მერსი სულხანიშვილი “ნიკორაში” მომხდარ ინციდენტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. როგორც სულხანიშვილი წერს, გავრცელებულ ვიდეოში სრულად არ იყო ნაჩვენები, რაც მაღაზიაში მოხდა. “კვირა+” მერსის სტატუსს უცვლელად გთვაზობთ: „სამი დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო ფრაგმენტულია და არ ასახავს ყველაფერს, რაც შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. მე გამამტყუნეს იმის გამო, რომ უხეშად მივმართავ მაღაზიის კონსულტანტებს, ამის შემდეგ კი, უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ბევრად უარესი ტექსტები მოვისმინე, რაც ცოტა პარადოქსულია. ასეა თუ ისე, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ის, რაც „ნიკორაში“ მართლა მოხდა. ვინც დაინტერესებულია, ამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავს. ხუთშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის „ნიკორაში“ ვყიდულობდი პროდუქტებს. ერთ-ერთმა კონსულტანტმა შემომთავაზა დახმარება, გადავუხადე მადლობა და უარი ვუთხარი. რამდენიმე წამში, მეორე მხრიდან დამეჯახა ახალგაზრდა ბიჭი და იოგურტის ბოთლზე მიმითითა, შენ ეგ არ გეყოფა, დიდი ბოთლი აიღეო. სრულიად უცნობი ადამიანი მომმართავდა შენობით და თან ყვირილით. არ ეცვა ფორმა, თუმცა ეკეთა ბეჯი, რითიც მივხვდი, რომ საწყობის თანამშრომელი იყო. მას არ ჰქონდა უფლება, ეკონტაქტა მაღაზიის კლიენტებთან, მითუმეტეს ასეთი ფორმით. მშვიდად ავუხსენი, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ შეეძლო, ჩემთვის ასე მოემართა. ბიჭმა ირონიული ტონით მიპასუხა, ამერიე და იუმორზე აცრილი ხარო. ასე შენიანებს მიმართე-მეთქი. გავბრაზდი და მივაძახე, ძონძი ხარ, ზრდილობა არ გაქვს, მიმართვა ისწავლე-მეთქი. პასუხად მივიღე სიტყვა „გააჯვი“. ეს ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს. არსებობს „ნიკორას“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა, მაგრამ არ ისმის ხმა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარ გაბრაზებული, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც ლექსიკას. ვითხოვდი, ეთქვათ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომ გადამეცა სათაო ოფისისთვის. უკვე გამწვავებულ ვითარებაში ჩაერთო მენეჯერი, რომელთანაც ანალოგიური მოთხოვნა მქონდა. მან არც თანამშრომლის გვარი მითხრა, არც თავისი, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა. საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მას, ასეთი უხეში მიმართვისთვის, რადგან იმ სიტუაციაში ის დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა. შემთხვევიდან 40 წუთში მოვიდა შპს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი, რომელიც მოწმეა, როგორ აგრძელებდა ჩემთან უხეშად საუბარს საწყობის თანამშრომელი. იმეორებდა ფრაზას: „როგორც მინდა, ისე დაგელაპარაკები.“ ნამდვილად არ ვიცი, რა დავუშავე ამ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ მომხდარის შემდეგ, შპს „ნიკორა“ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას, თუმცა კომპანია იცავს მხოლოდ საკუთარი თანამშრომლის, და არა კლიენტის უფლებებს. მე მესმის, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება, არ ვამტყუნებ არავის. მეც ანალოგიური რეაქცია და აგრესია მექნებოდა. ვემიჯნები და ვგმობ უცენზურობას, შეურაცხყოფას. ვიდეოში ისმის ჩემი ფრაზა: “მე იცი ვინ ვარ?” ვგულისხმობ იმას, რომ შპს „ნიკორაში“ მე ვარ რიგითი მომხმარებელი. თუმცა, მათ არ იციან, რომ თუკი დავინახავ რაიმე არასწორს, საჭირო ადამიანი აუცილებლად შეიტყობს. ამ კომპანიაზე გული შემტკივა თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი. სამწუხაროა, რომ ხალხმა კონტექსტი არასწორად გაიგო. მე ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული ამბიცია. ვარ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს. ჩვენ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ბოდიშის მოხდა არასდროს მეუხერხულება. მე ძალიან კარგად ვიცი, დამნაშავე ვარ თუნდაც იმის გამო, რომ ჩემმა არასწორ კონტექსტში გაჟღერებულმა ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. მე არასდროს გამოყენებია ჩემი სახელი ბოროტად და არც ვაპირებ ასე მოქცევას. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ყველანაირი კომენტარისგან, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა სიმართლე. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბოდიშს ვუხდი იმ მედიაჰოლდინგსაც, რომელსაც წარმოვადგენდი. რადიო „აფხაზეთის ხმას“ ჩემ გამო შეექმნა პრობლემები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბოდიშს ვუხდი მსმენელებსაც. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, გაიგონ სიმართლე. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია”, – წერს სულხანიშვილი.