ცნობილი ამერიკელი კომიკოსის, 77 წლის ბილ კოსბის წინააღმდეგ სულ უფრო მეტ ქალს შეაქვს სასამართლოებში საჩივარი. ამ დროისთვის კოსბის უკვე 21 ქალბატონი უჩივის. „სტენდაფ კომედიის“ ვეტერანს 1960–80 –იან წლებში Playboy–ის „ბაჭიების“ და სხვა ქალბატონების გაუპატიურება ბრალდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბოლოს, მისი ერთ–ერთი მომჩივანი ლი ჯეი მასტენი გახდა, რომელიც Playboy–ის კლუბში ოფიციანტად მუშაობდა. ქალბატონი ირწმუნება, რომ კოსბიმ ის სახლში მიიყვანა, დაათრო და გააუპატიურა. მასტენის სიტყვებით, იგივე ბედი Playboy–ის კიდევ სხვა „ბაჭიებმაც“ გაიზიარეს. სამსახურში გოგონას გამოუცხადეს, რომ მას არავინ დაუჯერებდა და ვერაფერს გააწყობდა, რადგან კოსბი Playboy–ის დამაარსებელთან ჰიუ ჰეფნერთან მეგობრობდა. ახლა მასტენი სამართლიანობის აღდგენას და კოსბიზე შურისძიებას გეგმავს.
მასტენის საქციელმა კოსბის სხვა მსხვერპლთა გააქტიურებაც გამოიწვია. მის წინააღმდეგ მსახიობმა ბარბარა ბოუმანმა და მოდელმა ჯენის დიკინსონმა იჩივლეს. დაზარალებულთა შორის 55 წლის ჯუდი ჰუც გახლავთ, რომლის განცხადებით, კოსბიმ ის 15 წლის ასაკში გააუპატიურა.
სანამ სამართალდამცავები კოსბის ბრალეულობას არკვევენ, მსახიობის იმიჯი მნიშვნელოვნად დაკნინდა. მას უკვე გაუუქმეს რამდენიმე კონტრაქტი და სამომავლო პროექტი. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მსახიობის ვარსკვლავზე წარწერა „მოძალადეც“ გაჩნდა. ბილ კოსბი პრემიების „ემი“, „ოქროს გლობუსი“ , „გრემის“ მრავალგზის ლაურეატია. ე.წ. „მშობლის გარეგნობის“ გამო რიგითმა ამერიკელებმა მას „ამერიკელი მამა“ შეარქვეს.
Next Post
სხვა სიახლეები