„მეუღლეს გაუჭირდა იმის აღიარება რომ ასეთი შვილი გვყავდა და წავიდა“ – რით ცხოვრობს სოფლად „ნიჭიერის“ ყველაზე ძლიერი მონაწილე
38 წლის თამარ ყველაშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ორი წელია დედოფლისწყაროში, სოფელ ოზაანში გადავიდა საცხოვრებლად. ამის მიზეზი მისი მცირეწლოვანი შვილია, რომლის ჯანმრთელობას ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადი სჭირდებოდა. თამარმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სიმღერაც დაიწყო. მისმა „გალობამ“ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრები ფეხზე წამოაყენა, ნაწილი აატირა კიდეც.
თამარი:
– დათუნა ჩემი მეორე შვილია. პირველი ქლიშვილი 10 წლის არის… დაბადებიდან 20 დღის შემდეგ დაიწყო შეტევები. დღეში 150 -ჯერ მაინც ვარდებოდა კრუნჩხვაში. ექიმებმა მითხრეს, რომ მას ვესტის სინდრომი სჭირდა, ეს არის ეპილეფსიის უიშვიათესი ფორმა. საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანს აქვს ეს სინდრომი, ოღონდ მე ჯერ ვერ მივაკვლიე ვერცერთ მათგანს… დათუნას არ ჰქონდა მხედველობა, სმენა, ვერ მოძრაობდა. დავიწყე უცხოეთში რეკვა, ექიმების ძიება, მსგავსი პაციენტების ძებნა. იქ წასვლის საშუალება არ გვქონდა, ვუყვებოდი ექიმებს დათუნას ამბებს და რჩევებს ვეკითხებოდი. ამ ძიებაში აღმოვაჩინე სტატია, სადაც ეწერა, რამდენი ადამიანი განიკურნა მუსიკით. თავიდან ვასმენინებდი ძველ კლასიკურ ნაწარმოებებს, მოცარტს. მერე თავადაც დავიწყე სიმღერა. ვგრძნობდი რომ დათუნაზე ეს კარგად მოქმედებდა და ნელ-ნელა გავზარდე რეპერტუარი. თავიდან ძალიან მიჭირდა სიმღერა, მაგრამ როცა ვნახე შედეგი იყო, გამიმარტივდა.
– როდის იყო პირველი შედეგი?
– 9 თვის ასაკში. რომ დაიბადა დათუნას 100 %-იანი სიბრმავე ჰქონდა. 9 თვის ასაკში მხედველობა დაუბრონდა და ახლა ჩვეულებრივად ხედავს. ექიმებმა მითხრეს, რომ მიძინებული რეცეპტორები სწორედ ემოციამ გააღვიძა. თავად ექიმებსაც არ სჯეროდათ მხედველობა რომ აღდგა. გადამოწმება დაიწყეს, დიაგნოზში ხომ არ არის შეცდომაო.
– მხედველობა აღდგა… რა პრობლემა დარჩა?
– სმენაც აღუდგა, მოძრაობს მუსიკის გაგონებაზე.მწოლიარე ცეკვავს, ხტუნავს.
– მუსიკალური განათლება გაქვთ?
– არანაირი. უბრალოდ 20 წლის წინ ტაძარში ვგალობდი.
– „ნიჭიერმა“ როგორ გიპოვნათ?
– გურჯაანში იყო ქასთინგი. ჩემ შვილებთან ერთად მივედი და ვცადე ბედი.
– დამატებითი ოქროს ღილაკი გამოიყენა თქვენი სიმღერის შემდეგ ჟიურიმ...
– ვერც მივხვდი რა მოხდა, უკვე კულისისკენ მივდიოდი, ახლაც ემოციებში ვარ.
– როცა ამ თემაზე საუბრობთ, ცრემლებს ვერ იკავებთ. როგორ ახერხებთ აუდიტორიის წინ სიმღერისას ემოციების შეკავებას?
– ძალიან ძლიერი ვარ. ბევრ სირთულეს გავუმკლავდი მარტო. დათუნამ უძლიერეს ქალად მაქცია. მოვწყდი მშობლიურ ქალაქს, გადავიხვეწე ჩემთვის სრულიად უცნობ ადგილას მიტოვებულ სახლში და ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ამას ბევრი კაციც ვერ გააკეთებდა.
– ვინ გიდგათ გვერძე, ვინ გამხნევებთ, ვინ გეხმარებათ მეუღლის გარდა?
– მეუღლეც არ მყავს.
– დათუნას დაბადების შემდეგ მიგატოვათ?
– მთლად მიტოვებაც არ ჰქვია ამას. ალბათ გაუჭირდა იმის აღიარება რომ ასეთი შვილი გვყავდა. წლის და 8 თვის იყო პირველად რომ ნახა დათუნა. მერე… ამაზე ლაპარაკი არ მინდა. დახმარებას რაც შეეხება, თავად ვეხმარები შვილებს. მოსწავლეები მყავს, ინგლისურს ვასწავლი ბავშვებს. კომპიუტერული პროგრამებიც ვიცი. არავის დახმარება არ მჭირდება. ყოველდღური ცხოვრებისთვის შემოსავალი ნამდვილად არ გვიჭირს.
– მართლაც ძლიერი ხართ, ყველაზე მძიმე მომენტში მიგატოვათ ქმარმა და აუგად მაინც არ იხსენიებთ.
– ეს არაფერს შეცვლიდა.
წყარო:http://nichieri.primetime.ge
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=6-iHByWBFT4[/youtube]