„მთავარი არ არის რა გაცვია! არამედ, ვის აცვია!“
რატომ გვაღელვებს სხვების აზრი და როგორ გვმართავს სოციალური შიში?
ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალური ქსელების მომხმარებლებს საინტერესო მოსაზრებას უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავს ხშირად სხვების აზრი ჩვენს არჩევანს და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ გავლენისგან გავთავისუფლდეთ:
“გიფიქრია ოდესმე, რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე ტანსაცმელი სრულიად სხვანაირად აღიქმება, როცა ცნობილ ადამიანს აცვია? რატომ გვგონია, რომ „თუ მას აცვია, ეს აუცილებლად კარგია“?
„მთავარი არ არის რა გაცვია! არამედ, ვის აცვია!“ — ეს ფრაზა გვახსენებს, რომ საზოგადოება ხშირად აფასებს არა ნივთს, არამედ სტატუსს. მაგრამ გახსოვდეს: შენი ღირებულება არ იზომება ბრენდით, ტრენდით ან სხვისი მოწონებით. ის იზომება იმით, თუ როგორ გრძნობ თავს საკუთარ არჩევანში.
ეს ფაქტორი არ არის მხოლოდ მოდა ან ბრენდების გავლენა. ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმების შედეგი. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სხვების აზრი ხშირად განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. ზოგჯერ ეს ნორმალურია, მაგრამ ხანდახან ეს შეიძლება გადაიზარდოს შფოთვაში, სტრესში და თვითშეფასების პრობლემებში.
ადამიანები ბუნებრივად ადარებენ საკუთარ თავს სხვებს. როცა ვხედავთ წარმატებულ ადამიანს, გვგონია, რომ მისი არჩევანიც წარმატებულია. ამიტომაც, თუ ცნობილი ადამიანი ატარებს კონკრეტულ ბრენდს, ჩვენ გვგონია, რომ ეს ბრენდი განსაკუთრებულია. სინამდვილეში, ნივთი იგივეა, უბრალოდ ჩვენი აღქმა იცვლება. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მიღებული, დანახული და წარმატებული. მაგრამ ხანდახან ამ სურვილს ვაძლევთ უფლებას, რომ მართოს ჩვენი ცხოვრება.
რა თქმა უნდა ყველას გვინდა მოწონება. ეს ნორმალურია. მაგრამ როცა ჩვენი არჩევანი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვიან სხვები, აქ იწყება პრობლემა, აქ არის ნაღმი. გიფიქრია, რამდენჯერ გიცვლია ტანსაცმელი ღონისძიებაზე წასვლამდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ არ გაგაკრიტიკოს? ან რამდენჯერ გიყიდია რაღაც, რაც რეალურად არ გჭირდებოდა, მაგრამ „ყველას აქვს“? ეს არის სოციალური ზეწოლა, რომელიც ხშირად გვაიძულებს ვიცხოვროთ სხვისი სტანდარტებით.
სოციოფობია კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ეშინია სხვების შეფასების. ეს შიში შეიძლება იყოს ისეთი ძლიერი, რომ ადამიანი ვერ მიდის ღონისძიებაზე,, ზედმეტად ფიქრობს, „რა იფიქრებენ მასზე“ და ხარჯავს ფულს მხოლოდ იმაში, რომ სხვებს არ ჩამორჩეს, არ აღმოჩნდეს ფონში. ეს მდგომარეობა არა მხოლოდ სტრესულია, არამედ გვართმევს თავისუფლებას.
როგორ დავიცვათ თავი?
პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რატომ გვიყვარს კონკრეტული ნივთი — ხარისხი, კომფორტი, სტილი? თუ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს მოსწონთ? უნდა დავისახოთ საკუთარი სტანდარტი, რომელიც გამოხატავს ჩვენს პიროვნებას და გვაძლევს კომფორტს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ კრიტიკა ყოველთვის იქნება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად ღირებულები ვართ. თუ სოციალური ქსელები გვიქმნის სტრესს, დროებით შევზღუდოთ მათი გამოყენება და გავაკეთოთ ერთგავარი სოცსივრცული „დეტოქსი“.
სტატიას ვურთავ ფოტოს, სადაც ვარ ბარსელონას ერთ-ერთ მეტროში, მაცვია ის სამოსი რომელშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბედნიერი ვარ და სახეზეც მეტყობა რომ ასეა.
მეგობრებო, მთავარი არ არის რა გაცვიათ, არამედ რას ასხივებთ სხეულიდან, რა გსურთ, რა გახარებთ, რა გაბედნიერებთ!”, – წერს მაგდა კოტრიკაძე.