მომავალ მამას შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ინფექციის მატარებელია, რომელიც საფრთხეს უქმნის ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას – რა დაავადებები გადაეცემა მამის ხაზით
მემკვიდრული თვისებები ყველა ადამიანს მშობლებისგან გადაეცემა. ამაზეა დამოკიდებული არამარტო გარეგნული ნიშნები, არამედ ხასიათიც და ჯანმრთელობაც კი. ყოველი ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული გენების პარალელურად თავის გენომში სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის. ამ მუტაციების უმეტესი ნაწილი საერთოდ არ ვლინდება, მაგრამ ზოგიერთი მუტაცია, არახელსაყრელ გარემოებასთან თანხვედრის შემთხვევაში, შეიძლება ბავშვში დაავადების სახით გამოვლინდეს.
ამჯერად მიმოვიხილავთ იმ დაავადებებს, რომლებიც შვილებს მამებისგან გადაეცემათ.
სპეციალისტები დიდი ხანია მოუწოდებენ წყვილებს, რომ ბავშვის დაგეგმვისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადონ. მაგალითად ჩაიტარონ კვლევები და დარწმუნდნენ, რომ მათი სხეულები მზადაა ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვისა და განვითარებისთვის.
ეს ეხება როგორც დედებს, ასევე მამებს.
პირველ რიგში, მომავალი დედაც და მამაც, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე უნდა შემოწმდეს. მითუმეტეს, რომ მამაკაცებში ეს დავაადებები ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მომავალ მამას შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ინფექციის მატარებელია, რომელიც საფრთხეს უქმნის ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას.
ანალიზები, რომლებიც მამაკაცებმა ბავშვის დაგეგმვამდე უნდა ჩაიტარონ:
ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე
სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი
შარდის ანალიზი
სპერმოგრამა
აივ-შიდსი, ცე ჰეპატიტი
გულის დაავადებები
გენეტიკოსთა დასკვნით, გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა ბავშვებს დიდწილად მამისგან გადაეცემათ. იგივე შეიძლება ითქვას ქოლესტერინის მარალ დონეზეც.
თუ მომავალი მამისთვის ცნობილია ასეთი გენეტიკური პრობლემის შესახებ, მან თავის ცხოვრების წესს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. კვებასა ფიზიკურ აქტივობაზე კონტროლით ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია. ცხოვრების ჯანსაღი წესის მქონე
მამა ერთგვარ ფუნდამეტს უქმნის მომავალი შვილის ჯანმრთელობას.
მამიკოს კბილები
ორთოდონტიული პრობლემები ხშირად სწორედ მამისგან გადაეცემათ. ამ შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ თავიდანვე მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვის თანკბილვას და თუ პრობლემამ თავი იჩინა, დროულად ჩარიონ სპეციალისტი.
სიმელოტე
სიმელოტის გენიც არსებობს, რომელიც მხოლოდ მამის ხაზით გადაეცემა ვაჟს. გამელოტება მემკვიდრული ხასიათისაა. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანდროგენებისადმი მგრძნობელობას, განსაკუთრებით, სქესობრივი მომწიფების წლებში.
მამაკაცთა უნაყოფობა
როცა ხელოვნური განაყოფიერება ხდება მამაკაცის დაქვეითებული ჩასახვის უნარის გამო, ამ განაყოფიერებით გაჩენილ ვაჟსაც აქვს რისკი, რომ მომავალში ჩასახვის პრობლემები ექნება. ეს დასკვნა ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ მოზრდილებზე ჩატარებული გამოკვლევით გაკეთდა. სამწუხაროდ, სპერმის დაქვეითებული ხარისხიც მემკვიდრეობითია.
***
მამის ხაზით 50-მდე გენეტიკური დაავადების გადაცემაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა შეუთავსებელია სრულფასოვან და დღეგრძელ ცხოვრებასთან, თუმცა ამ დაავადებების გამოვლენის რისკი ძალიან მცირეა და 3-5 პროცენტს არ აღემატება.
მეცნიერებას გენეტიკური კოდის გამოსწორება არ შეუძლია, თუმცა შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლა, დროული დიაგნოსტიკა და პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრა.
წყარო: https://www.mshoblebi.ge