. დანარჩენს უკვე იმპროვიზაცია და ექსპრომტი ქმნის.
„სირთულეები მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, არის. უნდა მიამსგავსო სახე, ნაკვთები. სხეულის მოძრაობას და დგომას რაც შეეხება, ეს უკვე ექსპრომტად მოდის. ადამიანს ყოველთვის ისე აღვიქვამ, თუ რითი ამახსოვრებს ის სხვებს საკუთარ თავს. ეს შეიძლება იყოს ხასიათები, ქცევა, მიმიკები. აი მაგალითისთვის, ვასიკო ოდიშვილის შემთხვევაში, მისი ჯდომის მანერა და ხელში ფანქარი, უკვე ხელჩასაჭიდი გახდა ჩემთვის, მისი პროტიოტიპის შესაქმნელად. მაინც მგონია, რომ უნდა „დაიჭირო“ ადამიანის ტიპაჟი. მერე უკვე ყველაფერი თავისით მოდის“,- აცხადებს „კვირა+“-სთან საუბრისას მხატვარი ვახო ვარდიაშვილი.
https://www.youtube.com/watch?v=zIbqn35u61Y&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=JR3EULhCjcU&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=0KOmlXSHXt4&feature=youtu.be