მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა მაიამიში 170 მილიონ დოლარად სასახლე შეიძინეს

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა მაიამიში მდებარე კერძო კუნძულზე — ინდიან კრიკზე — სასახლე დაახლოებით 170 მილიონ დოლარად შეიძინეს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარიგება მაიამი-დეიდის ოლქის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენად მიიჩნევა. ამით წინა რეკორდიც მოიხსნა — 2025 წელს სტარ აილენდზე მდებარე სასახლე დაახლოებით 120 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ინდიან კრიკი ბისკეინის ყურეში მდებარე დახურული კუნძულია, რომელსაც ხშირად „მილიონერების ბუნკერს“ უწოდებენ. ტერიტორია სრულად დაცულია, აქვს საკუთარი გზები, კერძო კლუბი და გოლფის მოედანი, ხოლო იქ მოხვედრა ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

კუნძულზე არაერთი გავლენიანი და უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. ცუკერბერგის შესაძლო მეზობლებს შორის არიან ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, ამერიკელი მილიარდერი ინვესტორი კარლ აიკანი, ასევე ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ტომ ბრედი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ქონება წყვილმა პლასტიკური ქირურგის — აარონ როლინსისგან შეიძინა. მიწის ნაკვეთზე უკვე დაწყებულია სასახლის მშენებლობა, თუმცა პროექტი ჯერ სრულად დასრულებული არ არის.

ცუკერბერგის წარმომადგენლებმა საცხოვრებლის შეძენის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად 230 მილიარდ დოლარს აღემატება. ჯერ უცნობია, გახდება თუ არა მაიამის სახლი მისი მუდმივი რეზიდენცია, თუ იგი მხოლოდ შეავსებს იმ უძრავი ქონების პორტფელს, რომელიც უკვე მოიცავს სახლებს კალიფორნიაში, ვაშინგტონში და ჰავაის კუნძულებზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები