“მეც მიკამათია ჩემს დასთან პატრიარქის დასაცავად” – ირაკლი კაკაბაძე

ნინია კაკაბაძის ძმა,ირაკლი კაკაბაძე დეპუტატ მარიამ ჯაშის მონანიებას ღია წერილით პასუხობს.
“ჩემი ღია წერილი ჩემს ძვირფას მარიამ ჯაშს. ჩემო საყვარელო ადამიანო, გილოცავ ხარებას და დამდეგ აღდგომას. გისურვებ სულ ბედნიერებას და კარგად ყოფნას.
ერთი მხრივ ძალიან მესიამოვნა შენი მონანიების ხმა რომ გავიგე იმ დღეს. ამ საშინელ დროში, როცა ყველა ამპარტავნებას არის აყოლილი და სიმდიდრეს დასდევს და ამაყობს, ძალიან სასიამოვნოა ადამიანის და მითუმეტეს დეპუტატის – ეს ხომ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით პრივილეგირებული კასტაა – გულწრფელი ბოდიშის მოსმენა.
მე ისიც მესმის რომ ჩემი დის გამონათქვამებს ბევრი შეიძლება არ ეთანხმებოდეს. პატრიარქი პიროვნულად მეც ძალიან მიყვარს და ნამდვილად მეც მიკამათია ჩემს დასთანაც და სხვებთანაც პატრიარქის დასაცავად.
მაგრამ, მინდა ძალიან მორიდებულად ორი სიტყვა დავამატო შენს სინანულის სიტყვებს:
ზოგადად ჩვენ რა დღეშიც ვართ დღეს და რა ღირებულებებშიც ვცხოვრობთ – განა ეს არ უნდა მოვინანიოთ?
ვაჭრუკანები გახდნენ ქვეყნის ბატონ-პატრონები და მევახშეებმა მილიონ ადამიანზე მეტი უსახლკაროდ დატოვეს – მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი უსახლკაროდ რჩება და ეს არ არის მოსანანიებელი?
ქვეყანას ოფიციალურად მევახშეები და ბანკირები მართავენ – და მათი სისტემის დამცველები – ისინი ადგენენ წესებს და კანონებს, რომლებიც ქრისტეს კანონებისგან ასე შორსაა – და პოლიცია მხოლოდ მათ იცავს და მთავრობა მხოლოდ მათ ემსახურება – ხალხი აღარავის ახსოვს. ჩვენი პრივილეგირებული კლასი ყველაზე საშინელ ამპარტავნებაშია ჩავარდნილი და ყოველ დღე შიმშილით კლავს ბავშვებს და მოხუცებს – განა ეს არ არის მოსანანიებელი ყოველი ჩვენგანისთვის?
უბრალო მუშის და გლეხის ბედი არავის აინტერესებს – იმ ხალხის ბედი, ვისთვისაც ქრისტე ამ ქვეყნად მოვიდა – განა ქრისტემ არ გვითხრა გაჭირვებულს კარს რომ არ უღებ მე არ მიღებ კარსო – და ჩვენ მაგრად გვაქვს ჩარაზული პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი საკუთარი სახლის რკინის კარებები. განა ეს არ უნდა მოვინანიოთ?
უკვე 26 წელია ქვეყანა კაპიკ-კაპიკ იყიდება ‘ინვესტორებზე’ და ტრანს-ნაციონალურ მონათმფლობელებზე, რომლებსაც ერთგულად ემსახურებიან ადგილობრივი კარიერისტები – ამასობაში კი ჩვენი შვილები შიმშილში დ გაჭირვებაში არიან. განა ეს არ არის მოსანანიებელი?
ჩვენ ყოველდღოურად ვანგრევთ და ვაჩანაგებთ ჩვენს ბუნებას. ვაშენებთ ახალ ჰესებს, რომელბსაც დიდი უბედურების მოტანა შეუძლია. არ გვაინტერესებს სოფლის მოსახლეობის აზრი და არც ქალაქის მოსახლეობისა. დღეს მილიონები გავაკეთოთ და მერე ჩვენი შვილები ან შვილიშვილები გინდაც ჩამხრჩვალან ადიდებულ ზღვაში. განა ეს არ უნდა მოვინანიოთ და თან საჯაროდ?
პოლიციაშიც და სასამართლოში დღეს ისევ ის ხალხია, ვინც მე და ჩემნაირებს გვიჭერდა და აწამებდა. მათი ერთი-ორი უფროსი კომფორტულად ჩასვეს თბილ კამერებში და დანარჩენები დღესაც ახალგაზრდებს, გაჭირვებულებს და ღატაკებს ატერორებენ. აგერ, გუშინაც დაიჭირეს ახალგაზრდები იმისთვის რომ მათ გააპროტესტეს ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ოლიგარქის მაღაროში 6 მუშის დაღუპვა უპასუხისმგებლობის და უკანონობის გამო. განა ეს არ უნდა მოვინანიოთ საჯაროდ?
და საერთოდ: ბოლო 25 წელიწადია ჩვენს ქვეყანაში ღმერთი რომ ფულია და ის ყველაფერს ყიდულობს – მათს შორის სინდისსაც – ეს ხმამაღლა არ უნდა მოვინანიოთ?
მე მჯერა რომ შენ ძალიან კარგი დედა ხარ და ვიცი რომ არ გსიამოვნებს რაც ხდება. ჰოდა, თუ შენ ყველაფერ ამას ინანიებ – მეც შენთან ერთად ვარ და ძალიან საჯაროდ ვინანიებ და პატიებას ვითხოვ ამ ხარება დღეს.
იხარე და იდღეგრძელე. შენი, იკ – ანუ – ანტონინ მარტო” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები