“მოგიყვებით ჩემს ამბავს, თუ როგორ მიფათურეს ჟურნალისტებმა სულში ხელები”, – სასულიერი პირის და, რომელმაც covid19 დამარცხა
ექთანი ნანა პაპავა, რომელმაც covid19 დამარცხა, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვირუსისა და ოჯახის შესახებ წერს. როგორც პაპავა ამბობს, მას უსიმპტომოდ დაეწყო ვირუსი და მისგან ის თანამშრომლებს, დედამთილსა და შვილს გადაედო.
“გამარჯობა, მე კოვიდინფიცირებული ვარ. დიახ, მე ნამდვილად ვარსებობ…
გადავწყვიტე, ხმამაღლა ვისაუბრო საზოგადოების წინაშე, არსებობს მითი, რომ კოვიდი არ არსებობს. მინდა, იმედი გაგიცრუოთ, კოვიდ-19 ნამდვილად არსებობს და ის ჩვენ შორისაა, ჩვენთან ძალიან ახლოს…
თავიდან მოგიყვებით ჩემს ამბავს, თუ რამხელა სტრესი მივიღე ამ ვირუსით, როგორ აფათურეს ჟურნალისტებმა ჩემს სულში ხელები მხოლოდ იმიტომ, რომ სასულიერო პირის და ვარ, რომელსაც დაუდგინდა კოვიდ19. სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი პაციენტი, ხალხო – პაციენტი, რომლის უფლებები არ იქნა დაცული, სახელი-გვარი, ფოტოები, ყველაფერი გამოფინეს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი იდენტიფიცირება!!! როცა სხვა ყველა პაციენტის უფლებები დაცულია, იმ ხუთ დღეს, როდესაც სუნთქვა არ შემეძლო, მქონდა ქოშინი, ორმხრივი პნევმონია, ისინი თავს არ მანებებნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ექსკლუზივი მოეპოვებინათ!
რომ არა ჩემ მიერ დასნებოვნებული ჩემივე თანამშრომლები, რომლებიც აქეთ მამხნევებენ ბოლო წუთამდე, არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი. კლინიკაში ჩემი გადმოსვლის დღიდან ყოველდღე მატულობდა მათი რაოდენობა, ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი… თითოეული ადამიანი მტკიოდა…
ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი. ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან… ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი, ჯერ მისი ხასიათი არ ვიცით კარგად, არც ის, რას დაგვიტოვებს მომავალში. ერთადერთი, რაც შემიძლია, მასზე ვთქვა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი , რომელშიც არ უნდა დანებდე, ძალიან რთულია, კლინიკაში გაატარო 30 დღე, გკლავდეს შვილების მონატრება, დარდი კოლეგებზე.
უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში, სადაც ვმუშაობ ექთნად. სამი დღის მანძილზე ჩემგან გადაედო ჩემს 6 თანამშრომელს, ასევე, სახლში ჩემს 2 წლის შვილსა და დედამთილს. ჩემს პატარა ბიჭთან ერთად აღმოვჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ძალიან გამბედავი, გულისხმიერი და მშრომელი პერსონალი ზრუნავდა ჩვენს კეთილდღეობაზე.
მქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, 37.5 ტემპერატურა. არ შემეძლო ბავშვის ხელში აყვანა, მეწყებოდა ტაქიკარდია და საშინელი ქოშინი. ეს ყველაფერი მკურნალობის ფონზე ალაგდა მეხუთე დღეს, რაც შეეხება პატარას – კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ვირუსი. მეთხუტმეტე დღეს მოუვიდა ნეგატიური პასუხი, 24 სთ-ში გაუკეთდა მეორე პსრ ტესტი, ისევ უარყოფითი! ჩემმა პატარამ დაამარცხა კოვიდი ყველანაირი მკურნალობის გარეშე!
ჩემი PCR ანალიზი გაკეთებულ იქნა კლინიკაში შემოსვლიდან მეთხუტმეტე დღეს, პასუხი იყო დადებითი. მიუხედავად იმისა რომ კლინიკირად არანაირი სიმპტომი არ მქონდა, ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში. ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია. 4 დღის შემდეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გამიკეთეს PCR ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა, ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ მეწყება ტაქიკარდია, ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი სხეული მიკანკალებს, მენატრება ჩემი ოჯახი, შვილები…
მაგრამ ამასობაში კარგი რაც არის, ჩემი ხუთი “თანაკოვიდელი “ წავიდა სახლში, მათ ეს შეძლეს!
დღე 27 – მომენტი, როდესაც ბოლო ძალებს იკრებ, რომ კარგად იყო, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დაბრუნდი. მაქვს ტაქიქარდია, ჰაერი არ მყოფნის, ისევ ტემპერატურა – 37.4 . კვლევის შემდეგ, გამოირიცხა პნევმონია, სითხე პლევრაში. სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია. მქონდა სტრესული მდგომარეობა, თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი, სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია.
დღე 30 – გათენდა. დღეს მზიანი ამინდია, ვეპოტინები ამ ამინდს, დღეს აუცილებლად გამახარებს, დილის 11 საათიდან თავი მტკივა საშინლად, სულ საათს ვუყურებ, ხან ფილმი ჩავრთე, ხან წამოვწექი, იქნებ – ჩამეძინოს და მალე მოვიდეს 18:00. არაფერი გამომდის, ემოციას ვერ ვაკონტროლებ. 19:01-ზე მოვიდა სმს, რომ მე გავიმარჯვე!
მოუთმენლად ველოდები ზუკასა და ანდრიასთან შეხვედრას! არ ვიცი, რა როგორ ჩამოვაყალიბე აქ, ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ მინდოდა, დამეწერა ეს ყველაფერი.
ამ ვრცელი პოსტის მიზანი არის, პირველ ყოვლისა, ჩემი მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირველივე დღიდან გვერდით მედგა. მადლობა კლინიკა “თიმის” ხელმძღვანლებს, კოლეგებს, ოჯახს, მეგობრებს, თქვენ მე გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად!
მადლობა ბოჭორიშვილის მედპერსონალს, ჩემს ექიმ ინფექციონისტ ხატია ხატიაშვილს, რომელიც, გარდა თავისი პროფესიონალიზმისა, არის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი ადამიანი – ადამიანი, რომლის დანახვა მიხაროდა ყოველდღე.
მინდა, გავამხნევო ის ადამიანები, ვინც ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით – თქვენ ამას შეძლებთ იმიტომ, რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო, მე შევძელი, აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი, ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი. ვფიქრობ, რომ მე და ანდრიამ ბევრის შიში დავამარცხეთ. ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა დანებდე.
აუცილებლად ხმამაღლა ვისაუბრებთ ამაზე! მხოლოდ პოზიტივითა და დადებითი ენერგიით აგავსებთ”, – წერს ნანა პაპავა, რომელმაც, ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, ვირუსი დაამარცხა და ახლა ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადის.