“მწერდნენ, ძუძუ გამოგიჩნდა, ეს რა გეცვაო” – რას სთხოვს ნინი ბრეგვაძე “მდიდარ ბიძიებს” და როგორია მისი ცხოვრება “X-ფაქტორის” მიღმა

მომღერალი ნინი ბრეგვაძე “X-ფაქტორის” გამორჩეული კონკურსანტია. ნინიმ პროექტში გამოჩენისთანავე მიიპყრო მსმენელის ყურადღება და გამარჯვების იმედიც აქვს.

– როდესაც ამხელა პროექტში შედიხარ, ბუნებრივია, გამარჯვების იმედიც გაქვს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან მიჭირს. ბოლო ტურზე ემინემის სიმღერა შევასრულე. რადგან პროექტში ემინემის კომპოზიციით მიმიღეს, აღარ მინდოდა ლაივზე ისევ გამერეპა, მაგრამ სოფო ნიჟარაძემ ასე გადაწყვიტა და მგონი გაამართლა კიდეც ამ გადაწყვეტილებამ.
– “X-ფაქტორი” შენთვის პირველი კონკურსი არ არის, რითია ის სხვებისგან გამორჩეული?
– ძალიან მაღალი ხარისხი აქვს, გახმოვანება, შოუ, მომზადების პროცესი, ყველაფერი უმაღლეს დონეზე კეთდება, ეს აუცილებლად გამომადგება მომავალში, როცა საკუთარი ალბომის გამოშვებას დავაპირებ. იმედია, ოდესმე განვითარდება შოუ-ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში. ამ პროექტში ყოველ წელიწადს კარგი ნაკადია და ეს აუცილებლად აისახება შოუ-ბიზნესის განვითარებაზე. შეუძლებელია რამე არ შეიცვალოს, “მდიდარი ბიძიების” დახმარებაც სჭირდება ამ სფეროს განვითარებას, მაგრამ მათ სხვა ინტერესები აქვთ, ალბათ.
– გითხოვია “მდიდარი ბიძიისგან” დახმარება?
– არ მითხოვია, ჯერ არც ვიცი, ვისთან უნდა მივიდე. თუ არის ვინმე, ვისაც უნდა ამ სფეროს განვითარება, იქნებ მეც გადმომხედოს “მდიდარმა ბიძიამ”.
– როგორია შენი ცხოვრება პროექტს მიღმა?
– ზუსტად ისეთი ვარ პროექტს მიღმა, როგორსაც სცენაზე მხედავთ. ვსწავლობ, მაგრამ ვაი, მაგ სწავლას. არ მაინტერესებს. მხოლოდ მუსიკა მინდა გავაკეთო, დავწერო სიმღერები, ვიმღერო და ეს იყოს ჩემი შემოსავალი. არ მინდა პროექტის დამთავრების შემდეგ ხალხს დავავიწყდე. ბანკში ჯდომაზე და ბიზნესზე გული არ მიმიწევს. მომავალი კურსიდან ევროპათმცოდნეობაზე ვაპირებ გადასვლას, მიყვარს ევროპა და ჩვენთვისაც საჭიროა.
– რატომ გიყვარს ევროპა და რატომ თვლი, რომ საჭიროა?
– ევროპაზე მეტად ამერიკა მიყვარს. უფრო თავისუფალი ქვეყანაა. მე არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცევა, რაც ხალხს ახასიათებს. ამერიკაში კი ეს არ ხდება, შეგიძლია შენი ემოციები პირდაპირ გამოხატო. არავინ გეტყვის, რა გაცვია, ამას რას აკეთებ და ა.შ. “პროფილში”

ვიყავი სტუმრად, სადაც მოკლე და ამოღებული კაბა მეცვა, ვფიქრობ, ლამაზად გამოვიყურებოდი, მაგრამ ხალხი ნინი ბრეგვაძის მოკლე კაბამ გააღიზიანა. მწერდნენ, ნინი, ძუძუ გამოგიჩნდა, ნინი, ეს რა გეცვაო. არ ვღიზიანდები, მაგრამ ამაში ჩანს საზოგადოების დონე.

– დაბალი დონის საზოგადოებაა ეს?
– არ მინდა უხეშად გამომივიდეს, უბრალოდ, გული მტკივა. რაც არ უნდა გააკეთო, ბოლოს შესაძლოა, არ დაგიფასდეს. “X-ფაქტორი” ცდილობს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას და ალბათ, მალე იქნება შედეგი. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, აუცილებელი არ არის სცენაზე კოჭებამდე კაბით იმღერო, არტისტისთვის მთავარია სითამამე, შესაძლოა, გრძელიც ჩაიცვას, მოკლეც, იცეკვოს, სექსუალურიც იყოს და ა.შ. ესაა არტისტის ხიბლი. ყველას არ აქვს იმის ვოკალური შესაძლებლობები, რომ მხოლოდ ვოკალით მოხიბლოს მსმენელი.
– შეყვარებული გყავს?
– არა, არც მყოლია, ყოფილა შემთხვევები, როცა მე მომწონდა ბიჭი და მას არ მოვწონდი, ან პირიქით. ისეთი ურთიერთობებიც ყოფილა, რომელიც შეყვარებულობის ეტაპზე არ გადავიდა. პრეტენზიული ადამიანი ვარ, ბიჭი სულში უნდა ჩამწვდეს, რას ვგულისხმობ სულში ჩაწვდომაში, ამის ახსნა არ შემიძლია. ბიჭს ქარიზმა უნდა ჰქონდეს და გიგებდეს.
წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები