ტაილანდის მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი და სუტჰიდა ტიჯაი
1 მაისს ტაილანდის მეფემ თავისი დაცვის სამსახურის უფროსზე იქორწინა და ის დედოფლად გამოაცხადა. მონარქმა მაჰა ვაჩირალონგკორნმა გენერალ სუტჰიდა ტიჯაიზე დაქორწინების შესახებ ინფორაცია ქორწილის დღესვე გაავრცელა.
2014 წელს ტაილანდის მეფემ Thai-ის ეროვნული ავიაკომპანიის ყოფილი ბორტგამცილებელი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლად დანიშნა. ორ წელიწადში მეფემ ქალს გენერლის წოდება მისცა, ახლახან კი – დედოფალის სტატუსიც.
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V და სონია ჰარალდსენი
საერთო მეგობრების წვეულებაზე ნორვეგიის მომავალმა მეფემ ჰარალდ V-მ, 21 წლის სონია ჰარალდსენი გაიცნო. სონია ცნობილი ბიზნესმენის შვილია, რომელიც სახვით ხელოვნებას სწავლობდა. ნორვეგიის სამეფო ოჯახმა მემკვიდრე პრინცის არჩევანი არ მიიღო. 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჰარალდი ტახტზე უარის თქმით დაიმუქრა და მას შემდეგ მათი ქორწინება სამეფო კარმა მიიღო. მათი ქორწილი 1968 წლის 29 აგვისტოს გაიმართა.
ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰოკონი და მატტე-მარიტ ტესემ ჰიობი
ჰარალდ V-ს შვილმა ჰოკონმა თითქმის იმავე გზა გაიარა სიყვარულის გამო. მომავალმა მეფემ დედოფლად მატტე-მარიტ ტესემ ჰიობი აირჩია, რომელიც არამხოლოდ წარმომავლობის გამო იყო შორს სამეფო კარისგან, არამედ სამეფო ოჯახის წევრისთვის ცუდი ბიოგრაფია ჰქონდა. როდესაც პრინცმა მომავალი მეუღლე გაიცნო, მატტე-მარიტი ოფიციანტად მუშაობდა და ბინას ქირაობდა, რომელშიც შვილთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო მისი პარტნიორი ნარკოტიკების გავრცელების გამო იძებნებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომავალი დედოფალიც იღებდა ნარკოტიკებს.
პრინცის რჩეული არამხოლოდ სამეფო ოჯახმა, არამედ მთელმა ქვეყანამ არ მიიღო. წყვილი 2001 წელს დაქორწინდა. ცოლ-ქმარი ამჟამად 3 შვილს ზრდის, რომელთაგან ორი საერთოა.
შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და სილვია ზომერლატი
1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების დროს, მაშინ ჯერ კიდევ პრინცმა კარლ გუსტავმა სილვია ზომერლატი გაიცნო, რომელიც თამაშების ორგანიზაციაში მუშაობდა. ბრაზილიურ-გერმანული ფესვების მქონე ქალი შვედებს უცებ არ მოეწონათ, მაგრამ მოგვიანებით თავისი კეთილშობილების გამო ხალხის სიყვარული მოიპოვა.
დღეს მასზე ლაპარაკობენ, როგორც პირველ შვედ დედოფალზე, რომელიც კარიერულად შედგა და სამეფო ოჯახი უფრო თანამედროვე გახადა.
იაპონიის პრინცესა ნორი და იოშიკი კუროდა
იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს ტახტიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციამ მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ იმპერატორის ერთადერთმა ქალიშვილმა, პრინცესა ნორიმ, მონარქის კარის ცხოვრებაზე უფრო ადრე თქვა უარი, რათა ცოლად გაჰყოლოდა დიზაინერ იოშიკი კუროდას. ქორწინების შემდეგ პრინცესა ქმრის გვარზე გადავიდა.
პრინცესა ევგენია და ჯეკ ბუკსბანკი
დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილი 2018 წლის ოქტომბერში გათხოვდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ჯეკ ბრუკსბანკი გახდა. წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს, სათხილამურო კურორტზე გაიცნო. მოგვიანებით ჯეკმა ინტერვიუში თქვა, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო.
შარშან დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარის და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო მსოფლიოში. ამჟამად წყვილი პირველ შვილს ელოდება და მათ მიმართ მედიისა და საზოგადოების ინტერესი არ ქრება.
წყარო:https://imedinews.ge