მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს – ”ბექა ხელს არაფერში მიშლის…”

პროექტი ”ორი ვარსკვლავი” განაწყენებულმა დატოვა ლუკა ზაქარიაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟიურის შეფასებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. დავინტერესდით, რა ხდება ”ორი ვარსკვლავის” კულისებში და რას ფიქრობენ დანარჩენი მონაწილეები ჟიურის მოსაზრებებზე. ვესაუბრეთ მანიკა ასათიანს.

– მანიკა, კონკურსანტებს შორის ხომ არ დაიძაბა ურთიერთობა?
– სულ მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, ამგვარ პროექტებში სულ დაძაბულობაა და ხშირად ინტრიგებს ხლართავენო. მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება. ვერც ვხვდები, რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ ინტრიგები ჩახლართოს. დაძაბულობა ნამდვილად არაა. უბრალოდ, კონკურსის პრინციპია, რომ პროექტი ყოველ კვირას თითო კონკურსანტმა უნდა დატოვოს, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებს და ვნერვიულობ, მაგრამ ასეთია წესები. ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
– ლუკა ზაქარიაძეს არ მოეწონა შეფასებები. როგორ მიიღებ, თუკი ჟიური შენც გაგაკრიტიკებს?
– დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არავინ არაფერს მეტყვის. შესაბამისად, კრიტიკას მივიღებ, ჯანსაღი კრიტიკა განვითარებისთვის აუცილებელია.
– თქვენც მიიღეთ შენიშვნა. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, ცეკვაზე კარგად სიმღერა გამოგდითო.
– ეს შენიშვნა საწყენად არ მიმიღია. პირიქით, ძალიან ვიხალისე. მით უფრო, რომ ეს ნიკას პლასტიკაზე თქვეს. ამ კრიტიკის გამო ცეკვაზე უარს არ ვიტყვით. თუ სიმღერას, რომელსაც შემდეგში ავირჩევთ, ცეკვა მოუხდება, ისევ ვიცეკვებთ.
– ”მაესტროზე” შუადღის გადაცემაში ერთ-ერთი წამყვანი იყავი. ცვლილებების შემდეგ მათი გუნდის წევრი კვლავ ხარ?
– დაახლოებით სამი თვეა, ჩვენი გადაცემა ეთერში აღარ გადის, თუმცა შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კვლავ გავიდეთ ეთერში. ძველებურად ”მაესტროს” გუნდის წევრი ვარ. ახლა სხვა ტელევიზიებთანაც მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება, რომელიმე სხვა არხზეც მიხილოთ. ამ ეტაპზე კი მთლიანად ”ორ ვარსკვლავზე” ვარ გადმორთული.
– ფართო მაყურებელმა ”ჯეოსტარიდან” გაგიცნო, თუმცა ჟურნალისტი ხარ. მუსიკალურ პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობ, როგორ ფიქრობ, სიმღერა კვლავ მხოლოდ ჰობი იქნება?
– რა თქმა უნდა, სიმღერა ჩემთვის ყოველთვის ჰობი იქნება. თხუთმეტი წლის ვიყავი, ”ჯეოსტარში” რომ მივიღე მონაწილეობა. შვიდი წელი არაფერი რომ არ გაქვს ნამღერი, მომღერალი არ გქვია. სოციალურ ქსელში კომენტარებს წერენ, ”ჯეოსტარის” მონაწილე რომ ვარ, ვმალავ. დამალვა არაფერ შუაშია, უბრალოდ, მომღერალი არ გქვია, თუ წლების წინ კონკურსში ოთხ კონცერტზე გამოხვედი. პროფესიონალი მომღერალი არ ვარ. როგორც მოყვარული, ”ჯეოსტარშიც” ისე ვმონაწილეობდი.
– მეუღლე გგულშემატკივრობს?
– ”ორი ვარსკვლავის” ყველა კონცერტს დაესწრო. ყოველთვის კმაყოფილია ჩვენი ნომრით. ბავშვი კი ჯერ ძალიან პატარაა. კონცერტზე რომ მივიყვანო, სცენაზე რომ დამინახავს, აუცილებლად იტირებს, ჩემთან ამოსვლას მოინდომებს და ყველაფერს ჩაშლის. კონცერტის მეო-რე დღეს, როდესაც სახლში ვუყურებ ჩემს გამოსვლას, უხარია, რომ ტელევიზორშიც და სახლშიც მე მხედავს.
– მეწყვილეს დიდი ხანია, იცნობ?
– ნიკა ”ორი ვარსკვლავის” შეკრებაზე გავიცანი, სადაც გვითხრეს, ვინ ვისი მეწყვილე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ”ახალ ხმაში” ვადევნებდი თვალს. ფინალისტი იყო და ბევრი გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა.
– რეპეტიციებზე კამათობთ?
– არის ხოლმე მომენტი, როდესაც რაღაცები ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. ნიკა თავის აზრს ამბობს და ვითვალისწინებ. არასდროს გვიკამათია.
– გამარჯვებაზე ოცნებობ?
– პროექტში მონაწილეობას რომ დავთანხმდი, ამ ყველაფერზე არ მიფიქრია, ძალიან გამიხარდა, რომ კვლავ ვიმღერებდი. სიმღერა ძალიან მიყვარს. ”ჯეოსტარის” შემდეგ რეალურად არ მიმღერია. ”ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” მთავაზობდნენ მონაწილეობას, მაგრამ თავი შევიკავე, ”ორ ვარსკვლავში” მონაწილეობას კი უპრობლემოდ დავთანხმდი. ბევრს ვმუშაობთ და არის შანსი, რომ გავიმარჯვოთ, თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ ძლიერი კონკურენტები გვყავს.
– ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაზე უარი რომ თქვი, გული ხომ არ გწყდება?
– არანაირად. დღესაც რომ შემომთავაზონ მონაწილეობა, უარს ვიტყვი. ვფიქრობ, რომ ცეკვა ნაკლებად მეხერხება და ჩემი საქმე არ არის. სიმღერა კი, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის.
– პროექტში ძალიან ხარ დაკავებული? ოჯახისთვის დრო გრჩება?
– კარგ დიასახლისობას ყოველთვის ვახერხებდი. მხოლოდ კონცერტის წინა ორ დღეს ვარ ძალიან დაკავებული და ამ დროს მეჩაგრება ბავშვი.
– როგორც ვიცი, კალათბურთს შენც კარგად თამაშობ. მეუღლის, კალათბურთელ ბექა წივწივაძის გავლენით ხომ არ შეგიყვარდა ეს სპორტი?
– ბავშვობაშიც სკოლაში სულ ვთამაშობდი და კარგად გამომდიოდა. სიმაღლეც ხელს მიწყობს. ახლა, სანამ მსაჯი შეაჩერებს თამაშს, უკვე ვიცი, როდისაა ჯარიმა დასანიშნი.
– თქვი, მეუღლე ყოველთვის გვერდით მიდგასო. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. ბექას როდისმე უეჭვიანია?
– ბექა ხელს არაფერში მიშლის. ნორმალურ ადამიანს შეგნებაც უნდა ჰქონდეს, ქმრიან ქალს არც აგრძნობინოს, რომ მოსწონს. ასეთი შემთხვევები იშვიათად არის სოციალურ ქსელში და მათ საკადრის პასუხს ვცემ. იმ შემთხვევაში, თუ სადმე ერთად ვართ და ვინმე შემომხედავს, ამაზე არანაირი გართულება არ აქვს. წესით, ყველა ნორმალურ მამაკაცს უნდა მოსწონდეს, რომ ლამაზი მეუღლე ჰყავს.
– შვილი რამდენი წლისაა?
– გიორგი უკვე ორწლინახევრისაა. აუცილებლად კალათბურთელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ბავშვობიდან ჩავაგონებ, რომ კარგი კალათბურთელი უნდა იყოს და მგონია, რომ ბავშვს რასაც შთააგონებ, იმ პროფესიას აირჩევს.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები