მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ტრადიციების მქონე ქვეყანა რჯულით – ქრისტიანი, ბუნებით კი ურჩი და ამპარტავანია… ცალი თვალით დიონისოს კულტისკენ მომზირალი, ხელით ჯვარს ისახავს, გულით მრისხანებს, გონებით დაბინდულია… ქრისტემ ისეთი რელიგია ჩამოაყალიბა, ვერც ვერაფერს მოვაკლებთ და ვეღარც დავამატებთ…
გვსურს, დავიმორჩილოთ, ვიდრე დავემორჩილოთ.
ღმერთმა ერთი დღით მაინც განუსაზღვრელი უფლებები რომ მოგვანიჭოს, ძველი აღთქმის კბილი კბილისა წილ მონაგონი იქნებოდა, ისეთ ბართლომეს ღამეებს დავატრიალებდით.
იესოს ჯვარცმა პირველ საუკუნეში არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება და წამებაში, ურწმუნოებზე მეტად, ჩვენ, მორწმუნეები ვმონაწილეობთ. ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობთ, სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევებას რომ ქადაგებს… დღემდე გვიკვირს, ავაზაკი პირველი როგორ შევიდა სასუფეველში, რატომ გადაეფარა უფალი ჩასაქოლად განწირულ მრუშ დედაკაცს, რატომ მიიღო უძღები შვილი, რატომ დააჯილდოვა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, აღდგომის შემდეგ პირველი რატომ გამოეცხადა მაგდალინელს…
გეთსიმანიის ბაღში სისხლის ცრემლებით თავის ტკივილს არა, ადამიანების დაუნდობლობასა და უმადურობას დასტიროდა იესო. იმას განიცდიდა, მას კი არა, კაცობრიობა თავის თავს რომ უმზადებდა სასჯელს…
ვინ არის მორწმუნე?!
ალბათ, ის, ვის გულსაც არასდროს გაჰკარებია მოყვასის განსჯა…
ვინ არის მმარხველი?!
ალბათ, ის, ვინც ცდილობს, ახლობლის ნერვები და ყოველდღიურობა ცინიზმითა და ირონიით არ მიირთვას… თითქოს არაფერი შეცვლილა მოსედან დღემდე, ორმოცწლიანი უდაბნო გვექცა უსასრულოდ და ღმერთთან მოსაუბრე წინამძღოლს ურწმუნოდ მივყვებით, შინაგანი განკითხვითა და აგრესიით. თუ საშუალება მოგვეცა, ოქრო და ვერცხლით ისევ კერპებს აღვმართავთ და არც თაყვანისცემას მოვერიდებით…
თან გულში გაგვიელვებს, ერთი თუ არა, მეორე ღმერთი მაინც ხომ გვიშველისო… არასდროს გაგვახსენდება მაცხოვრის სიტყვები: „შენმა რწმენამ გიხსნასო“…
არც ის, რომ ორთა უფალთა მონება შეუძლებელია… ერთი ხელით ეკლესიას ვამკობთ, მეორეთი – მამონას… კვირას ტაძარში დავდგებით, თუ არ დაგვეზარა ზიარების რიგსაც შევუერთდებით, მაგრამ ორშაბათს იქნებ კარგი მკითხავი გვირჩიოს ვინმემ… გვაინტერესებს, რატომ დავკარგეთ საფულე, რატომ არ გვემართება ხელი პირად საქმეში, რატომ ვერ ვიშოვეთ სამსახური… იქნებ იმიტომ, რომ სახარების მოსმენის შემდეგ მზად ვართ, მჩხიბავსაც მოვუსმინოთ… იქნებ იმიტომ, რომ მოსახსენიებლებში მხოლოდ იმას ვწერთ, ვინც გვიყვარს, დანარჩენს კი გულში კრულვას ვუგზავნით… სინამდვილეში კი სიყვარული საერთოდ არ შეგვიძლია, მაგრამ „ვლოცულობთ“ მასზე, ვინც გვჭირდება, ვისგანაც გასამრჯელოს მოველით. ჩვენი იაფფასიანი ღვთისმოსაობით ისიც რომ შეცდეს და სანაცვლოდ ძვირფასიანი ნივთები მივიღოთ…
მარხვა სხვისი განკითხვისთვის არა, საკუთარი ცოდვების გლოვისთვის დაგვიდგინა უფალმა… თუ ვინმე სიკეთეს აკეთებს, თვალს ვხუჭავთ, მაგრამ, თუ ვინმეს მცირედი შეეშალა, მესამე თვალსაც ვახელთ და მზად ვართ, სინანულის დროც არ მივცეთ, ისე გავასამართლოთ… ერთადერთი, რასაც საეკლესიო სწავლებიდან ვისრუტავთ – „მხილებაა“… ოღონდ ზურგსუკან განვიკითხავთ და მხილებას ვეძახით…
ფარისევლებმა კანონი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, მაგრამ სიყვარულისა და მიტევების უნარი არ გააჩნდათ… რელიგია კი, უპირველესად, სიყვარულია… როგორც მაცხოვარი გვეუბნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული… უსიყვარულო ღვთისმოსაობა კი ურწმუნო ლოცვას ემსგავსება, პავლე მოციქულის სიტყვებით – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი“. სწორედ ამიტომ ერთად შეუძლებელია მარხვა, ხმაური და მძვინვარება.
მამა პეტრეს ბლოგი