სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, – ეს პოპულარული გამონათქვამი, მისი ყველაზე პირდაპირი და სასტიკი მნიშვნელობით ეკა ყუშიტშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა.
ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკურ ცენტრს ტუჩის ასიმეტრიის პრობლემის მოსაგვარებლად მიაკითხა. ექიმებმა ფილერის ინექციის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა.
“22 წლის ვიყავი, გამოუცდელი, თურმე მომატყუეს და ფილერის მაგივრად ბიოპოლიმერი შემიყვანეს ტუჩში. სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ტუჩის ერთი მხარე დიდი იყო, მეორე კი – პატარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მივედი და ისევ დამიმატეს. მეუბნებოდნენ, რომ ფილერს მიკეთებდნენ. ბიოპოლიმერი ეს არის ე.წ. სილიკონი, რომელიც როგორც კი ორგანიზმთან შედის რეაქციაში, მაშინვე ქვავდება და მისი ამოკვეთის გარდა სხვა გზა არ არის. თანდათან მაწუხებდა, სახე მიშუპდებოდა და ტუჩის ფორმაც კიდევ უფრო უარესი გამიხდა. გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვნა”.
გამოსავლის ძიებაში ეკა ყუშიტაშვილი კიდევ ერთი თაღლითობის მსხვერპლი გახდა ესთეტიკის კიდევ ერთ ცენტრში.
“თვეში ვიხდიდი 800 ლარს, ვითომ რაღაც პროცედურებს მიკეთებდნენ. იცოდნენ, რომ ბიოპოლიმერის გაწოვა არ ხდება და უტიფრად მატყუებდნენ. სარგებლობდნენ ჩემი გაუცნობიერებლობით ამ კონკრეტულ საკითხში. ამ პროცედურების შემდეგ კიდევ უფრო შემიშუპდა სახე. ექოსკოპია რომ გავიკეთე, კისტა აღმომაჩნდა. სულ უფრო მირთულდებოდა მდგომარეობა. ფაქტობრივად, ტუჩის ქვეშ ახალი ტუჩი ამომდიოდა. საუბრის დროს მეკბინებოდა ხოლმე ტუჩზე და სისხლი მომდიოდა. საშინელი დღეები გადავიტანე. ფიზიკურ ტკივილებთან ერთად ემოციურად კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყველაფერი”, – გვიყვება ეკა ყუშიტაშვილი.
ა.წ. 21 მაისს, ეკამ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით, მსგავსი ქირურგიული ჩარევა საქართველოში პირველად ჩატარდა.
“ჩამიტარდა ზედა და ქვედა ტუჩის პლასტიკა, 5 – საათიანი ნარკოზით. ოპერაცია სანდრო კუტუბიძესთან გავიკეთე. აქამდე ყველა ერიდებოდა ამ ოპერაციას, რადგან ქირურგიული კვეთის დროს ერთი ნერვიც რომ დაზიანდეს, ადამიანს შეიძლება სახე გაუშეშდეს და მიმიკების გარეშე მოუწიოს ცხოვრება. ორივე ტუჩიდან ამომიღეს ბიოპოლიმერი, საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაარა, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი იყო ურთულესი. 2 კვირა ვერ ვლაპარაკობდი, ვერც ვჭამდი. ბოლო სამი დღეა, რაც დავიწყე ლაპარაკი და მსუბუქი საკვების მიღება. უამრავი ნაკერი მაქვს პირის ღრუში. კიდევ 2 კვირა მჭირდება, რომ ჭრილობა შეხორცდეს. იმ ყველაფრის გამო რაც გამოვიარე, აწი არასოდეს გავიკეთებ მსგავს რამეს. არც ფილერს, რადგან მასაც აქვს ბევრი რისკი და ნეგატიური მხარე, როგორც ექიმებმა მითხრეს”, – ამბობს ეკა ყუშიტაშვილი.
წყარო: ambebi.ge