მეღვინეობაზე ბავშვობიდან შეყვარებულმა კალათბურთელმა – ვლადიმერ ბოისამ, ღვინოსთან ერთად, ჭაჭისა და კონიაკის წარმოება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა სამი წლის წინ დაიწყო.
მან საკუთარი ბრენდი „ბოისა“ შექმნა. სიახლე ისაა, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ახლა უკვე კონიაკს და ჭაჭასაც აწარმოებს. ბოისას ღვინო, საქართველოს გარდა, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იყიდება. ვლადიმერ ბოისა ღვინოს 8000 წლის წინანდელი ქართული ტრადიციით 100 წლის ქვევრებში ამზადებს. ის ამბობს, რომ მეღვინეობა ბავშვობიდან აინტერესებს და ძალიან უყვარს. ბოისა ღვინოს მეგობრის მარანში აყენებს, რომელიც ტექნიკურად არ არის აღჭურვილი, რის გამოც ყველაფერს ხელით აკეთებს.
,,ღვინოს ჩემი მეგობრის, ოთარ ბრეგვაძეს ძველ მარანში ვაწარმოებთ, ეს მისი პაპის დროინდელი მარანია. ბავშვობიდან მაინტერესებდა მეღვინეობა და მიყვარდა ეს საქმე. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, დამეყენებინა რქაწითელის ღვინო, ძველი ქართული ტრადიციით, ქვევრში და დაძველებით. ეს არის 8 000 წლის ტრადიციით გაკეთებული ღვინო, რომელიც 100 წლის ქვევრებში ინახება. პირველი რთველი 2014 წელს გვქონდა, მომავალ წელს კი უკვე ბოთლებში ჩამოვასხით.
თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჩამომესხა ღვინო, მაგრამ ისე მომეწონა ეს პროცესი – ჩამოსხმა, დაყენება, რომ გადავწყვიტე, ცოტა მეტი მეწარმოებინა და მცირე ბიზნესი დამეწყო. ბევრმა ცნობილმა და გამოცდილმა ადამიანმა ამ კუთხით მომცა რჩევა და მათი რჩევები გავითვალისწინე. ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი და ლოგო ცნობილმა სლოვენიელმა დიზაინერმა გამიკეთა.
ძალიან მიყვარს კახეთი და ეს საქმე. ღვინის დაყენებაში მეხმარება ჩემი მეგობარი – ოთარ ბრეგვაძე, მის მარანში არანაირი ტექნიკა არ გვაქვს, მარტო ელექტროენერგიაა შეყვანილი და ყველაფერს ვაკეთებთ ხელით, ეტიკეტებსაც ჩვენ ვაკრავთ. მაქვს ფეისბუქის გვერდი Boisa Brandy & Wine, საიდანაც როგორც ქართველს, ასევე უცხოელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციისა და ტექნოლოგიის შესახებ. ასევე, ვაპირებ, შევქმნა საიტი boisa.ge“, – განუცხადა “knews.ge”-ს ვლადიმერ ბოისამ. ​
როგორც უვე ვთქვით, „ბოისას“ ბრენდის ალკოჰოლური სასმელები, საქართველოს გარდა, სლოვენიასა და ავსტრიაში უკვე იყიდება. საქართველოში ბოისას ღვინის, კონიაკისა და ჭაჭის ყიდვა მხოლოდ თბილისში, რამდენიმე ადგილას არის შესაძლებელი.
ვლადიმერ ბოისა ამ ეტაპზე საშუალოდ 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, სამომავლოდ კი წარმოების გაზრდას 15 000 ბოთლამდე გეგმავს. ,,2020 წლისთვის გვინდა 10 000-დან 15 000 ბოთლამდე ვაწარმოოთ. ჩვენი მიზანია წარმოების გაზრდა და თუ კარგად წავა ჩვენი საქმე, გვინდა საქმიანობის გაფართოება. ჩვენი ღვინო იყიდება თბილისში, ღვინის გალერეაში, ასევე, მაღაზიებსა და რესტორანში.
ერთი ბოთლი 22 ლარი ღირს და მიხარია, რომ გამოცდილ მეღვინეებს მოსწონთ პროდუქცია. ღვინის გარდა, ჩემი გემოვნებით და ტექნოლოგიით ვამზადებ ჩვენი ბრენდის კონიაკსაც. ისიც ღვინოსთან ერთად საზღვარგარეთ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ყოველ კვირას ვიარო კახეთში და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე.
მინდა ხალხი მიცნობდეს როგორც არა მარტო კალათბურთელს, არამედ როგორც მეღვინესაც’’, – აღნიშნავს ბოისა. ​სამომავლოდ, ბოისას მარანი კახეთში იქნება კიდევ ერთი ადგილი, სადაც ტურისტები უძველესი ქართული ტრადიციით ღვინის ჩამოსხმისა და დაყენების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნობიან .

წყარო:http://allwine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები