მშობლების, ერთი შეხედვით, უწყინარი ფრაზები, რომლებიც ბავშვის ფსიქიკას ანგრევს და ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ

ვთანხმდებით იმაზე, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა, ცემა არასოდეს, არც ერთი მიზეზით არ შეიძლება. თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობა და მორალური ტკივილები ხანდახან არანაკლებ დამაზიანებელია.
ზოგჯერ მშობლები ბავშვებს სრულიად გაუცნობიერებლად ისეთ ფრაზებს ეუბნებიან, რომლებიც მათ ფსიქიკას ანადგურებს და ძალიან დიდ წყენას იწვევს. ფსიქოლოგები ასახელებენ 3 ტიპის ყველაზე გავრცელებულ რეპლიკას, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებს, თავდაჯერებულობის განცდას უქრობს და ურთიერთობებში პრობლემას ქმნის.
“ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს”, “არ დამენახო”, “ნეტავ არ გამეჩინე”
ამ ფრაზით ბავშვი თავს გარიყულად გრძნობს და ფიქრობს, რომ არავის სჭირდება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი ფრაზებით თქვენს შვილთან დანაშაულის დაუძლეველ გრძნობას აყალიბებთ, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. სულ ექნება განცდა, რომ მშობლებისთვის ტვირთს წარმოადგენს და რომ მის გარეშე ისინი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ. ასევე, დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებსაც ხშირად ეუბნებიან ასეთ სიტყვებს, მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და მელანქოლიური განწყობისკენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები მშობელთა ქცევას ზუსტად იმეორებენ და ზრდასრულ ასაკშიც იმავეს აკეთებენ. ამიტომაც, თითოეული რეპლიკისა და შენიშვნის შემთხვევაში, ნამდვილად ღირს დაფიქრება, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან.
“მოიცა, მიგიყვანო სახლში!” “აი, სახლში ნახავ!”
ხშირად მშობლები ასე ემუქრებიან ბავშვებს, როდესაც საზოგადოებაში მათი ქცევა არ მოსწონთ და სურთ, რომ რაღაც გამოასწორონ. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ამ მარტივი ფრაზით, ბავშვისთვის სახლს, რომელიც სიმშვიდის, კომფორტისა და სიყვარულის განცდას უნდა უქმნიდეს, დამსჯელ ადგილად გადააქცევთ და ისიც შეეცდება, რაც შეიძლება მალე დატოვოს მტრული გარემო. თუ ბავშვთან შენიშვნა გაქვთ და მისი ქცევა არ მოგწონთ, მაშინვე გვერდით გაიყვანეთ და დაელაპარაკეთ. ნუ დაემუქრებით და ნუ შეუქმნით განცდას, რომ სახლში მისვლის შემდეგ მის თავს ცუდი რამ მოხდება.
“მერამდენედ უნდა შემარცხვინო?!”
გახსოვდეთ, რომ დემონსტრაციული ქცევა ბავშვებში, განსაკუთრებით კი მოზარდობის ასაკში, ხშირად მშობელთა ყურადღების მიპყრობის მიზნითაა და სურთ, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაამტკიცონ. როდესაც ეუბნებით, რომ ის თქვენ გარცხვენთ, ბავშვს დანაშაულის შეგრძნება უჩნდება და ფიქრობს, რომ მშობლისთვის არასაჭირო ადამიანია. კიდევ ერთხელ, თუკი რაიმე არ მოგწონთ მის ქცევაში, დაელაპარაკეთ, აუხსენით და საჯაროდ არასდროს უყვიროთ, რომ გარცხვენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვში აგრესიას წაახალისებთ და ზრდასრულ ასაკშიც პრობლემის გადაწყვეტას არა დალაპარაკების, არამედ ძალის გამოყენების გზით ცდის.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები