“მეკითხებოდნენ, რატომ დაუშვა ეს ღმერთმაო” – მამა შალვა სტიქიის შემდგომ განწყობაზე საუბრობს

დედაქალაქში მომხდარი სტიქიის დროს მოხალისე ახალგაზრდების გვერდით ბევრი სასულიერო პირი ვიხილეთ. მოძღვრები გაწმენდით სამუშაოებში ფიზიკურად იღებდნენ მონაწილეობას… ხორციელ საკვებთან ერთად ისინი სულიერ საკვებსაც უნაწილებდნენ მოყვასისათვის უანგაროდ მომუშავე ადამიანებს.
ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზიშალვა კეკელია ერთ-ერთია იმ მოძღვართაგან, რომელიც ახალგაზრდა მოხალისეების თავგანწირული შრომის თვითმხილველი გახდა.

– სტიქიის შემდეგ საპატრიარქოს დავალებით სასულიერო პირებმა მოხალისეებს საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი მივუტანეთ. თავიდან არც გვიფიქრია, რომ დასუფთავების სამუშაოებში მივიღებდით მონაწილეობას. როცა საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მუშაობდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, მათ შემყურეს გულმა ვერ გაგვიძლო და სასულიერო პირებიც ფიზიკურად დავუდექით გვერდით მოხალისეებს.

– მამაო, ამ მძიმე და დაძაბულ დღეებში ყველაზე მეტად რამ იმოქმედა თქვენზე?
– დიდი ტრაგედია მოხდა… ჩვენს მოძღვარს, მამა გიორგი ჯიბუტს შვილი, ივლიტა გარდაეცვალა… ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა… ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სახლ-კარის დაკარგვას ეშველება, შეუძენენ, მაგრამ როცა ადამიანი გარდაიცვლება, ეს ყველაზე ტრაგიკული მომენტია. ამის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ ისეთი დადებითი დამოკიდებულება დავინახე, რომ მსგავსი არ მინახავს. თითოეულ მათგანში ერთსულოვნება იგრძნობოდა… ახალგაზრები ყოველგვარი ანგარების გარეშე, სიყვარულით შრომობდნენ… თანამედროვე თაობაზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. წარმოდგენაც უკეთესობისკენ შემეცვალა. სიყვარული დავინახე თითოეულ მათგანში, სიყვარული მოყვასისა და თავიანთი სამშობლოსი. ქვეყნის ჭირმა ერთმანეთს ძალიან ბევრი ადამიანი დააახლოვა. მოდიოდნენ ისეთებიც, ვისაც ღმერთზე თავისებული წარმოდგენა ჰქონდათ. ანუ საერთოდ არ სწამდათ ღმერთის. მოძღვრების ფიზიკური შრომა რომ დაინახეს, გაკვირვებულები გვიყურებდნენ. მოწიწებით გვექცეოდნენ… რამდენიმემ წყალიც შემოგვთავაზა. ცდილობდნენ ჩვენ მიმართ ყურადღება გამოეჩინათ… ძალიან ბევრი სასულიერო პირი იღებდა სამუშაოებში მონაწილეობას. ბერები მამათა მონასტრებიდან ჩამოვიდნენ. ერი და ბერი გავერთიანდით ქვეყნისა და მოყვასისათვის.
ბედნიერი ვიყავი იმ გაგებით, რომ ერთიანს ვხედავდი მოსახლეობას. ადამიანებს თურმე როგორ ყვარებიათ ერთმანეთი. როცა ადამიანს სხვისი ტკივილის გაზიარება, სხვისი ტკივილით ცხოვრება შეუძლია, ეს დიდი წარმატებაა.
mshoblebi
– გარდა იმისა, რომ ფიზიკური მუშაობით მოხალისეებს სტიმულს აძლევდით, ალბათ სულიერადაც ამხნევებდით და ანუგეშებდით ამ ადამიანებს?
– ახალგაზრდებთან ძალიან ბევრი ვისაუბრეთ… ბევრი მოვიდა კიდეც ჩემთან ეკლესიაში და ეკლესიური ცხოვრების, მარხვის დაწყების სურვილი გამოთქვა. ყველა მათგანს გულში ჩავეხუტებოდი და მოვეფერებოდი… ცდილობდნენ როგორმე მოეძებნათ დაკარგული ადამიანების ცხედრები და ახლობლებს ამით დახმარებოდნენ. ერთი ახალგაზრდა იყო, კოტე ერქვა. დადიოდა და ეძებდა ცხედრებს, მართლაც, მან სამი მიცვალებული ნახა და ამით მათ ოჯახის წევრებს დაეხმარა. ერთი საქმის, მოყვასის დასახმარებლად გაერთიანდა ერი და ბერი. სამი დღის განმავლობაში დავდიოდით სტიქიის ადგილას. მესამე დღეს მოძღვრები უკვე სამუშაო ფორმით წავედით.

– მოხალისე ახალგაზრდები, ალბათ, გარკვეული კითხვებითაც მოგმართავდნენ…
– ერთმა მკითხა, რატომ ხდება ასეთი რაღაცები? რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? ღვთის ნების გარეშე შეიძლება მოხდეს რამე? მე ვუპასუხე, რომ ღვთის ნების

გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს ადამიანების უბედურება, სიკვდილი უნდა. ღმერთი ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ აკეთებს, რათა ღვთისკენ მოვექცეთ და ვცხოვნდეთ. განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები ამქვეყნად დროებით ვართ. ჩვენი მარადიული საცხოვრებელი უფალია. ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება- სულისგან და სხეულისგან. სხეული წარმავალია. დაქვედებარებულია სიბერეს, ხრწნადობას, ავადმყოფობას. როგორც კი სული სხეულიდან ამოდის, სხეული მაშინვე გვამი ხდება. ადამიანის სული კი არ კვდება და მარადიულობაში გადადის. ვიღაც ამ ქვეყნიდან ღვთის ნებით გადის, ვიღაცას უხანგრძლივდება ამქვეყნიური ცხოვრება, რათა ღვთისკენ მოექცეეს, ან მეტი სიკეთე გააკეთოს, ან კიდევ ღმერთმა შეიწირა უკვე მისი წმინდა ცხოვრება, პატიოსნება და ამ სიწმინდის გამო გაჰყავს ამ ქვეყნიდან და ცოდვას არიდებს. ასეთ პასუხებს ვცემდი ამ ადამიანებს, ზოგი კმაყოფილდებოდა, ზოგი არა, ზოგმა მითხრა, ტაძარში მოვალ და იქ უფრო დაწვრილებით გაგესაუბრებითო… მინდა სათითაოდ მადლობა ვუთხრა მოხალისე ახალგაზრდებს. ეს დადებითი მუხტი არ უნდა დაიკარგოს და ბოლომდე შევინარჩუნოთ.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები