მონაკოს ტახტის მემკვიდრის პიერ კაზირაგის და იტალიის უძველესი არისტოკრატიული კლანის წარმომადგენლის ბეატრის ბორომეოს შეუღლებას უკვე უწოდეს „წლის ქორწილი“. გაიმართა ორი ცერემონია – მონაკოს ერთ-ერთ სასახლეში და იტალიის კუნძულ იზოლინო დი სან ჯოვანიზე. აქ მთელი მსოფლიოს სამეფო და არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მონაკოში, გრიმალდის სასახლეში გამართულ ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. კუნძულ იზოლინოზე, შუა საუკუნეების სასახლეში კი შეყვარებულებმა ფიცი დადეს. აქ ტრადიციულად ბორომეოს გვარის წარმომადგენლების ქორწილები ტარდება.
სპეციალურად ამ ცერემონიისთვის მოდელიერმა ჯორჯიო არმანიმ პატარძლისთვის ორი კაბა შექმნა. ერთი იყო ტრადიციული საქორწინო თეთრი კაბა გრძელი ფატით და მეორე – ბერძნული სტილის ელეგანტური კაბა, რომელშიც პატარძალმა წვეულების არაოფიციალური ნაწილი გაატარა.