მერი, რომელმაც საკუთარი თანამშრომლები მანქანებიდან ველოსიპედებზე ჩამოსვა – რობერტ ბიედრონის არაჩინოვნიკური ცხოვრება (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
უკვე თითქმის ერთი წელია, რაც პოლონეთის ქალაქ სლუპსკის რობერტ ბიედრონი მართავს. სეიმის ყოფილი წევრი ქალაქის მერად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და მკაცრი ევროპული რეფორმების გატარებას უმალ შეუდგა. ქალაქის საბჭოს წევრებს მან სახელმწიფოს სახსრებით შეძენილი ტელეფონები ჩამოართვა და თვითმმართველი ორგანოს ბალანსზე აღრიცხული მანქანებიდან, ისინი ჩვეულებრივ ველოსიპედებზე გადმოსვა. როდესაც ახალ მერს პრემიების სია წარუდგინეს, სადაც, სხვა თამშრომლებთან ერთად, მისი გვარიც ამოიკითხა, ბიედრონმა დოკუმენტს უბრალოდ რეზოლუცია დაადო და პრემიებზე გამოწერილი თანხები მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაურიცხა.
რობერტ ბიედრონის მკაცრ და ინოვაციურ რეფორმებს, ადგილობრივი მთავრობაში თავდაპირველად უკმაყოფილებაც მოჰყვა. სამაგიეროდ, მან ქალაქის მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და სიყვარული მოიპოვა. ის რიგითი სლუპსკელების მეგობარი და თანამოაზრე გახდა. ჩინოსნის კაბინეტის გარდა, სად არ ნახავთ მას – სპორტულ მარათონში, ცხოველების გარემოცვაში, მეტროში მგზავრობისას, ან ველოსიპედით სამსახურისკენ მიმავალს, ცაში პარაშუტით მფრინავს, სახანძრო მანქანის საჭესთან, ჟურნალისტის ამპლუაში თუ, უბრალოდ, დაქორწინებული წყვილის მოხალისე ხელისმომკიდედ.
ადგილობრივები უკვე შეეგუვნენ იმ სასიამოვნო მოულოდნელობებს, რომელიც ქალაქის მერის სახელს უკავშირდება. აივანზე სიგარეტის მოსაწევად გამოსულს, ხშირად შესაძლოა, ქუჩაში მოსიარულე მერი გადაგეყაროთ, რომელიც თქვენთან ერთად იქვე ჩამოდგება და საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს გაგიბავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ყველაზე ადამიანური და უბრალო ქალაქის მერი ჰყავთ.
რობერტ ბიედრონი 1976 წლის 13 აპრილს პოლონეთში დაიბადა. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ვარშავის პოლიტიკური სკოლის დიპლომი, ასევე ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის სკოლის დიპლომი. ის არის კაზიმიერ პულასკის ტექნიკური უივერსიტეტის ბაკალავრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრი.
2005 წელს ბიედრონი სეიმის ქვედა პალატის წევრი იყო პოლონეთის პარლამენტში. 2014 წლის 6 დეკემბრიდან კი ხმათა 57%-ით არჩევნები მოიგო და ქალაქ სლუპსკის მერი გახდა.
ზაზა გიგაური
https://www.youtube.com/watch?v=Rzj_axWQSjs&feature=youtu.be