მსახიობი გიორი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბებიის დასაფლავების შედეგ მომხდარ ისტორიას ყვება.
“წერა არასოდეს მეხერხებოდა, ყოველთვის მერჩივნა, ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა . არც ახლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ, რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში.
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე, რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული. ბოლო ბებია, რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამხელა ამაგი და სიყვარული ჰქონდა ჩემს მიმართ, ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ. სულ სხვა რამ მინდა ვთქვა, თორემ ის, რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია, ეს ყველამ კარგად ვიცით.
4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა. ასე რომ, უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო . ბებო დამარცხდა ბრძოლაში. მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის, რაც უნდა დაგვხვედროდა – სამი შვილი, რომელიც ატირებული იყო, ასევე ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ.
ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს, მთავარი ჭირისუფალი დამავიწყდა, რომლიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო- ეს პაპაჩემი იყო. ადამიანი, რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა. მიუხედავად შვილების, უმრავი შვილიშვილის და შვილთაშვილისა, ის მაინც მარტო დარჩა . ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა: ” მოღალატე ხარ, ასე მარტო როგორ დამტოვე ?! ასე მარტო როგორ დამტოვე?! “- იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა.
ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში – ცუდიც და კარგიც, მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად, ვიდრე მეტკინა. თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა- სიბერეში, როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს, ნეტავ ჩემს გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი, რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის ან პირიქით, მე თუ ვეტყვი მას?
სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო, თუმცა ის ყველაზე ბედნიერია, რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს.
ბოდიში, ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ, თუმცა ერთადერთი, რაც მინდოდა, ის იყო, რომ ასეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის. გაუფრთხილდით ბებიებსა და ბაბუებს”,- წერს გიორგი ვარდოსანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.