“საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მმართველი პარტიის – “ხალხის მსახურის” დეპუტატთან, ელიზავეტა იასკოსთან რომანი აქვს”, – წერს უკრაინული მედია.
როგორც გამოცემა Strana-ს სააკაშვილისა და იასკოს გარემოცვიდან წყარომ განუცხადა, წყვილი ერთმანეთს ზაფხულიდან ხვდება და მათ “სერიოზული ურთიერთობა აქვთ”.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, უკრაინელი დეპუტატი დროდადრო სააკაშვილის აგარაკზე, დაბა ლესნიკშიც ცხოვრობს, სადაც მიხო ორდონიან მიწის ნაკვეთს ფლობს, აქ ჩადგმულია სამი სახლი, აუზი და შადრევანი.
მედია წერს, რომ მიხოსა და ლიზას პირველი ერთობლივი ფოტოები ივნისიდან გამოჩნდა, რომლებიც ოფიციალურ შეხვედრებს ან სამუშაო მომენტებს არ ასახავდნენ, ასევე, წყვილი მეგობრების სახლშიც იყო შემჩნეული.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ უცხო თვალისგან პირადი ცხოვრების დასაფარად სააკაშვილმა რამდენიმე მეტრით გაზარდა ჭიშკარი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი თითქოს საგულდაგულოდ მალავდა ურთიერთობას, ისინი წვეულებებზე ჩნდებოდნენ, მედიამ კი 13 ოქტომბერს საინტერესო ნიუანსი დააფიქსირა. ლიზა, როგორც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ კომიტეტში, ონლაინსხდომაში მონაწილეობდა. უკრაინელი ჟურნალისტებისთვის კი გახდა ცნობილი, რომ ის სააკაშვილის კაბინეტიდან ჩაერთო, მის სავარძელში იჯდა, რომლის უკან სააკაშვილის ქართულ-უკრაინული წიგნების თარო მოჩანდა. სააკაშვილსაც ჩაუწერია აღნიშნული ოთახიდან ვიდეომიმართვები.
ნოემბრის დასაწყისში ლიზამ განაცხადა, რომ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო, მანამდე ვირუსი სააკაშვილს დაუდასტურდა.
ის, რომ სააკაშვილს იასკოსთან რომანი აქვს, იციან მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. Strana-ს ანონიმურობის დაცვის პირობით რამდენიმე დეპუტატმა სასიყვარულო კავშირის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ამბობენ, რომ ბოლო დროს “ლიზა ბედნიერებისგან ბრწყინავს”, მიუხედავად მიხოსთან ასაკში სხვაობისა.
“თუმცა, ბევრისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ლიზას ეს კაცი. ეს ის ადამიანიც კი არ არის, რომელიც მას კარიერის აწყობაში დაეხმარება. სააკაშვილი კი მრავალი რომანით არის ცნობილი, ყველამ იცის, რომ მას ახალგაზრდა უკრაინელი გოგოები იზიდავს”, – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი.