მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა – ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მერე ჭკუა ვერ ვისწავლე…”

ორი კვირის წინ ”რეიტინგში” დაიბეჭდა მასალა, სადაც ვრცლად მოგიყევით სხვადასხვა პროექტში ბინამოგებული ვარსკვლავების შესახებ, რომელთაგან ზოგმა მოგებული ბინა საერთოდ ვერ მიიღო, მაგალითად, მაცაცო თოხაძემ, დიტო ლაგვილავას კი მისცეს ბინა, რომლის ხედიც სასაფლაოზე გადიოდა, რუსკა მაყაშვილის ბინის პრობლემებზე მისი დედა თამარ მაყაშვილი გვესაუბრა. ჩვენ მიერ გამოკითხულ ცნობილ სახეთაგან მხოლოდ ნინო ძოწენიძე დარჩა კმაყოფილი პრიზით. სურვილის მიუხედავად, ვერ შევძელით ჩაგვეწერა სამორი ბალდე, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ასევე პრობლემა შეექმნა ”ცეკვებში” მოგებულ სახლთან დაკავშირებით. ზემოხსენებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ ანონიმური წერილი, სადაც სწორედ სამორის პრობლემებზე იყო ლაპარაკი.

”მოტყუებულ და შეურაცხყოფილ გამარჯვებულთა სიას სამორი ბალდეც ემატება, მე მისი უახლოესი მეგობარი ვარ. ერთი ჰკითხეთ, ორი კონკურსი მოიგო და რა მისცეს? ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მოიგო ბინა ბათუმში და გადასცეს 27 კვ. მეტრი შავი კარკასი. კოსპუსში არ ფუნქციონირებს კანალიზაცია და არც წყალია მიერთებული. მეორე კონკურს ”ადრენალინშიც” გაიმარჯვა და თუ გახსოვთ, საკმაოდ სახიფათო ტრიუკების შესრულების შემდეგ 30 000 ლარი მოიგო, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაუციათ. როგორც ჩანს, მიცემაც არ უნდათ, იმიზეზებენ, გავკოტრდითო. აი, ეს არის მაგათი კონკურსების რეალობა…”
სამორი ბალდე ამ თემაზე ექსკლუზიურად გვესაუბრა.

– მართალია ეს ყველაფერი. ბინა წელიწად-ნახევრის შემდეგ გადავიფორმე და ისიც მე რომ არ ჩავრეულიყავი, დღემდე ასე იქნებოდა. ასევე ძალიან დამეხმარა ტელეკომპანია ”იმედი” და როგორც იქნა, ფართი გადამიფორმეს. ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მსვლელობისას არ იყო დაკონკრეტებული, რამდენი კვადრატული მეტრი იქნებოდა ბინა, ჭკვიანურად იყო მათთვის გაკეთებული, ვისაც ამ ბინის მოცემა არ უნდოდა. მე პატიოსნად ველოდებოდი და როდესაც მივხვდი, რომ არავის ვახსოვდი, შემდეგ მოვიკითხე.

– კონტრაქტში ბინის შესახებ რა ეწერა?
– კონტრაქტი მაშინ გავაფორმე, როდესაც პროექტი დაიწყო. უამრავი მონაწილე იყო, მაშინ არც მიფიქრია გამარჯვებაზე და ყურადღებაც არ მივაქციე. ახლა უფრო ფრთხილად ვიქნები. თვალი ზედაპირულად გადავავლე და არც მახსოვს, რა ეწერა, დღესაც არ მაქვს ის კონტრაქტი. საქმე ისაა, რომ ”იმედის” ხელმძღვანელობაც შეიცვალა და პროექტის ავტორებიც. თან მაშინ ”პირველი არხის” რადიოში ვმუშაობდი. როდესაც ბინა მოვიკითხე, უკვე ”იმედის დილაში” ვიყავი. იქაურ იურისტს ვესაუბრე და ძალიან დამეხმარა ახალი ხელმძღვანელობა.

– რაც შეეხება ფართს, მართლა 27 კვ. მეტრი მოგცეს?
– დიახ, თუ არ ვცდები, თავიდან ეს ბინა ”ცენტრ პოინტს” ეკუთვნოდა, როდესაც პროექტში პრიზად დააწესეს, და შემდეგ უკვე ”დექსუსს”. მარტო მე კი არა, სხვა ადამიანებსაც აქვთ პრობლემები, რომელთაც ბინა ამ კომპანიის აშენებულ სახლებში მოიგეს. მე ფართი მაინც მაქვს და ზოგს ჰაერი მიჰყიდეს.

– მართლა არ არის ბინაში კანალიზაცია და წყალი?
– დიახ, არ არის. ეს კორპუსი საკმაოდ ძველია, ათ წელიწადზე მეტია, რაც იქ დგას. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს დაიწყო მისი მშენებლობა, ფართი კი გამიფორმდა, მაგრამ პროექტი არ არის ჩაბარებული და იქ რემონტის გაკეთება არ შემიძლია. მხოლოდ სამშენებლო ლიფტები მუშაობს, ხარაჩოები დგას, დერეფანში სინათლე არ არის. ყველა კორპუსს აქვს მშენებლობის დროს ექსპლუატაციაში შეყვანის პერიოდი და არ შეიძლება, 15 წლის განმავლობაში შენდებოდეს, თან ისეთ ტენიან კლიმატში, როგორიც ბათუმშია. კოროზია, ეროზია ხდება და სახლი ფუჭდება. ერთ-ერთმა მშენებელმა მეგობრულად მითხრა, თანხაც რომ გქონდეს, არ გირჩევ აქ რემონტის გაკეთებასო.

– რაც შეეხება გადაცემა ”ადრენალინში” მოგებულ ფულად პრიზს…
– მალე ერთი წელი შესრულდება და ფული არ ამიღია. 30 000 ლარი მოვიგე და აქედან 26 ათასი მეკუთვნის, რადგან საშემოსავლოც იქვითება. დღემდე იმას ვარკვევ, ვისი დაწესებული იყო ეს პრიზი. ისევ ”იმედი” მეხმარება, რომ ეს ფული ავიღო. არ ვიცი, მპირდებიან და შესაძლოა, ამ დღეებში მომცენ. ახლა ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც პრიზი დააწესა, გაკოტრდა. ერთი წელი გავიდა და თანხა არ მომცეს. თან, ლარის კურსიც შეიცვალა მას მერე, დოლარში მაქვს ხარჯი და საკმაოდ დიდი თანხა დავკარგე. რომც ავიღო ის ფული, ბევრად ნაკლები გამოდის. კარგი ადამიანების ჩარევის გარეშე საქართველოში მოგებული პრიზების მიღება ძალიან ჭირს.

– არ გწყდება ამის გამო გული? ყველა პროექტში ძალიან დიდი ენერგია ჩადე.
– ალბათ, არ მიმართლებს, მაგრამ არა უშავს. მე არავისთვის არაფერი მითხოვია, თავიდანვე რომ ეთქვათ, ”ცე-კვავენ ვარსკვლავებში” მეცეკვა და ბოლოს ველოსიპედს მაჩუქებდნენ, მაინც მივიღებდი მონაწილეობას. ბინის გამო არ ვმონაწილეობდი, ძალიან დიდი რისკი იყო, ერთხელ კინაღამ დავტოვე პროექტი. ”ადრენალინშიც” საინტერესო დავალებები იყო და სიამოვნებით ვმონაწილეობდი, მაგრამ როდესაც იმარჯვებ, რატომ არ უნდა მიიღო ის, რასაც გპირდებიან. ვიცი, რომ დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი პრობლემა.

– ახლა ”იმედში” თავს როგორ გრძნობ?
– კარგად, ”იმედის დილის” ერთ-ერთი წამყვანი ვარ და ჩვეულებრივ მიდის ყველაფერი. უბრალოდ, ”ცეკვავენ ვარსკვლავების” შემთხვევაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და თავიდან გახდა კონტრაქტები მოსაძებნი და ამოსაღები. არ ვიცი, რატომღაც მინდა მჯეროდეს ადამიანების პატიოსნების, პროექტის დამთავრებიდან მეორე დღეს არ დამირეკავს და ბინა არ მომიკითხავს.

– პროექტის მაშინდელ პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან არ გიცდია პრობლემაზე საუბარი?
– მთავარი პასუხისმგებელი სპონსორი იყო, ნოე მე ბინას ვერ მიყიდდა და ვერც ”იმედის” ხელმძღვანელობა მაჩუქებს 30 000 ლარს. პროდიუსერიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ვიღაცები შეაწუხოს, მაგრამ მთელ პასუხისმგებლობას ერთ ადამიანს ვერ დააკისრებ. მე ასე თუ ისე ვაგვარებ, მაგრამ არ მინდა, იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვებენ, იგივე ბედი ეწიოთ.

– როგორც ვხვდები, მთავარი პრობლემა მაინც კონტრაქტის წაუკითხაობაა.
– როდესაც მუშაობას ვიწყებ ან კონკრეტულ საქმეს ვკიდებ ხელს, კონტრაქტს ვკითხულობ, მაგრამ როდესაც შოუში მონაწილეობ, სადაც შენ გარდა კიდევ სამოცი ადამიანია, იმდენად არ ინტერესდები, შეიძლება, პირველივე ტურში გავარდე. ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მერე ჭკუა ვერ ვისწავლე და ისევ იგივე დამემართა.

– ახლა სად ცხოვრობ მეუღლესთან ერთად?
– ჩემი მშობლების ბინაში, სადაც გავიზარდე. მოგებული ბინა ჯერ დაკონსერვებულია და ოდესმე თუ გამოსწორდა სიტუაცია და საშუალება მექნება, მივხედავ, უგაზო, უდენო, უკანალიზაციო ბინაში რემონტის გაკეთება უაზრობაა. პროექტი თუ ჩაბარებული არ არის, რა აზრი აქვს?!.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები