„მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაიცვალა ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს თანამშრომელი, ზურაბ მირიანაშვილი. ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს თანამშრომელი, ზურაბ მირიანაშვილი.

ბატონი ზურა იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებითა და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთითა და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი. მას პირადი მაგალითით, სიტყვითა და საქმით, ყოველ დღესა და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებასა  და ქვეყნის კეთილდღეობაში.

ბატონი ზურა 1991 წლიდან დღიდან დღემდე მაღალი პროფესიონალიზმითა და უშრეტი ენერგიით ემსახურებოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ზრდიდა პროფესიულ კადრებს, უხვად უზიარებდა სხვებს ცოდნასა და გამოცდილებას, წარმატებით უძღვებოდა მისი შრომისმოყვარეობითა და ნაყოფიერებით გამორჩეული კარიერის ბოლომდე.

სიცოცხლის ბოლო დღემდე აქტიურად მონაწილეობდა როგორც თბილისში, ისე – მარნეულსა და ბოლნისში COVID-19 დაავადებული პაციენტების გამოვლენის, ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ლაბორატორიული დადასტურებისათვის მასალის აღების პროცესში.

მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო.

ბატონმა ზურამ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლებისა და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის.

მისი უდროოდ წასვლა ჩვენი ცენტრისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს, მისი ნათელი ხსოვნა გაათბობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები