ქალმა, რომელმაც ქმარი მოკლა თავის თვგდასავალს ჰყვება და იმ ქალებს, რომლებსაც ქმრებთან კონფლიქტი აქვთ რჩევას აძლევს.
„მე და თენგოს ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა, მოგვიანებით ოჯახიც შევქმენით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ცხოვრება სულ აგვერ-დაგვერია. რაც ყველაზე საშინელება იყო, ეჭვიანობა დაიწყო. ყველაზე ეჭვიანობდა, ჩემს ძმაზეც კი. ამის გამო დაიწყო ჩვენი კონფლიქტები, რომელიც იქამდე მივიდა, რომ სასიკვდილოდ მცემდა. რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, ამდენის ატანა აღარ შემეძლო. ერთხელ სახლიდანაც წამოვედი, მაგრამ მომაკითხა ჩემებთან და შერიგება მთხოვა. დამპირდა, რომ აღარ დალევდა, მეც ისევ შევურიგდი, ნეტავ არ შევიგებულიყავი, ისიც ცოცხალი იქნებოდა და მეც მკვლელად არ ვიქცეოდი. იმ დღეს მისი მეგობარი იყო ჩვენთან სტუმრად. სუფრა გავუშალე, არაყს სვამდნენ. რომ დაითვრა, ჯერ მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, იჩხუბეს, აგინეს ერთმანეთს. მალე მისი მეგობარი წავიდა, სახლში ჩვენ ორნი დავრჩით. მაგიდას ვალაგებდი სამზარეულოში, ამ დროს უცებ ისევ გინებით წამოხტა და ჩემს საცემრად წამოვიდა. ძლიერად დამარტყა, წავიქეცი, მერე არაფერი მახსოვს. გონზე რომ მოვედი, დავინახე თავზე მედგა და გინებას აგრძელებდა. ძლივს წამოვდექი. ცოტა ხანს მომეშვა და სამზარეულოდან გავიდა. მე იქვე დავრჩი, ისევ იქურობის მილაგება გავაგრძელე, ხელში პურის საჭრელი დანა მეჭირა, რაღაცას ვჭრიდი. ამ დროს ის ისევ შემოვიდა ოთახში და ისევ ჩემს საცემრად გამოიწია, შეშინებულმა ინსტიქტურად მოვიქნიე დანა, რომელიც ხელში მეჭირა… ძირს დაეცა.. შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყვირილით მეზობლებთან გავიქეცი, დაჭრილია და დამეხმარეთ-მეთქი, ვთხოვე სასწრაფოში დაერეკათ, ისევ უკან შემოვბრუნდი, მის დახმარებას ვცდილობდი. ვტიროდი და ვეძახდი, ცოცხალი ხარ-მეთქი? მან წამოდგომა სცადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, – რას შვრები, მკლავო და ისევ წაიქცა. ეს ხმა ახლაც მესმის თითქოს, ძალიან უბედური ვარ. ვცადე წამომეწია, მაგრამ ვერ ავწიე, ვიდექი და ვტიროდი, ვცდილობდი გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი… მერე აღმოჩნდა, რომ დანა გულში მოხვდა. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, მე მისი სიკვდილი არ მინდოდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, უბრალოდ მისი გაუთავებელი ლოთობის გამო გვქონდა კონფლიქტები. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მომისჯიდნენ. მე ის მოვკალი… ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მომხდარს. დღემდე საშინლად განვიცდი. ციხიდან რომ გამოვედი მესამე დღეს მის საფლავზე წავედი, დაღამებამდე იქ მარტო ვიყავი. ბევრი ვიტირე, ჩემს თავსაც ვტიროდი და მასაც. ორივეს დაგვენგრა ცხოვრება. მინდა, ქალებს ვურჩიო თუ ოჯახში ჩხუბია, თუ მათზე ძალადობენ, ჯობია დაასრულონ ქორწინება და ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემსავით მკვლელად ან მსხვერპლად იქცნენ“, – განაცხადა ნინამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
წყარო: კვირის პალიტრა