როგორები არიან თანამედროვე პრინცები? – მამაკაცები, რომელთა ძარღვებში სამეფო სისხლი ჩქეფს… მზად არიან თუ არა ისინი ნებისმიერ დროს დაიცვან საკუთარი ქვეყნისა თუ საყვარელი ქალის ღირსება? აქვთ თუ არა რეალურ პრინცებს მსგავსება უფლისწულებთან, რომლებსაც ზღაპრებში აღწერენ? ქართული OK! წარმოგიდგენთ მსოფლიოს პრინცებს, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი პრინცესების ძიებაში არიან.
პრინცი ჰარი
პრინც უილიამს, რომელიც დაოჯახებამდე ტოპადგილს იკავებდა რეიტინგებში „ყველაზე სასურველი პრინცები“, უმცროსი ძმა – პრინცი ჰარი ჩაენაცვლა.
ჰარი სრულიად არ ჰგავს თავის ძმას, რომელიც თავშეკავებულობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ჰარის სახელი ძალიან ბევრ სკანდალთანაა დაკავშირებული.
17 წლის ასაკში, პრინცი მარიხუანას მოწევისას დაიჭირეს, რის გამოც მას ნარკოლოგიურ კლინიკაში მოუწია მკურნალობა. შემდეგ იყო გახმაურებული ფოტოები სტრიპტიზის მოცეკვავეებთან და პრინცის შიშველი ფოტოკადრები.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სკანდალებმა პრინცის ირგვლივ, ხელი არ შეუშალა მას სამხედრო კარიერაში. 2006 წელს, პრინცმა ჰარიმ სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა და ავღანეთში გაიარა სამსახური.
ჰარი დედამისის გზას აგრძელებს და საკუთარ თავს მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობას უძღვნის.
ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი
ასევე სასურველ სასიძოთა სიაში დუბაის 32 წლის პრინცი – ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მოხვდა.
პრინცი არა მარტო 12-მილიარდიანი ქონების მემკვიდრე, არამედ დუბაის აღმასრულებელი საბჭოს, დუბაის სპორტული საბჭოს, დუბაის აუტიზმის ცენტრისა და შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდის სახელობის ახალგაზრდა ბიზნესლიდერების ინსტიტუტის თავმჯდომარეა.
დაწყებითი განათლება პრინცმა დუბაის კერძო სკოლაში მიიღო, უმაღლესი განათლება – დიდ ბრიტანეთში, სადაც, ევროპელი პრინცების მსგავსად, ჯერ სამეფო სამხედრო, შემდეგ კი ლონდონის ეკონომიკის სკოლის აკადემია დაამთავრა.
პრინცი მაკტუმი გატაცებულია ცხენოსნობით და რამდენჯერმე გამარჯვებაც კი მოიპოვა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. პრინცი წერს ლექსებს და საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, საკუთარ პოეზიასაც კითხულობს.
ლორენცე ბორგეზე
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს შავგვრემანი, მაღალი და სიმპათიური, იტალიური ფესვების მქონე პრინცი დასაქორწინებელია. სად არ ეძება მან საცოლე, 2006 წელს რეალითი შოუშიც კი („მარტოხელა“) მიიღო მონაწილეობა, ასევე 2010 წელს ჰოლანდიურ შოუში „პრინცი ეძებს საცოლეს“, თუმცა დღემდე სასურველ სასიძოთა სიაში რჩება.
პრინცი კომპანია Royal Treatment-ის მმართველია, რომელიც ცხოველებისთვის ორგანულ კოსმეტიკას აწარმოებს. ის ასევე ცხოველთა უფლებების დამცველ კომპანია Animal Aid USA-ს მართავს.
ლორენცო ძალიან კეთილია. იგი სამეფო კარის წარმომადგენელია, და ამავდროულად, სიმპათიურია, მდიდარია და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი გახლავთ.
უგო ბაგრატიონი
ყველაზე სასურველი „ცისფერსისხლიანი“ სასიძოების რეიტინგს ქართველი უფლისწული გურამ (უგო) ბაგრატიონი – ქართული სამეფო კარის ყველაზე სიმპათიური სასიძო ასრულებს.
უგო ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს სამშობლოს. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა, მათ შორის იყო უგოს დიდი ბაბუა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი.
ქართველ უფლისწულს უყვარს მუსიკა და ლიტერატურა, ბევრს მოგზაურობს. უგო თავმდაბალი პიროვნებაა, დახვეწილი მანერებით. საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. დამთავრებული აქვს ევროპის ბიზნესსკოლა. სწავლობდა მადრიდსა და ლონდონში. თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან გამოცემებთან და მისი გული ჯერ კიდევ თავისუფალია.
წყარო: http://www.okmagazine.ge