“მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი” – მეუფე მიქაელი (ვიდეო)
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშრებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის უჭერს მხარს ისეთი ვაქცინის შექმნას, რომლის გაკეთების შემდეგაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდება:
„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ, გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი, რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე, ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე, რომ დავიბადე, მაშინ, მაგრამ არ მახსოვს, პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ, მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები“, – განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.