„მოძრავი გრაფიკით“ მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ძილზე დადებითად მოქმედებს


ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე მკვლევარების მტკიცებით, დამსაქმებლები, რომლებიც დასაქმებულებს სამუშაო გრაფიკის კონტროლის უფლებას აძლევენ, ამით ისინი მათ ძილის დეფიციტთან ბრძოლაში ეხმარებიან.
„ძილის ნაკლებობასთან ერთად, ჩვენ ყურადღება გვეფანტება, ინფორმაციას უფრო ნელა ვამუშავებთ, ხშირად სოციალურ და ემოციურ სიგნალებს არასწორად ვშიფრავთ და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ირღვევა“, – ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ორფო ბაქსტონი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აშშ-ს მოსახლეობის 30 პროცენტი ძილის ნაკლებობას განიცდის. ეს, თავის მხრივ, საავტომობილო ავარიების, ქრონიკული დაავადებების გაჩენის და ნაადრევი სიკვდილის რისკის დონეს ზრდის. აშშ-ში 2020 წლისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური პროგრამა დაიწყება, რომელიც მოსახლეობაში ძილის ნაკლებობას აღადგენს.
ბაქსტონმა და მისმა კოლეგებმა 474 ადამიანის ცხოვრება შეისწავლეს. კვლევის მონაწილეთა ნახევარმა საკუთარი სამუშაო გრაფიკი შეცვალა, მეორე ნახევარმა კი ძველი გრაფიკი შეინარჩუნა. ის ჯგუფი, რომელმაც გრაფიკი შეიცვალა, თავად წყვეტდა, თუ დღის რომელ მონაკვეთებში და სად ემუშავა. ამასთან, ორივე ჯგუფის წევრებს საათების ერთნაირი რაოდენობით უნდა ემუშავათ.
12 თვის შემდეგ გაირკვა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც „მოძრავი გრაფიკით“ მუშაობენ, ღამის განმავლობაში, საშუალოდ, 8 წუთით მეტხანს სძინავთ, ვიდრე იმ ჯგუფის წევრებს, რომლებსაც გრაფიკი არ შეუცვლიათ. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მოძრავი გრაფიკით მომუშავე ადამიანებს კვირაში ერთი საათით უფრო მეტ ხანს სძინავთ, ვიდრე მათ, ვისი გრაფიკიც მოძრავი არ არის.
„თუ ადამიანი უფრო დიდხანს ატარებს მეტ დროს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად, მისი ძილი გაუმჯობესდება“, – მიიჩნევს ბაქსონი.

კომენტარები

სხვა სიახლეები