1961 წლის 19 ნოემბერს მომღერალი და პოეტი ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა. ირაკლი ჩარკვიანმა ქართულ მუსიკალურ სივრცეში სრულიად ახალი მიმდინარეობა შექმნა. ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო . მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო „ტაქსი“. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.
„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები. ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children’s Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.
ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.
1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი“.
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ 2001 წელს გამოჩნდა . ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი’78“.
2004 წელს გამოცემული ალბომი „სავსე“, ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას დაემთხვა. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკუთარ სიმღერებზე ახალ ვიდეოკლიპებს საკმაოდ ხშირად იღებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.
2006 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსებმა და ჯგუფებმა „33ა“-მ, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“-მა, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბამ“ და სხვებმა მის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნეს. დისკს ქაღალდის გემი – Tribute ალბომი ეწოდება.
მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“ გამოიცა. შემდგომში მსგავსი სახით გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“ გამოჩნდა.