„მოსკოვში მე ძალიან წარმატებული და პოპულარული ვიყავი, მაგრამ ძალიან მარტივად და ერთმნიშვნელოვნად მივიღე გადაწყვეტილება, უარი მეთქვა ყველაფერზე“ – ავთანდილ ცქვიტინიძე

ავთანდილ ცქვიტინიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ინერტულ პოზიციას საკუთარი გამოცდილებით გამოეხმაურა.

ავთანდილ ცქვიტინიძე: 2008 წელს, როდესაც ჩვენი ომი დაიწყო, მე ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე რუსეთის მოდის კვირეულთან. მაშინ მე უკვე საუკეთესო ათეულში შევდიოდი და რუსეთის მაღალი მოდის წევრი ვიყავი. შევწყვიტე ჩვენებები, დავემშვიდობე რუსულ ბაზარს და გადმოვინაცვლე უკრაინის ბაზარსა და მოდის კვირეულზე. აქედან გამომდინარე, მრავალი წელი მაკავშირებს უკრაინასთან. დაწყებული მაღაზიებით, გაგრძელებული მეგობრებით, მოდელებით, ორგანიზატორებით და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ ქვეყანას უკავშირდება და მთელი ცხოვრებაა მათთან კონტაქტზე ვარ, ახლა – მით უმეტეს და ვხედავ, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. დიზაინერებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ და უკრაინაში დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად ძვირად ღირებული პროდუქტები სიმბოლურ თანხად გავყიდეთ.

– 2008 წელს, მიუხედავად ყველაფრისა, არ გაგიჭირდათ დიდ პერსპექტივაზე უარის თქმა?

– მოსკოვში მე ძალიან წარმატებული და პოპულარული ვიყავი, მაგრამ ძალიან მარტივად და ერთმნიშვნელოვნად მივიღე გადაწყვეტილება, უარი მეთქვა ყველაფერზე. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გჭირდება, რომ საკუთარ თავთან იყო მართალი. არ არსებობს არანაირი შემოსავალი, რომელიც საკუთარ პრინციპებზე ზემოთ უნდა დააყენო. მე არასდროს ვაკეთებ თანხას იმისგან, რაც სიყვარულით, გულითა და მზრუნველობით არ იქმნება. მე ვარ შემოქმედი ადამიანი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბრენდის სიცოცხლესა და ახალ თაობაზე გადასვლას განაპირობებს, ის გულწრფელობაა, რაც მე და ჩემს ბრენდს გვაქვს ადამიანების მიმართ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულენოვან ადამიანზე არ უნდა გავყიდოთ ჩვენი ნაწარმი, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს ქვეყანა ჩემი მთავარი შემოსავლის წყარო, მარტივი გადასაწყვეტი იყო და მე რუსეთს დავემშვიდობე. მე ასეთი ტიპი ვარ. გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ და მორჩა. ვერ წარმოვიდგენდი, აქეთ რუსული მოდის კვირეულს მოდელებით და გვერდზე ომის კადრებს. საბედნიეროდ, ეს ორი ჩემს ტვინში ერთად ვერ ლაგდება. მე არასდროს ვხდები დამოკიდებული კომფორტის ზონაზე.

– ვისაუბროთ ახალ ეტაპზეც – გადაცემას ვგულისხმობ. მიუხედავად რთული პერიოდისა, ცხოვრებას ვაგრძელებთ…

– რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა გაჩერდე. მოცემულობა არცერთ პერიოდში არ ვარგა. შენთვის სასურველი მოცემულობა თვითონ უნდა შეიქმნა. ჩემი ცხოვრების პრინციპია, არ გავჩერდე და ყოველთვის მქონდეს გამოხატვის საშუალება, იქნება ეს ფერწერით თუ ტანსაცმლის დიზაინით. მე დასაქმებული მყავს ქართველი ხალხი, მაქვს ძალიან დიდი ბრენდი, 25-წლიანი ისტორიით, ვმუშაობ საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და სანამ ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, არ გავჩერდები. ცხოვრების სიყვარულია მთავარი იმისთვის, რომ სულ წინ იარო და სირთულეებმა არ შეგაშინოს. როცა შენი სხეული ან გონება მოდუნებას დაიწყებს და ატყობ, რომ შეჩერებას აპირებს, აუცილებლად უნდა სცადო ახალი, რადიკალურად სხვა ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რომ უცებ სხვა სამყაროში მოხვდე. ჟურნალისტიკა თუ წამყვანობა ჩემთვის დღეს ახალი ემოციაა, საქმე, რომელიც როგორც ამბობენ, ძალიან კარგად გამომდის. მე არ ვაპირებ ამ სფეროში თავის დამკვიდრებას, თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. არასდროს მქონია ამის იდეაფიქსი, ყოველთვის ვიყავი რესპონდენტი და როგორც ამბობენ, კარგი. ახლა მეორე მხარეს ვარ და ეს საკმაოდ საინტერესოა. მაქვს ორი გადაცემა – „სხვა შუადღის“ რუბრიკა ხუთშაბათობით და ვარ ერთ-ერთი წამყვანი „ღამის პრაიმთაიმში“. დროს არაჩვეულებრივად ვანაწილებ, ხელსაც მიწყობენ, ეს იყო მთავარი პირობა. ოღონდ არა სირცხვილის ხარჯზე. მე თავს არ შევირცხვენ და ყოველთვის სათანადოდ ვემზადები. რთულიც არ არის, რადგან „სხვა შუადღეში“ ჩემი რუბრიკა თავიდან ბოლომდე ჩემი თემატიკისგან შედგება და თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. რაც შეეხება მეორე გადაცემას, აქ ძიებაში ვარ. თუ ვიცი, რომ რომელიმე საკითხში მყარი აზრი არ მაქვს, ვისმენ და კარგია, რომ ექვსნი ვართ და საჭირო დროს ყველას აქვს მნიშვნელოვანი კითხვა.

– როგორია შეფასებები?

– მაყურებელი ძალიან დადებითად აფასებს. ჩემი მისამართით რაღაც ძალიან კარგი კომენტარებია. ალბათ, იმიტომ, რომ არანაირ აგრესიას არ ვემსახურები და არც ვასხივებ. ეს არ ზის ჩემში. ჩემი საქციელი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყველას ძალიან გაუკვირდა – დაწყებული ოჯახის წევრებიდან, დამთავრებული მეგობრებით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აღიარო, მაგრამ როდესაც კმაყოფილებას განიცდი, მერე ჩერდები და ერთ ადგილას იყინები. ასე რომ, ხვალ-ზეგ სადმე, ქართულის ცეკვებში თუ მნახოთ, არ გაგიკვირდეთ. სიახლეები კარგია.

ასე რომ, მოეშვით, ადამიანებო, იკაიფეთ ცხოვრებით! შეეცადეთ, იცხოვროთ ერთი დღით! ნებისმიერი გეგმა უკვე აბსურდულია. ქაოსში ვცხოვრობთ. გავიღვიძეთ, კარგი ამინდია თუ ცუდი, სარგებელი მოვუტანეთ ჩვენს თავს თუ, უბრალოდ, არაფერი გავაფუჭეთ, უკვე ძალიან კარგია და საკმარისი იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ.

ადამიანებმა პატარა ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ ცხოვრება დიდი და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ამბავი გამოვიდეს.

იმედია, არავის ვაწუხებ იმით, რომ ამ გადაცემაში ვიღაცას ორ სიტყვას ვეკითხები. თუ ვაწუხებ, არ მოუსმინონ და მარტივად გადართონ. ეს ჩემთვისაც ძალიან მარტივია აღსაქმელად. დღეს არ არის დრო, როცა საზოგადოება უნდა გმართავდეს. მათთვის ასი პროცენტით მოსაწონი ადამიანი არ არსებობს, ამიტომ შენ შენს ცხოვრებას უნდა მიხედო და ის საქმე აკეთო, რომლის სარგებელი საზოგადოებასაც გადაეცემა. ის მიიღებს თუ არა, ეს შენი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ შენ ცუდს არ აკეთებ.

მე საკუთარი თავის მართვა ძალიან დიდი ხნის წინ ვისწავლე, იმიტომაც ვარ დღეს დალაგებული ნერვების ადამიანი. არასდროს არ ვერევი სხვის ცხოვრებაში, სხვას არასდროს გავკიცხავ – ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია. მე ამაში დროს ვერ დავხარჯავ. შესაბამისად, როცა სხვები ხარჯავენ დროს ჩემს განსჯაში, არც ეს მაინტერესებს. იმიტომ, რომ მე არ გავცემ სალანძღავ ენერგეტიკას და თუ ვინმე ჩემი არსებობით წუხდება, ეს ნამდვილად არ არის ჩემი პრობლემა (იცინის).

წყარო: https://tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები