“მედგიდი” ისევ გააქრეს… არ ვიცი, ვის რას ვუშავებდით, როცა გაუმართავი სისტემის გვერდით ვიდექით” – სოფო ჯაფარიძე
კიდევ ერთხელ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულ და მძიმე საკითხზე მიწევს საუბარი – “მედგიდი” ისევ გააქრეს , – ამის შესახებ სამედიცინო „ფეისბუქ -ჯგუფის“ “მედგიდი“ დამფუძნებელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაგეგმილი კიბერთავდასხმის შედეგად მოხდა.
“როგორც გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენი ჯგუფი სოციალური ქსელიდან გაქრა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ახალი ჯგუფი შევქმენით და ერთ კვირაში „მედგიდმა” 75 000 ადამიანი გააერთიანა. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. გამორიცხულია, რომ „ფეისბუქს“ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მანვე განმარტა, რომ მისთვის უცნობია, ამ ყველაფრის უკან ვინ შეიძლება იდგეს.
“არ ვიცი, ვის რას ვუშავებდით, როცა გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით. არ ვიცი, ეს რა მიზანს ემსახურება, მაგრამ ცხადია, რომ „მედგიდი“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულიად უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. თქვენ ეს ერთადერთი იმედიც გაუქრეთ.
„მედგიდის“ დაარსების წუთიდან, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმესთან ჯიბრში დგომა ან უაზრო კრიტიკა. რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს? გვერდით გიდგავართ და ძალიან ხშირად თქვენს გასაკეთებელსაც ჩვენ ვაკეთებთ. როდესაც ქვეყანა არის მძიმე ომშია, იმის ნაცვლად, რომ გამოგეყენებინათ, რაც არაერთხელ შემოგთავაზეთ, და ერთად გვებრძოლა ამ უხილავ მტერთან, ისევ ჩვენ გვებრძვით. უმჯობესია, რომ ჩვენთან ბრძოლის დრო ადამიანებზე ზრუნვაში დახარჯოთ, რადგან ისინი სრულიად უპატრონოდ არიან დარჩენილი.
გპირდებით, რა დროსაც დავინახავთ, რომ საზოგადოებისთვის აღარ ვიქნებით საჭირო, თავადვე გავქრებით. არ გვებრძოლოთ, რადგან ისევ გავაკეთებთ ჯგუფს და გავაგრძელებთ ადამიანთა დახმარებას. გამოიყენეთ ეს დრო, რათა ჩვენთან ერთად მოქალაქეებს დაეხმაროთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
წყარო: ambebi.ge