“მოარიდეთ ბავშვები ერთმანეთთან ჯგუფურად თამაშს!” – ქართველი პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

სამედიცინო ცენტრ ”მზიური მედის” ექიმ-პედიატრმა, თემურ მიქელაძემ “დღის კურიერის” ეთერში ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მშობლებს სხვადასხვა რჩევა მისცა:

„თუ აქამდე მომართვიანობა იყო 5 წლამდე ასაკის ბავშვების, შემდეგ კი, როდესაც ბაღები და სკოლები გავხსენით, მომართვიანობა იყო სკოლის ასაკში, ახლა მომართვიანობა გაზრდილია 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკის თინეიჯერები აწყობენ შეკრებებს, ფართებს, დაბადების დღეებს იხდიან, ზოგ შემთხვევაში ქირაობენ სახლებს და ა.შ. მე მინდა, მათ ვთხოვო, განსაკუთრებით – წინასაახალწლო პერიოდში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი აქტივობებისაგან.

რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ – გარკვეული დროით. მე ორიოდე დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა რაღაც საქმესთან დაკავშირებით და იყო, პრაქტიკულად, ყველა ასაკის ბავშვი, სხვადასხვა აქტივობაში იყვნენ ჩართულები, იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ პოპკორნს და ა.შ. თუ ასეთი აქტივობებით გავიყვანთ ბავშვებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. მესმის, რომ ონლაინ გაკვეთილები, ეკრანდამოკიდებულება დიდი სტრესია როგორც ბავშვისთვის, ისე – მშობლისთვის, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიყვანოთ ბავშვები ეზოსა და რეკრეაციულ სივრცეში, მაგრამ უნდა მოვარიდოთ ერთმანეთს და არა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად ითამაშონ. მე ვვარაუდობ, რომ ყველაფერი ივნისის თვიდან უკვე უნდა გაუმჯობესდეს”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები