” მეგონა, ეს 30-40 წუთი 3 საუკუნე გაგრძელდა” – ჟურნალისტი ნინო სტურუა 7 ნოემბრის მოვლენების ეპიზოდს იხსენებს
დღემდე არ ვიცი, რატომ ჩავიცვი 2007 წლის 7 ნოემბერს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი??? თუმცა მაინც ქალური სიამაყით ვაცხადებ, ისე ვირბინე რიყიდან ორთაჭალამდე, არათუ წავიქეცი, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ!
შიში ოხერიაო ამბავი იყო აშკარად …
ბევრს ნამდვილად არაფერს გავიხსენებ და არც დავწერ, ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით და ყველას ჩვენ ჩვენი გვაქვს გასხსენებელი იმ საშინელ დღეზე…
მხოლოდ რამდენიმე დეტალი, რაზეც პრინციპში არც არასოდეს თქმულა და მე პირადად ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება…
– აბსოლუტარად ზუსტად მახსოვს თითოეული მაშინდელი პოლიტ-ლიდერი, ვინც ხალხის გვერდით ბოლომდე იდგა და რაც მთავარია, ისინი მახსოვს ზუსტად! ვინც რიყის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო ტერიტორიის ჩუმ-ჩუმად დატოვება…. ( ოდესმე ალბათ გვარებსაც ვიტყვი)
– არასოდეს დამავიწყდებიან ის უბრალო ადამიანები, რომლებიც სადარბაზოებთან გვხვდებოდნენ, სახელდახელოდ გამზადებული მარილიწყლიანი ტილოებით და სუნთქვას გვიბრუნებდნენ…
– ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ოჯახი, სადაც რამდენიმე საათით თავი შევაფარეთ… რამდენიმე ლიდერთან ერთად…
– და ბოლოს, ოფისი გრიბოედოვზე, სადაც იმ საშინელ საღამოს, ყველა ლიდერი ერთად შეიყარა…
სცენა იყო ასეთი: ყველა მაშინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პლიუს რამდენიმე ადამიანი, მთლიანობაში დაახლოებით 50-60 კაცი…
ისეთ სიჩუმეში ვისხედით, მართლა ბუზის გაფრენას გაიგებდი.
ამ დროს ვიგებთ “იმედში” შეჭრის ამბავს და სანამ ვინმე ემოციის გამოხატვას მოასწრებდა, შემოდის ერთ-ერთი იქ მყოფი და სახეზე მიყინული ღიმილით ცდილობს მშვიდად გვამცნოს: “მოვიდნენ!”
ხმა არავის გაუღია…
მე მშვიდად ავდექი და ქურქი ჩავიცვი… ეტყობა გაყინვა არ მომინდა პოლიციის ჯურღმულებში….
დაახლოებით 10 წუთში “მაცნე”ისევ შემოდის და ამბობს:
” შენობის გარშემო განლაგდნენ!”
მე ქურქი გავიხადე, დამცხა აშკარად და სულ აღარ მაინტერესებდა “გასკვანჩული” გავიყინებოდი, თუ არა…
კიდე 10 წუთში, “მაცნე” :
” გლაზოკი გადასკოჩეს” ( ბოდიში უცხო სიტყვებისთვის) და კარებიდან იარაღის ჩხაკუნის ხმები ისმის!”
მე – ისევ ვიცმევ ! ეს უკვე აშკარად ციებ-ცხელება იყო!
და, იცით რა მოხდა მერე??? დაახლებით 30-40 წუთი ვისხედით ყველანი ერთ ოთახში, სამარისებულ სიჩუმეში და ველოდებოდით…. მე დაჭერას და სხვებიც ალბათ იგივეს….
მაშინ მეგონა, ეს 30-40 წუთი 3 საუკუნე გაგრძელდა…. და ერთმა ღმერთმა იცის, რაც მაშინ თითოეულმა ჩვენგანმა გადაიტანა…
და სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი რა მოხდა, როდესაც უეცრად ისევ ის ” მაცნე” შემოვიდა და ისევ ისტერიული სიმშვიდით გვამცნო:
“წავიდნენ…”
ცოტა იუმორით კი გავიხსენე ის საშინელი დღე, მაგრამ სიტყვა არ დამიმატებია და თან როგორც ჭეშმარიტი ქართველი, მართლა გულით ვცდილობ, იუმორით შევხედო უკვე ყველაფერს…
ძალიან დავიღალე ბოლო 25 წელია და იმიტომ….