ბრიტანელი კიტ მარტინი, რომელიც 420 კილოგრამს იწონიდა, 44 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. ბრიტანელი თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე მძიმე წონიან ადამიანად ოფიციალურად იყო აღიარებული. მარტინი ოპერაციიდან რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა. მას ქირურგმა კუჭის სამი მეოთხედი ამოაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror–ი ავრცელებს.
პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ქირურგმა, რომელმაც მისი სიკვდილი დაადასტურა, ხელისუფლებას პეტიცია გადასცა, რომელშიც ის სწრაფი კვების ობიექტებისთვის გადასახადების დაწესებას ითხოვდა. ექიმის სიტყვებით, ზედმეტი წონა უმუშევარმა მარტინმა სახლში ჯდომისას ჰამბურგერების, ჩიფსების და მსგავსი მავნე საკვების მიღების გამო დააგროვა.
კიტ მარტინი ყოველდღიურად 20 ათას კალორიას იღებდა, რაც ნორმას დაახლოებით 10–ჯერ აჭარბებს. ბრიტანელი საუზმისას დიდი რაოდენობით ერბო–კვერცხს მიირთმევდა, სადილობდა პიცით, ჩინური სამზარეულოს კერძებით, მწვადებით და ბიგ–მაკებით. ყოველდღიურად სვამდა 6 ჭიქა ყავას და 2 ლიტრ გაზიან სასმელს, ამასთან მუდმივად მიირთმევდა შოკოლადებს და სხვა გემრიელ სასუსნავებს.
„კიტს, ისევე როგორც ბევრ სხვას, გააჩნდა ემოციური პრობლემები, რომლისგანაც შვებას საჭმელში ეძებდა. მოქმედების ასეთ ტიპში არაფერია გასაკვირი, ერთია უჩვეულო, თუ რა სწრაფად და მყარად გახდა ის „ფასტ ფუდზე“ დამოკიდებული“, – განაცხადა ექიმმა კესავა მანურმა.
მარტინს ორი და დარჩა, რომლებიც მას გარდაცვალებამდე უვლიდნენ.