მითი, რომ ჰელოუინი ანტიქრისტიანული დღესასწაულია და მას თავს დასავლეთი გვახვევს, მცდარია

ცალკეული რელიგიური ჯგუფები, მედია ორგანიზაციების ნაწილთან ერთად წლებია ამკვიდრებენ აზრს,რომ ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნით ადამიანი წარმართულ რიტუალში იღებს მონაწილეობას, რაც მიზნად „ბნელი ძალების”თაყვანისცამას ისახავს. ასევე გავრცელებულია შეხედულება, რომ ამ დღესასწაულით დასავლეთი ცდილობს ქართულ კულტურაში წარმართული ელემენტები შემოიტანოს. სინამდვილეში, ჰელოუინი და მისი კოსტუმირება სწორედ რომ ბნელი ძალების დასაფრთხობად იყო გამიზნული. ისევე, როგორც ქართული ჭიაკოკონობა, – როცა ვნების კვირის ოთხშაბათს ჭიაკოკონა ენთებოდა და მასზე ეშმაკების განსადევნად ხტებოდნენ. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს ცეცხლზე გადამხტარი ადამიანი დემონებს ცეცხლში ტოვებდა. შეგვიძლია გავიხსენოთ კოსტუმირებული ბერიკაობა, რაც ასევე წარმართულ საფუძველზე აღმოცენებული თეატრალური იმპროვიზაცია იყო და მისი ძეგლი თბილისშიც დგას. დროსთან ერთად მათ რელიგიური შინაარსი დაკარგეს.
ჰელოუინის (All Hallows’ Eve ყოველთა წმიდათა საღამო) წარმოშობის შესახებ მკვლევარებს ერთიანი აზრი არ აქვთ. თუმცა დანამდვილებით შეიძლებ აითქვას, რომ დღესასწაულის სახელი ცალსახად ქრისტიანულია და წინ უძღვის კათოლიკური ტრადიციით, ყველა წმინდანის მოხსენიების დღეს, რომელიც დასავლურ საქრისტიანოში მერვე საუკუნიდან 1 ნოემბერს აღინიშნება. თანამედროვე სახით ჰელოუინი დაცლილია რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან და საკარნავალო ელემენტებით გართობას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა,რომ ის მთლიანად კომერციალიზებულია და საკარნავალო კოსტუმის ჩაცმისას, სხვადასხვა ასაკის ადამიანები არანაირ რიტუალს მიზნად არ ისახავენ, დასავლური ქრისტიანული ეკლესიებისა თუ ქრისტიანების ნაწილიც, მასში მონაწილეობას დოქტრინალურ კომპრომისად, რწმენის დათმობად და ზოგჯერ, სატანის მსახურებადაც განიხილავენ.
საქმე ის არის, რომ 31 ოქტომბრის საღამოდან – 1 ნოემბრის საღამომდე აღინიშნებოდა დღესასწაული სოუინი, რასაც ისტორიკოსების ნაწილი კელტურ ახალ წელსაც უწოდებს (კელტები ცხოვრობდნენ 2000 წლის წინ თანამედროვე ინგლისში, შოტლანდიაში, უელსში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთი).
კელტები წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ. 31 ოქტომბერს მათი რწმენით ზაფხული მთავრდებოდა და იწყებოდა ზამთარი. სოუინი, სიკვდილის განმგებელი ღმერთი იყო, რომლის სახელიც შესაძლოა ნიშნავდეს „ზაფხულის დასასრულს” – აქედან დღესასწაულის სახელწოდებაც. ამ დღეს მათ წარმოდგენაში ზღვარი იმქვეყნიურსა და ამქვეყნიურს შორის თხელდებოდა. სამაინი აძლევდა უფლებას ათასგვარ ზებუნებრივ არსებასა და მიცვალებულებს შემოსულიყვნენ წუთისოფელში და დაესაჯათ ისინი, ვინც მათ სიცოცხლეში მიაყენა ზიანი.
სწორედ ამ ტრადიციამ დაუდო სათავე სამაინის კოსტუმირებას, რომლის მიზანიც, არა ბოროტი სულების თაყვანისცემა, არამედ მათი შეშინება და მოტყუება იყო. სოუინის დადგომისას, დრუიდები – კელტი ქურუმები ანთებდნენ კოცონს, სულების დასაფრთხობად.
რა კავშირში შეიძლება იყოს ეს დღესასწაული თანამედროვე ჰელოუინთან, რთული სათქმელია. ქრისტიანულმა ეკლესიამ ეს დღესასწაული ან დაამთხვია, ან უბრალოდ დაემთხვა სოუინის კელტურ დღესასწაულს.
პირველქრისტიანული საკრებულოები თავდაპირველად ქრისტიანი წამებულების ადგილს ეთაყვანებოდნენ. მოგვიანებით, მეზობელმა ეპარქიებმა წმიდათა ნაწილების გაცვლა დაიწყეს. მარტვილობა დიოკლეტიანეს იმპერატორობის პერიოდში იმდენად გამრავლდა, რომ მათ პატივმიგებას წელიწადის დღეები არ ეყოფოდა. საჭირო გახდა ერთი დღესასწაულის დაწესება, რომელიც ქრისტესთვის წამებულებს დავიწყებას არ მისცემდა.
 მეშვიდე საუკუნის დასაწყისში, პაპმა ბოიფაციუსმა რომის წარმართული პანთეონი, „ყველა ღმერთის ტაძარი” ყოვლადწმიდა მარიამისა და დიდმოწამეების სახელობის ქრისტიანულ ტაძრად აკურთხა. მათი მოხსენიების დღედ კი 13 მაისი დაწესდა (აღმოსავლეთ საქრისტიანოს ტრადიციაში დღემდე ამ თარიღთან ახლოს აღინიშნება ყოველთა წმიდათა დღე). მოგვიანებით, მერვე საუკუნეში პაპმა გრეგორი მესამემ 1 ნოემბერს წმიდა პეტრეს ბაზილიკის სამლოცველო ყოველთა წმიდათა სახელზე აკურთხა, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა ის უნივერსალური ეკლესიის საყოველთაოდ აღსანიშნ თარიღად დააწესეს.
ჰელოუინის თანამედროვე ფორმის წარმოშობის რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ:
შესაძლოა, 1 ნოემბერს ყოველთა წმიდათა დღის დაწესებით, ქრისტიანულმა ეკლესიამ, წარმართული დღესასწაული სოუინი „მონათლა”. როგორც ქრისტეშობის დღესასწაული დაამთხვია გამარჯვებული ღმერთის რომაულ ფესტივალ სატურნალიას. ინკულტურაციის პრაქტიკა ეკლესიაში მიღებული იყო და არის, რაც პაგანური რიტუალების ფორმის შენარჩუნებას და მასში ქრისტიანული შინაარსის ჩადებას გულისხმობდა, იმისთვის, რომ ახალი რელიგია მეტად მისაღები გამხდარიყო გარკვეულ ტრადიციაზე აღზრდილი ხალხებისთვის. თუმცა, არ არსებობს ამ ვერსიის გასამყარებლად საჭირო არც ერთი მტკიცებულება;
• შესაძლებელია ისიც, რომ ერთმანეთთან შინაარსით მიახლოებული დღესასწაულების დამთხვევამ, სოუინის დღესასწაულის აღნიშვნის ფორმებსა და ფოლკლორულ ტრადიციებს სიცოცხლე გაუხანგრძლივა და მათი რთული შერწყმით წარმოიქმნა თანამედროვე ჰელოუინი;
• არ არის გამორიცხული არც ის, რომ ჰელოუინის ტრადიცია მთლიანად ქრისტიანული ნარატივის ხალხური პაგანიზების შედეგი იყოს და ჰქონდეს წყვეტა კელტურ დღესასწაულთან. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ მითებს, ლეგენდებსა და რწმენა-წარმოდგენებს, მკვლევარების უმრავლესობა ასევე არ განიხილავს პრექრისტიანული ქართული წარმართობის გაგრძელებად. ეკლესიის კანონიკური სწავლების გავრცელება ყოველთვის ადვილი არ ყოფილა. ის ან ერწყმოდა წარმართულ ტრადიციებს ან ქრისტიანობის დამახინჯების შემდეგ მიღებულ ლეგენდებად და ღმერთებად გვევლინებოდა. ქართული მთიანეთის დღეობები, თავისი ღმერთებითა და წმინდანებით, იმ ანალოგიებს წარმოადგენენ, თუ როგორ არის შესაძლებელი ქრისტიანულ კულტურაში არსებობდეს, დღეს უკვე რელიგიური შინაარსისგან დაცლილი დღესასწაულები.
სხვადასხვა ხალხებში ყოველთვის არსებობდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პარალელური სახის რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. მათი დესაკრალიზება და კომერციალიზაცია თანამედროვე სამყარომ მოიტანა. ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიციის საქართველოში გავრცელება სწორედ დასავლური პოპკულტურის კომერიცულ ძალაზე მიანიშნებს და არა ამ ცივილიზაციის „ანტიქრისტიანულობაზე”.
დაბოლოს, შეუძლებელია ქრისტიანისთვის რაიმე სახის დღესასწაულის აღნიშვნა წარმოადგენდეს დოქტრინალურ კომპრომისს. ეს რელიგია ცოდვად ან სათნოებად განიხილავს არა თავისთავად რაიმეგვარ ფორმალურ აქტს, არამედ პიროვნების დამოკიდებულებას მის მიმართ. თავად საღვთო ლიტურგიაზე დგომაც კი შეუძლებელია იყოს რაიმეგვარი სიკეთე, თუ „გულის მაგიერ, ფეხები გეწვის”. რიტუალების მიმართ შიში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისი რწმენაც ამოწურულია რიტუალიზმში და რწმენის აქტს მხოლოდ გარკვეული, ყოფითი, საეკლესიო ფორმალობების შესრულებაში ავლენს. ამ განწყობით არ უშინდებოდა ქრისტიანული ეკლესია წარმართული კულტურისგან ესესხებინა გამოხატვის სხვადასხვა ფორმები და მასში რწმენის შინაარსი ჩაედო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები