15 წლის ლუკას გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. მოზარდი, რომელმაც “მწვანე სკოლაში” მომხდარი ინციდენტის შედეგად, რაც სკოლის კედლებზე წარწერების დატოვებას ეხებოდა თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.
ლუკას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
მათ შორის, ერთერთი ჟურნალისტი მარიამ ლაცაბიძეა, რომელიც მსგავს ისტორიას იხსენებს:
“მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, ახალგარემონტებული იყო მაშინ ჩემი სკოლა და რაღაცნაირად მთხოვდნენ კედლები დამაწერე რამეო. მეც ავდექი და დავაწერე. რა – აღარ მახსოვს.
მერე იყო გამოძიება. არა, არ გეგონოთ, პოლიცია ჩარეულიყოს საქმეში. შიდა სასკოლო გამოძიება ერქვა იმას, რაც ჩემს ირგვლივ მოხდა მაშინ. თანაც ჩუმად ეს ყველაფერი.
ჯერ გამოარკვიეს, დაახლოებით, როდის გაჩნდა წარწერა, შემდეგ რომელ კლასს ჰქონდა მაგ დროს გაკვეთილი იმ ოთახში, შემდეგ დამრიგებელი დაიბარეს, რომელმაც ყველა თავისი მოსწავლის კალიგრაფია იცოდა. ასე გამომააშკარავეს მეც. რომ მკითხეს, არც დავმალე. ამ დროს ვიგრძენი რაღაც დავაშავე. მანამდე ვერც კი ვხვდებოდი “პატარა ხულიგანი” რომ ვყოფილვარ თურმე.
მერე იყო საყვედური. ვინც მიცნობთ, კი იცით, ჩემი და საყვედურის/შენიშვნის დამოკიდებულება – როგორი ლმობიერიც უნდა იყოს, მაინც ფსიქოლოგიურად მანადგურებს.
ხოდა ამ ერთმა ვისთვის უწყინარმა შენიშვნამაც კი იმდროინდელი მარიამის ღირსება და თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელა.
მეც ავდექი და ჩემი პატარა ხელებით ჩამოვხეხე (ჭურჭლის სახეხი გ(ბ)უბკით ის წარწერა. აბა, სხვა დროს რომ შევხედავდი, ხომ ისევ მიღებული საყვედური გამახსენდებოდა და არა ის, თუ რატომ დავწერე (ახლაც ხომ ასეა, პრინციპში, რა მნიშვნელობა ჰქონდა). დამრიგებელიც მომეხმარა. მეორე დღეს არც ეტყობოდა კედელს იქ თუ რამე ეწერა.
არც პოლიციაში დაურეკავს ვინმეს, არც მშობლისთვის. დედაჩემი საერთოდ ამ სტატუსიდან გაიგებს წლების წინ მომხდარს.. მაგრამ იმდენად ცოცხლად მახსოვს მაშინდელი განცდა, მგონი, არც არასდროს დამავიწყდება.
ხოდა, ახლა წარმოდგენაც არ მინდა, რას განიცდიდა ლუკა გამოკითხვაზე ან თუნდაც მისი ყოფილი კლასელი გოგონა, რომელსაც აიძულეს ეთქვა, ვინ დაწერა კედელზე.
ყველას ჩვენი ეშმაკები გვყავს ამ ცხოვრებაში. თან, ყველას ჩვენი წილი ბედნიერება გვინდა.
მაგრამ როდის?
როცა, 15 წლის ლუკა ლიტერატურიდან ან ფილმებიდან კი არა, პირადი გამოცდილებიდან იგებს ცხოვრების ამაოებასა და “წუთისოფლის მუხანათობას”?!
როდის?! როცა, 11 წლის (პირობითად) თათიას მშობლები პორნოგრაფიის შემცველ ფოტოებსა და ვიდეოებს უღებენ თანხის სანაცვლოდ?
როდის?! როცა, 7 წლის მათეს ოჯახის წევრები მინუს ტემპერატურაში გარეთ აგდებენ საჭმლის ფული გამოართვი მოწყალე ადამიანებსო?!
და კიდევ რამდენი პასუხგაუცემელი “როდის” არსებობს ამ ულმობელ ცხოვრებაში”. – წერს ჟურნალისტი.