“მილიონერი კი არა, მათხოვარი ყოფილხართ, რაინდო”- ღია წერილი ლევან ვასაძეს

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ოთარ ქაშაკაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ღია წერილს უგზავნის, რომელსაც “კვირა +” უცვლელად გთავაზობთ.

“ღია წერილი ლევან ვასაძეს:

მოგესალმებით ლევან.

რამდენჯერმე სოციალურ ქსელში მქონია საუბარი თქვენზე და თქვენს მენტორულ ტონზე ყველას მიმართ. ეს უფრო დაცინვა იყო ჩემი მხრიდან ვიდრე საუბარი. თქვენ დაგცინოდით.

საბოლოოდ მივხვდი რომ თქვენ დამცინით მე. თქვენ, მილიონერი და მრავალშვილიანი მამა (ერთიც ბევრი მოგცეთ ღმერთმა და მეორეც) დაგვცინით მთელ ქვეყანას. თქვენ და თქვენი დემოგრაფიული ფონდი დგახართ და მომიტევეთ სლენგი – გვეკაიფებით.

მე, ერთი კარგი შვილის არც თუ ისე ურიგო მამას მეუბნებით რომ თურმე სელექციური ვესტერნიზაცია (თქვენი ტერმინია) უნდა მოხდეს, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ. ამასობაში ირკვევა რომ ვესტერნიზაცია თქვენთვის მხოლოდ კარგად დაგებული ასფალტი და აგებული თვითმფრინავი ყოფილა.

ბატონო ლევან, თქვენ განაცხადეთ რომ ახალგაზრდებს 18 წლამდე ოჯახის შექმნის უფლება უნდა მიეცეთ. წარმოგიდგენიათ მაინც ეს რას ნიშნავს? მე გეტყვით: ეს მომავალზე უარის თქმას ნიშნავს. ეს ნიშნავს ოჯახად წოდებულ უაზრო წარმონაქმნზე მიჯაჭვულობას, იმიტომ რომ გამოუცდელმა, ინფორმაციულად დამშეულმა და შრომის ფასს გაუგებელმა ახალგაზრდამ არ შეიძლება კარგი ოჯახი შექმნას.

მერე შვილი… და ამ შვილს რამდენი რამე უნდა იცით?

მე ძალიან კარგ ქვეყანაში ვცხოვრობ და სამწუხაროდ ჩემი შემოსავლის პირობებშიც ვერ ვახერხებ ყოველ წელს საქართველოში ჩამოსვლას, რატო. იცით? შვილის განათლებაში და განვითარებაში მივმართავ მთელ ფინანსურ რესურსს. და მე საშუალო შემოსავლის მქონე მამაკაცს აღარ მრჩება ფული იმისთვის რომ ვესტუმრო სახლს (ტრაგიკული ტერმინია არა, საკუთარ სახლში სტუმრობა?).

ეს თქვენთვის უცხო თემაა. წარმატებული ბიზნესმენი ბრძანდებით და არ გამოგიცდიათ ძალიან ბევრი რამე. მითუმწტეს არ გამოუცდიათ თქვენს შვილებს (ღმერთმა ნუ გამოაცდევინოთ).

კიდევ რატომაა დაცინვა იცით? თქვენი კერძო სკოლის ფრაისლისტი ვნახე. მადლობა ბატონო ლევან რომ იღწვით ახალგაზრდობისათვის, ჩვენი მომავალი თაობის მორალური მზაობისათვის, მაგრამ რომელ მორალში ჯდება მილიონერმა თან დემოგრაფია გვიკაკუნოს სულ თავში, ზნეობა და ადამიანობა და ყველაზე მნიშვნელოვან, ბავშვების განათლებაში (მილიონერმა) კიდე ათასები ითხოვოს? მილიონერი კი არა მათხოვარი ყოფილხართ რაინდო.

6 არაჩვეულებრივი შვილი ყავს ჩემს მეგობარ ცოლ-ქმარს. 6 ულამაზესი და უჭკვიანესი შვილი. იცით ბავშვების განათლება სკოლაში, პლუს სპორტი, ხელოვნევა, დასვენება რამდენი უჯდებათ? მე არ ვიცი. ისიც არ ვიცი ახერხებენ თუ არა. მაგრამ უბედნიერესი, ულაღესი და ძალიან წარმატებული ოჯახია. იცით რატომ? იმიტომ რომ გახსნილები არიან, არ ეშინიათ გამოწვევების და ჩაკეტილები არ არიან 10 მეტრიანი გალავნის იქეთ. ანუ თქვენი და თქვენი ოჯახის სრული ანტიპოდია.

დემოგრაფიაზე ამდენ ქოთქოთს და ორალურო სექსის სატანურობაზე საუბარს რაინდო, შეგეძლო შენი მრავალათეულ თუ ასეულ მილიონიდან რამდენიმე ასეულ ათასი გადაგედო და დაგეფინანსებინა ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი. დაგეფინანსებინა საგანმანათლებლო პროექტი მრავალშვილიანი ოჯახევისათვის.

მაგრამ არა. გამოდიხარ, ხალხს იქეთ ართმევ ფულს არც თუ ისე მაღალი დონის განათლების მიღებაში და სიბნელისკენ მოუწოდებ.

დონ კიხოტიც რაინდი იყო. ქარის წისქვილებთან მეომარი უშიში კაცი. იდეალისტი, ჩურჩუტა. მაგრამ გულწრფელი და უბოროტო.

მამაჩემის მძღოლსაც რაინდი ერქვა. კეთილი კაცია ძალიან.

მაგრამ ცხოვრება უსამართლოა ხოლმე და აღმოჩნდა რომ თქვენც რაინდი ყოფილხართ.

საბოლოო ჯამში, მორალისტებს ჩემო რაინდო, ორალისტები გჯობდნენ ყოველთვის.

არც თუ ისე დიდი პატივისცემით

გლეხი ოთარ ამირანის ძე ქაშაკაშვილი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები