მარიკო ლეჟავა, “ევროვიზია 2019-ის” საქართველოს პროფესიონალური ჟიურის წევრი, სოციალური ქსელში ეხმაურება “ევროვიზიის” კონკურსზე შეფასებებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.
“ორი დღეა, ვდუმვარ, მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი, ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, აი, ვერაფრით გამიგია.. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ გაჰკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო?თუ ფრანგი იყო??? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა, მაქამდე გაანადგურეთ, გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არცერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა დაგიშურებიათ “ქართველისთვის” და ეხლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა?? ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდა, რაზე ფიქრობთ, ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით.. თქვენი ნებაა აბსოლუტურად რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის, მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი.. არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და აი ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს.. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი.. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ შეიძლება.. ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო.. და მე იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს.. შეგიძლიათ, ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ არაფერი მაქვს სამტკიცებელი.. მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება ისე.. მაპატიეთ, რომ მიკერძოებული არ ვიყავი”, – აღნიშნა მომღერალმა და ევროვიზია 2019-ის საქართველოს პროფესიონალური ჟიურის წევრმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე “ევროვიზიის” კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. მან ფინალურ შოუში საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო.
“ევროვიზია 2019-ის” ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ. ამ “თემას” მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია “ევროვიზიაზე” და ჩეხეთისთვის 12. არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!”
თამთა გოდუაძემ, ასევე, სოციალურ ქსელში “პოსტი” გამოაქვეყნა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: “ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არცერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნისა და ერის მართლება, ძირითადად, ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ, თქვენ არ ინერვიულოთ!
გიყვარდეთ ერთმანეთი!“