მშობლები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას – რატომ არის ბავშვი უინტერესო, არამოტივირებული, რატომ ეზარება ყველაფერი, სწავლის ჩათვლით? უნდა ავუკრძალოთ თუ არა მას რამე, თუ ყველაფრის ნება მივცეთ? აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.
– ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ თუ შვილს მატერიალურად უზრუნველყოფს და იყიდის იმას, რაც დააკლო ფსიქოლოგიურად, ყველაფერს აანაზღაურებს. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ტექსტები: ბავშვებს 6 წლამდე არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ნერვები აეშლებათ. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ არ შეიძლება ბავშვს რაიმე ავუკრძალო იმიტომ, რომ ტირილით ნერვები აეშლება.
ნერვული სისტემა დაუზიანდება, სტრესში ჩავარდება, მერე უკვე ცუდი პიროვნული თვისებები ექნება. მერე მოჰყავთ მაგალითი, აი, იაპონიაში 5-6 წლამდე თურმე ბავშვებს არაფერს უკრძლავენ. შემდეგ უცბად ავიწყდება თავისი სენტენცია, რომ ბავშვს სტრესი არ უნდა მიაყენოს და გადადის თმის მოწიწკვნაზე, ყურის აწევაზე და ცემაზე. იმიტომ, რომ სხვანაირად ვეღარ ახერხებს „თავგასული“ ბავშვის მართვას. ვეუბნები მშობელს, რატომ იშლი ნერვებს, როცა შეგიძლია ჩარჩოს დაწესება ადრეული ასაკიდანვე. ყველა ბავშვი ითხოვს ჩარჩოს. იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, წვრთნა სჭირდება. თუ ბავშვი გაიწვრთნება, პრობლემაც არ იქნება.
მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის. ფსიქოლოგები ვამბობთ, რომ თავისუფალ ნებას სჭირდება წრთობა, თავისუფალი ნება არის არჩევანი, ცუდსა და კარგს შორის. არჩევანი ერთ ქმედებასა და მეორე ქმედებას შორის. არჩევანი მოსალოდნელ ქმედებასა და არსებულ ქმედებას შორის. ტვინს სჭირდება ვარჯიში და გარემოდან თუ არ იქნა იფორმაცია და სტიმული, ტვინი ვერ სწავლობს. ბავშვის ტვინს უნდა ვასწავლოთ იმპულსის შეკავება. კანფეტი ახლა არა, მერე ჭამე. სათამაშო ახლა არა – ხვალ. ეს უნდა გაითავისოს ბავშვმა და უნდა ივარჯიშოს იმაში, რომ დაბრკოლება გადალახოს. ეს ახლა არ შეგიძლია, ცოტა ხანში შეძლებ. ბავშვი ისწავლის ტვინის დაგეგმვას და იმპულსების შეკავებას. კონტროლის, თვითრეგულაციის მექანიზმი გამოუმუშავდება და გაიზრდება ნორმალური ადამიანი.
თანამედროვე მშობელს ეს არ ესმის, ის ფიქრობს, რომ დაიცვას ბავშვი ვითომ სტრესული გარემოებებისგან, ამიტომ ბავშვმა არ იცის არც დაბრკოლების გადალახვა, არც წარუმატებლობის გადალახვა. წარუმატებლობა დღეს კატასტროფის ტოლფასია. ეს ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია მარცხი და შეცდომის დაშვება აღიაროს. ვინ გეტყვის, რომ შეეშალა და შეცდომა დაუშვა. სანამ ამას არ ვისწავლით, ვიქნებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. წარუმატებლობა შენი წარმატების აუცილებელი კომპონენტია, ეს ვერ გაიგო ვერც მშობელმა, ვერც მასწავლებელმა, ყველა უკიჟინებს ბავშვს, რომ შენ ეს შეგეშალა და შენ ეს ვერ მოახერხე, შესაბამისად,ჩვენ გვეზრდება არარეალიზებული, დანაშაულის განცდის მქონე იმპულსური არსებები, რომლებიც აუცილებლად ვიღაცას მოკლავენ.
როცა ფსიქოლოგს ჩააბარებს მშობელი ბავშვს, გეუბნება, ახლა რაც გინდა ის უქენი, მე არაფერ შუაში არ ვარო. ჰგონიათ, რომ გამოსავალია ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა. ფსიქოლოგი რომ რეკომენდაციას გაძლევს, ის რეკომენდაცია უნდა შეასრულო, იმიტომ, რომ ბავშვი არაფერ შუაში არ არის, როგორც წესი. შუაში და თავში არის მშობელი. ცხადია, თუ ბავშვს განვითარების პრობლემა არ აქვს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მშობელზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული.
არაფერი არ უნდა, არაფერი არ აინტერესებს, სკოლაშიც კი არ უნდა წასვლა, ზუსტად იმიტომ, რომ საბავშვო ბაღიდანვე ძალიან ბევრს ითხოვენ მისგან. ჩემი რეპლიკები ხშირად აღიქმება და ინტერპრეტირდება ისე, რომ ბავშვს არაფერი არ ასწავლონ. ძალით თუ არ ვასწავლეთ, რა შედეგს მივიღებთო. პატარა ბავშვი ინტერესით სწავლობს. სიამოვნებასთან ერთად თუ არ არის ეს ინტერესი, სწავლების პროცესი იქნება ყოველთვის ნეგატიური და უკვე როცა იზრდება ეს ბავშვი, სკოლაშიც აღარ უნდა სიარული. ამოსული აქვს ყელში. არ უხარია შემეცნება, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ შემეცნებას არ ვასწავლით ბავშვს. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული. რამდენ მშობელს უთქვამს, ვეუბნები შვილს, რომ იყოს პირველი. ამდენ ფულს ვიხდი შენს სწავლაში და კეთილი უნდა ინებო და იმეცადინო…
მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვები ზარმაცები იყვნენ და თავიანთი პასუხისმგებლობა არ გაიაზრონ, მაგრამ ამ ფორმით ამ პასუხისმგებლობას ვერ მივაღწევთ. თვლიან, რომ ბავშვს თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ კომპიუტერზე ითამაშებს და შენ ამ დროს არ გინდა, რომ ის თავისუფალი დრო შენთან გაატაროს. ამიტომ გირჩევნია, ჩატენო ინგლისურზე, ფრანგულზე, გერმანულზე, იაროს და ირბინოს. რომ ვეკითხები, რატომ არ უნდა დარჩეს ბავშვს თავისუფალი დრო, მეუბნებიან, რომ კომპიუტერთან იქნება და რომ ვთავაზობ, ისე დაგეგმონ ეს დრო, სათამაშოდ გაუშვან ან სპორტზე გაუშვან, ბევრი პრობლემა ერთად იყრის თავს. მთავარია, ჩვენ როგორ გვესმის ჩვენი შვილის კეთილდღეობა. კეთილდღეობა კი გვესმის ასე – ეს ბავშვი არის კონტეინერი, რომელიც უნდა დაიტენოს ინფორმაციით, იმისთვის, რომ ჩადებული ინვესტიცია გაამართლოს და იყოს წარმატებული. წარმატებულის ქვეშ იგულისხმება, რომ მოიპოვოს ბევრი ფული. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ წარმატება დაკავშირებული იყოს შემეცნებასთან. არც სკოლა არ ფიქრობს ამაზე. სკოლაც აყოლილია მშობლებს და ისინი ცდილობენ, რა შეიძლება ბევრი ინფორმაცია ჩატენონ ბავშვს.
ერთ რამეს ვიტყვი, რომ ადამიანი არ არის კომპიუტერი და კომპიუტერს ჩვენ ვერასდროს ვერ ვაჯობებთ. ხალხს მტერი ვგონივარ კომპიუტერული ტექნოლოგიების, მაგრამ იქ, სადაც კომპიუტერული ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენო, ადამიანის ტვინი როგორ შეიძლება დაანაგვიანო. ის რომ კომპიუტერში შევა და ამდენ ინფორმაციას ნახავს, რა ვალდებულია ისწავლოს და იმეცადინოს. დღევანდელი სკოლა მე-19 საუკუნის დონეზეა და ეს პრობლემა მარტო ჩვენთან კი არა, დასავლეთშიც დგას. ჩვენ ისე ვასწავლით, რომ გეგონება ცოდნის მთელი ჩემოდანი თან უნდა ათრიოს. წინათ იმიტომ მჭირდებოდა ამდენი ინფორმაცია, რომ მე ამას ასე ადვილად ვერ ვიპოვიდი. ცოდნა მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის. ცოდნის ქვეშ იგულისხმება პრაქტიკული გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, დღეს თეორიულ ცოდნას ვიპოვი კომპიუტერში, მაგრამ მშობელმა და მასწავლებელმა უნდა მასწავლოს, ეს ცოდნა ერთმანეთთან როგორ დავაკავშირო. სინამდვილეში არც მასწავლებელი და არც მშობელი ამას არ მასწავლის. აზროვნების პროცესებს არ მასწავლიან. ანალიზი როგორ გავაკეთო, ტყუილი მართლისგან როგორ განვასხვავო, ამდენი სისულელე როგორ გავცხრილო, ლოგიკურად დავაკავშირო ერთმანეთთან, დასკვნა გავაკეთო – არავიან მასწავლის.
ბავშვებს კარგი მეხსიერება აქვთ და ადვილად იმახსოვრებენ, მაგრამ დაზეპირება არაფერს ნიშნავს, თუ არ აქვთ გააზრებული, რა წაიკითხეს. არავინ არ გვასწავლის, ინფორმაციისგან როგორ ამოვიღოთ მთავარი აზრი. კითხვის დასმა არ შეიძლება არც სკოლაში და არც უმაღლესში. იმიტომ, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება, 10 ქულაზე, 100 ქულაზე ნაკლების მიღება არ შეიძლება.
ჩვენ ვზრდით ნარცისებს და ეს მარტო საქართველოში არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს არის პრობლემა. დღეს უკვე საუბრობენ იერარქიაზე ურთიერთობებში, აი ამ სამომხმარებლო მატერიის ცოტა უკან გაწევაზე. ახალი ოჯახები შტატებში კერძო საკუთრებას არ ყიდულობენ, მაგალითად ჰიპის ტიპის და ბიტნიკების მსგავსი მოძრაობა დაიწყო. შეძლებული ადამიანებიც კი იმაზე მეტ საკუთრებას, რაც სჭირდებათ, არ ყიდულობენ. ეს არ არის დიდი პროცენტი, მაგრამ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა გაჩნდა, როგორც პროტესტი მატერიალიზაციის წინააღმდეგ. ეს არის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელსაც თვითრელიზაციამდე ძალიან ბევრი აკლია. თვითრელიაზცია თუ არ გაქვს, ხარ ცუდად.
– რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს მასწავლებლები?
– ზოგადად კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ ორივე ანტაგონისტური დამოკიდებულებებით ხასიათდებიან ერთმანეთის მიმართ. მშობელიც ჩასაფრებულია და მასწავლებელიც. მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? მასწავლებლებს უყვართ ზოგადად ბავშვები, რომლებიც ხელს არ უშლიან საგანმანათლებლო პროცესში. საბავშვო ბაღში კი საგანმანათლებლო პროცესი. მასწავლებლებს ცოტა სხვანაირად ესმით. ესმით, რომ ბავშვი უნდა იჯდეს ჩუმად, უსმინოს, იმეცადინოს. აი, ხუთი წლის ბავშვებს ამეცადინებენ, თუნდაც 4 წლის ბავშვებს, განსაკუთრებით კერძო ბაღებში. კერძო ბაღებში მშობლების მოთხოვნაც არის, რომ ჩემს ბავშვს უნდა ასწავლო. არ არის ეს ბაღის დანიშნულება. ბაღის დანიშნულება არის ბავშვის ქცევის, თვითრეგულაციის სწავლება, ემოციის რეგულაციის სწავლება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება და აზროვნების განვითარება. წერა-კითხვა და მათემატიკა სკოლის დანიშნულებაა, მაგრამ ბაღმა უნდა ჩამოაყალიბოს ამ აკადემიური ჩვევებისთვის საჭირო უნარები. საბაზო უნარებზე მუშაობს ბაღი. არა მეცადინეობით, არამედ თამაშით, ბავშვისთვის 6 წლამდე წამყვანი ქცევა არის თამაში. ეს არ აწყობს არც მშობელს და არც მასწავლებელს. ამიტომ მასწავლებლისთვის ჩუმი ბავშვი, რომელიც ხმას არ იღებს და მითითებებს უსრულებს, არის იდეალური ბავშვი. თუნდაც პრობლემები რომ ჰქონეს ამ ბავშვს, თავისთვის თუ იჯდება, არ არის პრობლემა. ამიტომ მე მიყვარს ხმაურიანი და ცუდი ქცევის ბავშვები, რომლებიც აიძულებენ მშობლებს და მასწავლებელს იფიქრონ, როგორ შეიძლება მისი ჩართვა აი, ამ სააღმზრდელო პროცესში. ამიტომ ურთიერობის პრობლემა ორივე მხარეს აქვს. ზოგჯერ მასწავლებელია მართალი, ზოგჯერ – მშობელი, მაგრამ კომპრომისს ვერ ნახულობენ და არიან ჩასაფრებული პოზიციით ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდიარე ძალიან რთულია ხოლმე თანამშრომლობა.
არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებსაც ძალიან ბევრი რამე ეშლებათ, ზოგჯერ დაუფიქრებელ რაღაცებს ელაპარაკებიან ბავშვებს. სპეციალური სწავლებაბაღის მასწავლებლებს გავლილი არ აქვთ. მშობელსაც აქვს თავისი მინუსები, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებს სთხოვს საბავშვო ბაღს, რაც არ ევალება. მე არ ვარ მომხრე, რომ ტირილ-ტირილით მოჰყავთ ბავშვები მშობლებს საბავშვო ბაღში. მასწავლებლებიც ეუბნებიან, რომ მოიყვანეთ, ჩავუკეტავთ კარს და შევაჩვევთ ბაღს. იტირებს და გაჩერდება… მე არ ვარ ამის მომხრე. ეს არის ზუსტადაც, რომ სერიოზულის სტრესი, როცა ბავშვი კანფეტის გამო ტირის, ეგ კი არ არის სტრესი. მაგრამ ბავშვი როდესაც დედასთან დაშორების გამო ტირის, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის საშინელი სტრესი და შფოთვის მიზეზი, რომელსაც არც მშობელი აქცევს ყურადღებას და არც მასწავლებელი, მომხრე ვარ, რომ ბავშვი ნელ-ნელა შეეგუოს ბაღს და თუ საჭიროა, გატარდეს სპეციალური მიდგომა. საფრანგეთში, გერმანიაში მშობელი რაღაც დროის განმავლობაში დაჰყვება ბავშვს ბაღში. ეს ყველას არ სჭირდება, მაგრამ ვისაც სჭირდება, ასეც უნდა მოხდეს.
წყარო:https://www.mshoblebi.ge