მსოფლიოში ყოველი მეორე გოგონა ოცნებობს თეთრ რაშზე, პრინცზე, დიდ დათუნიაზე და წითელი ვარდების თაიგულზე. ყველაფერი ერთი შეხედვით იწყება, არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება ეს – მეტროში, ესკალატორზე, ავტობუსში თუ დაქალის დაბადების დღეზე. მერე ხდება ტელეფონების ნომრების გაცვლა, სოციალურ ქსელში დამატება/მოწონება/გაზიარება და ღამით, მთვარის შუქზე სეირნობა. შემდგომი ფაზა კაფე, რესტორანი ან ბარია, რის შემდეგადაც იწყება სერიოზული ურთიერთობა, რომელსაც „შეყვარებული ადამიანები“ ჰქვიათ.
მე შეყვარებული არასდროს მყოლია და ეს ჩემი, კაცთა მოდგმის და დედაჩემის ბრალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე ფიქრობს, ჩემ გვერდით გავლილ ყოველ ბიჭზე, როგორც პოტენციურ სიძეზე, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. გოგონა, სახელად მარიამი, რომელსაც იმაზე მეტი გამოცდილება აქვს სასიყვარულო დარგში, ვიდრე უკვე მოქმედ შეყვარებულს, თავისთვის ვერც დათუნიას და ვერც ვარდების თაიგულს ვერ შოულობს.
ბიჭებთან ურთიერთობა სარისკო საქმეა. ყოველი გოგონა, ყოველ ახალ ბიჭთან შეხვედრისას გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ის ერთადერთი და განსაკუთრებულია, თუმცა ბოლოს მაინც ბანალური ფრაზით ასრულებენ facebook-ზე სტატუსს: „ყველა კაცი ერთნაირია“.
არადა, ნამდვილად არ არიან ერთნაირები, უბრალოდ, ჩვენ მათში მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც გვინდა, რომ დავინახოთ და ამის შედეგად, ვრჩებით შეყვარებულების გარეშე.
თვალის ფერი არ მოგვწონს, თმის ფორმა არ მოგვწონს, არ უნდა სვამდეს და სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს – ღმერთმანი, ეს ხომ შეუძლებელია. არა უშავს, გოგონებო, „კოჭებს დაგიხვრიტავ, ბაბუ“ – ცხოვრებაში ერთხელ ამ ტიპის პიროვნებებთან ურთიერთობაც საინტერესოა.
არადა, მე ბევრს არ ვითხოვ. თითქმის არაფერს ბიჭებისგან, პირიქით, ძალიან საყვარელი გოგონა ვარ გაგებით და შეხედვითაც, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მე ჩემში შეყვარებული უკვე მოვკალი.
ჰო, პრობლემა თანამედროვე გოგონებისთვის ნამდვილად აქტუალურია და რჩევებისთვის ათასგვარ უაზრო და უსარგებლო საიტს აკითხავენ, სინამდვილეში, კი ყველაფრის პასუხი ჩვენში ან სულ ცოტა, სამიზნე ობიექტში უნდა ვეძებოთ.
მე ჩემში ვიპოვე უამრავი თვისება, უნარი და „სასწაული“ საქციელი, რომელთან გვერდით არცერთი თავმოყვარე ბიჭი არ გაჩერდებოდა.
უხეში, “თანამდებობა – გოგოსთვის – შეუფერებელი“ და საშინლად განათლებული (სხვადასხვა ასპექტში) – არის ის, რის გამოც ხუთი წითელი „იქსი“ მენთება ხშირად. თუ ფეხბურთის თამაშებს, თამაშის მერე გარჩევებს, გარჩევების მერე გატეხილ ცხვირზეც მოვყვები რამეს, მაშინ სამუდამოდ მიწევს მასთან დამშვიდობება და სამუდამოდ ვეგუები “ოფლაინს” მისგან.
აი, ეს ნამდვილად არ გაივლის, ვისაც არ უნდა ეწეროს ბეჭედზე.
სწორედ ამიტომ, სანამ ჩვენს თავში შეყვარებულს მოვკლავთ, მანამდე კარგად დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ესაა, ის, ვისაც ველოდებით დიდი დათუნიათი და ვარდების თაიგულით.
წყარო: https://mashasblogi.wordpress.com