სერიალი „სიყვარულს მიღმა“ საოცარი სიახლეებით დაუბრუნდა მაყურებელს. ახალი სეზონის შესახებ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს – სოფო გორელაშვილს ვესაუბრეთ.
სოფო გორელაშვილი: არა მარტო მაყურებლები, ჩვენც მოუთმენლად ველოდით სერიალის ახალი სეზონის დაწყებას. საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა. ძალები მოვიკრიბეთ და ძალიან შევეცადეთ, მოლოდინი გაგვემართლებინა. წინ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ამბავი და დაძაბული ისტორიები გელოდებათ.
– რა იგრძნობოდა ამ დროის განმავლობაში მაყურებლისგან?
– ვგრძნობდი, რომ ძალიან ელოდნენ სერიალის დაბრუნებას. სადაც არ უნდა მივსულიყავი, იქნებოდა ეს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, სპორტდარბაზი, საპატრულო სამსახური, ბანკი თუ სხვა ადგილი, ყველგან ამაზე მეკითხებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, პანაშვიდზეც კი. ბებოს პანაშვიდზე ვიჯექი და იქაც რომ მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ: „გისამძიმრებთ, ბოდიში და სერიალი როდის გაგრილდება?“ სოციალურ ქსელშიც უამრავ შეტყობინებას ვიღებდი შინაარსით – ხომ არ შეწყვიტეთ, ხომ ნამდვილად გაგრძელდებაო. ცოტა სწყინდათ კიდეც, აღარ ბრუნდებითო?!
საქმე ისაა, რომ ჩვენი სერიალი მხოლოდ ორი სეზონი უნდა ყოფილიყო. თავიდან საერთოდ არ ყოფილა საუბარი მესამეზე და მით უმეტეს, მეოთხე სეზონზე. საბოლოო ჯამში, იმხელა ინტერესი გამოიწვია და ისე შეუყვარდა ხალხს, რომ განვაგრძეთ მუშაობა. მომავალში რა იქნება, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ პაუზაც კარგი იყო. მეც ცოტა დავისვენე, ანას გვერდიდან შევხედე და მონატრებული დავუბრუნდი გადასაღებ მოედანს.
– თავიდან ძალიან აღიზიანებდათ ეს პერსონაჟი, მაგრამ ბოლოს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.
– კი, ანა საკმაოდ შეუყვარდა მაყურებელს, რადგან რეალობაა. ეს აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს. სერიალში სხვა პერსონაჟების არაერთი საქციელი იყო იმაზე მეტად გასაბრაზებელი და არასწორი, ვიდრე ანასი, მაგრამ ქალის ღალატი იმდენად ვერ მიიღო მაყურებელმა, რომ ყველაფერზე მწვავედ ეს აღიქვეს. ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ ზუსტად ასეთივე ცუდი საქციელია კაცის ღალატი. ღალატი ღალატია, სულერთია, ვისგან მოდის ის, მაგრამ ჩვენს რეალობაში კაცისას მტკივნეულად არ აღიქვამენ და არც ასეთი რეაქციებით ხვდებიან.
– ანას საქციელის გამო პირადად არ გსაყვედურობდნენ?
– კი, მაღაზიაში მქონდა დაუჯერებელი შემთხვევა. შევედი, რაღაცას ვყიდულობდი, გვერდიდან ვიღაც ქალმა ძალიან ცუდად გამომხედა და იქვე მდგომს გადაულაპარაკა, ეს კახპაო (იცინის). არ შევიმჩნიე, ვითომ ვერ გავიგე (იცინის). მოუწერიათ კიდეც, ანა გეხვეწები, ასე ნუ ექცევი გიორგისო.
– რომელს უფრო გულშემატკივრობენ – გიორგის თუ კერესას?
– გააჩნია ასაკს. ახალგაზრდები უფრო კერესას, უნდათ, რომ ანა მასთან ერთად იყოს და უფროსი თაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გიორგი არის იდეალური და საერთოდ, მისი ღალატი წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
– თვითონ რას ფიქრობ?
– მე ვფიქრობ, რომ ანა არცერთთან არ უნდა დარჩეს. როცა ცხოვრებაში ასეთი რამეები ხდება, როცა ურთიერთობები ასეთ ჩიხში შედის, ასე იმსხვრევა და ნადგურდება, მე, როგორც სოფოს, მგონია, რომ ამ დროს ორივე კარი უნდა გამოიხურო და ცხოვრება თეთრი ფურცლიდან დაიწყო. აღარ უნდა ჩაებღაუჭო წარსულს და აღარ უნდა იწვალო. მე არ ვიცი, რა მოხდება სერიალში, მაგრამ როცა ადამიანებს შორის ნდობა აღარ არსებობს, მერე მისი დამსახურება ძალიან ძნელია. როცა ნდობა არ არის, ბოლომდე ბედნიერი ვერ ხარ, ეჭვით ცხოვრობ და ამას ბევრი კონფლიქტი მოსდევს. ეს გიორგისთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ კერესასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მისი და ანას ურთიერთობა შეიძლება, რუტინიდან გაქცევის მცდელობაა, ემოციების ნაკლებობით გამოწვეული და მუცელში პეპელების განცდის სურვილი მრავალწლიანი ოჯახური ურთიერთობის შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული. იყო გატაცება, მოულოდნელი თავგზის მოულოდნელი არევა და მე ვფიქრობ, ეგეთი ურთიერთობა არც უნდა გაგრძელდეს. უფრო ვნებაზე იყო დამყარებული, ვიდრე სულიერ სიახლოვეზე. მოკლედ, ანა რომ ჩემი მეგობარი იყოს, ვურჩევდი, ორივე ამბავი დაასრულოს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.
– რადგან სიყვარულსა და ამ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ბავშვობის ამბის გახსენებას გთხოვ, ვგულისხმობ პირველ სიყვარულს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს…
– ჩემთვის ბავშვობა ყველაზე თბილი თავშესაფარია. ზრდასრულ ასაკში უამრავი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს, კარგთან ერთად ბევრი ცუდიც ხდება და სილაღე დაკარგული გვაქვს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, ჩართო ბავშვობის მუსიკა, წამოწვე, თვალები დახუჭო და ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდე. იქ ისევ ბედნიერება და ნათელი ფერებია.
11 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და მუცელში პეპლები ვიგრძენი. ძალიან რომანტიკული და ბავშვური ამბავი იყო. არასდროს დამავიწყდება მისგან მორთმეული პირველი თაიგული, ეს, ალბათ, ყველა გოგოსთვის დაუვიწყარია.
მახსოვს დეტალები, მახსოვს თარიღები, სიყვარულის ახსნა პირველად, მეორედ, მესამედ… ისიც მახსოვს, მეასაჯერ რომ ველოდი სიყვარულის ახსნას, ზღვაზე ვიყავი, დიდის ამბით გამოვიპრანჭე, უნდა მეთქვა, ბევრი ვიფიქრე და თანახმა ვარ, მეც მიყვარხარ-მეთქი და ზუსტად მაშინ, მოვიდა და მითხრა, აბა, კარგად, წავედიო (იცინის). მე დავრჩი გამოპრანჭული სახეზე დაყენებული ღიმილით. როგორც ვთქვი, მანამდეც უამრავჯერ ამიხსნა სიყვარული, მაგრამ მე არაფერს ვეუბნებოდი. უფროსი მეგობარი მყავდა, რომელმაც მირჩია, რომ მაშინვე არ გამოვტყდომოდი. თავი დამეფასებინა, ცოტა მეწვალებინა და მერე მეთქვა, მეც-მეთქი. ჰოდა, ისე ვაწვალე, ბოლოს თავქუდმოგლეჯილი გაიქცა (იცინის). მერე დიდი ხანი ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული და ესეც ძალიან რომანტიკული იყო. გადავწყვიტე, რომ ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული, ჩავრთავდი ხოლმე მუსიკას, დღე და ღამე ვუსმენდი და ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ერთად ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა (იცინის). ამის მიუხედავად, ის პერიოდი საოცრად კარგად მახსოვს, უბედნიერესი დრო და შეგრძნებები იყო. მერე ამას მოჰყვა მეორე, მესამე, მაგრამ მიმართლებდა ხოლმე, ცალმხრივად შეყვარებული აღარ ვყოფილვარ, თუმცა, ამასაც მთლად ცალმხრივს ვერ დავარქმევ.
– დაქალის დარიგებები შემდეგ ურთიერთობებშიც მუშაობდა?
– სხვათა შორის, კი. ეს დარიგება ძალიან დიდხანს გამყვა, ყოველთვის ასე ვიქცეოდი (იცინის). საერთოდ, ყოველთვის ძალიან შეყვარებული ვიყავი, სულ ვიღაც უნდა მომწონებოდა, იმასაც მოვწონებოდი, მყვარებოდა და ვყვარებოდი, მაგრამ თან, თავს ვიფასებდი, მალევე არ ვეუბნებოდი, რომ მეც იგივე გრძნობა მქონდა (იცინის). რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს (იცინის).
– ზაფხულზეც გკითხავ – როგორ გაატარე?
– გადასარევი ზაფხული მქონდა. მართლა დავისვენე. ჯერ ესპანეთში ვიყავი წასული დიდი ხნით, შემდეგ ზღვაზე, შემდეგ შვილთან ერთად დავისვენე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქმე არ მიკეთებია. კარგი დასვენება მჭირდებოდა და ისე კარგი გამომივიდა, რომ ბოლოს უკვე დამღალა (იცინის).
– დაბადების დღე ზაფხულში გაქვს, როგორ აღნიშნავ ხოლმე?
– ვაფრენ ჩემს დაბადების დღეზე და ძალიან მიხარია, რომ ზაფხულის შვილი ვარ. ახლა 33 წლის ვარ და ტრადიციულად, 12 წლიდან მოყოლებული, ანუ, 21 წელიწადია, ამ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვატარებ. მე მყავს სამეგობრო წრე, რომელსაც შეიძლება, წლიდან წლამდე ორი-სამი ადამიანი დაემატოს ან გამოაკლდეს, მაგრამ სტაბილურად, 15 გოგოა, რომლებიც ყოველ წელს მოდიან ჩემთან სახლში და გასართობად სხვადასხვა აქტივობებს მოვიფიქრებთ ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინ გამოვიძახე ბავშვების გასართობი პროგრამა, „ბეტმენი“ და „ზორო“. მათ ვუთხარი, რომ ბავშვის დაბადების დღე იყო და 7 წლის პატარებისთვის გვჭირდებოდა გასართობი პროგრამა. არც გოგონებმა იცოდნენ, რას ვგეგმავდი. კარზე რომ ზარი გაისმა და „ბეტმენი“ და „ზორო“ მოვიდნენ, ცალკე გოგონები იყვნენ შოკში, ცალკე ჩვენი – „ბეტმენი“ და „ზორო“ (იცინის). ეს ჩვენი შავი „ზორო“ გათეთრდა (იცინის). თავიდან კი ძალიან გაიკვირვეს, მართლა უნდა ვიცეკვოთო, მაგრამ მუსიკა ჩავრთეთ და ორსაათიანი გასართობი პროგრამა ბოლომდე ამოვაწურინე (იცინის). გვაცეკვეს, ბურთებით გვათამაშეს, დიდი კაბის ქვეშ გვარბენინეს, არაფერი არ დავიკელით (იცინის). დავრბოდით აქეთ-იქით ეს ამდენი და ამხელა გოგოები, ეს გაოფლიანებული და დაქანცული „ზორო“ და „ბეტმენი“ (იცინის). ბიჭები გაქცევაზე იყვნენ, მაგრამ ძალიან კარგად გავერთეთ (იცინის). იმის შემდეგ ვიმუქრები ხოლმე, ისეთ რამეს მოვიფიქრებ, „ზორო“ და „ბეტმენი“ მოგენატრებათ-მეთქი (იცინის). ძალიან მიყვარს ეს დღე და ყოველ წელს ვცდილობ, რომ დასამახსოვრებელი იყოს.
წყარო: https://tbiliselebi.ge