მიკი რურკს გამოსახლება ემუქრება — მსახიობი ბინის ქირას ვერ იხდის

ჰოლივუდელ მსახიობს, 73 წლის მიკი რურკს, ლოს-ანჯელესში ნაქირავები საცხოვრებელი სახლის დატოვება ემუქრება. საქმე სასამართლოშია. დოკუმენტების მიხედვით, ბინის მეპატრონემ ქირის ხანგრძლივი გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო და მსახიობს საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვა.

მედიის ინფორმაციით, რურკის დავალიანება დაახლოებით 59 ათას დოლარს შეადგენს. მან მიიღო ოფიციალური გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბინას იძულებით დაატოვებინებენ.

ფინანსურ სირთულეებზე თავად მსახიობმაც არაერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, ბოლო წლებში შემოსავლის ძირითადი წყაროები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. რურკმა აღნიშნა, რომ კინოწარმოების შეფერხებისა და მსახიობთა გაფიცვის პერიოდში იძულებული გახდა დიდი ოდენობის თანხა ესესხა, რათა ყოველდღიური ხარჯები დაეფარა. ამან ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმა და ქირის რეგულარული გადახდა ვერ შეძლო.

მედია წერს, რომ მსახიობის მხარდამჭერებმა სოციალური პლატფორმებით მისი ფინანსური დახმარების კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც ქირის დავალიანების დაფარვა და ბინის დატოვების თავიდან აცილებაა.

მიკი რურკი, რომელიც ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად ითვლებოდა, ბოლო წლებში იშვიათად ჩნდება დიდ პროექტებში, რაც პირდაპირ აისახა მის ფინანსურ მდგომარეობაზე.

მიკი რურკის გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებები წლების განმავლობაში  ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. თავად მსახიობი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სახის მრავალჯერადი ქირურგიული ჩარევა თავდაპირველად პროფესიულ კრივში მიღებული მძიმე ტრავმების გამო დასჭირდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ პლასტიკური ოპერაციების ნაწილი წარუმატებლად ჩატარდა, რამაც მისი გარეგნობის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასაკი, გადატანილი ფიზიკური დატვირთვა და ჯანმრთელობის წარსული პრობლემები ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. თავად რურკი კი ბოლო წლებში არ მალავს, რომ გარეგნობაზე ზრუნვა მისთვის პრიორიტეტი აღარ არის და ჰოლივუდურ სტანდარტებს აღარ მისდევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები