ჩემი დედ-მამა წლების წინ გაშორდა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, ძალიან განვიცადე და მახსოვს, პროტესტს სიჯიუტით გამოვხატავდი. რომ წამოვიზარდე, გავაანალიზე სიტუაცია, მამასთანაც და დედასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, დედა რომ გათხოვდა, გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება და უცხო მამაკაცის ჩვენს სახლში ყოფნა. გარდატეხის ასაკში ვიყავი და მეგობრებთან მრცხვენოდა იმის გამხელა, დედა რომ გათხოვდა. თუმცა, საკმაოდ კარგი ქმარი შეხვდა – მზრუნველი, მოსიყვარულე და მეოჯახე. ეს მე მაშინ ნაკლებად მადარდებდა და უბრალოდ, ვმალავდი, რომ მამინაცვალი ჩამისახლდა სახლში. გარკვეული დროის შემდეგ, შევეჩვიე, გავუგეთ ერთმანეთს და სიტუაციაც დასტაბილურდა ოჯახში. თუმცა, ეს მხოლოდ იქამდე, სანამ მისი გოგო არ მოვიდა ჩვენთან სტუმრად. კარი მე გავაღე და რომ მითხრა, ოთარის შვილი ვარ და თუ შეიძლება, მამას დაუძახეო, დავიბენი. რამდენიმე წამი გაოგნებული ვუყურებდი ულამაზეს, აშხვართულ, ქერა გოგოს. მოკლედ, ჩემს მამინაცვალს რუსი ცოლისგან ჰყავდა ეს გოგონა და მამას საერთოდ არ ჰგავდა. რომ გაშორებულან, შვილი დედას წაუყვანია რუსეთში და წლების მერე, 19 წლის ასაკში, მამას ჩამოაკითხა. გადასარევად ლაპარაკობდა ქართულად. პატივს სცემდა ჩვენს კულტურას და ძალიან უყვარდა ქართველები. გარკვეული პერიოდი ჩვენთან დარჩა. ვცდილობდი, სახლში ხშირად არ ვყოფილიყავი. ვერ ვუძლებდი მის სილამაზეს, თან ზუსტად ვიცოდი, ცუდი არაფერი უნდა მეკადრებინა და ვნებებსა და აზრებს, ასე თუ ისე, ვაკონტროლებდი. ზაფხულში, ზღვაზე წავედით დასასვენებლად. არ მინდოდა, მათთან ერთად წასვლა და დედას ვთხოვე, იქნებ თქვენ წახვიდეთ, მე კი სახლში დავრჩები-მეთქი. გადაირია, მთხოვა, ნუ მაწყენინებ, რას იტყვის ოთარი; ან მისი გოგო, ნატა, იფიქრებს, არ გსიამოვნებს მათთან ერთად დასვენება და ამით მეც მიქმნი პრობლემასო. რაღას ვიზამდი, დავთანხმდი და წავყევი. ვგრძნობდი, ნატა უცნაურად მიყურებდა. არც ჩემი თანდასწრებით ტანსაცმლის გამოცვლას ერიდებიდა და საკმაოდ თამამად იქცეოდა. დილაადრიან მაღვიძებდა, წამოდი, წავიდეთ სანაპიროზეო. მეც მივყვებოდი, მერე კაფეში ყავას ვსვამდით, ჩვენებიც იღვიძებდნენ და გვიერთდებოდნენ. ერთ დილას, დედამ აიტეხა, თურქეთში უნდა გადავიდეთ მე და ოთარი, სახლისთვის რაღაცების ყიდვა მინდა და საღამოს ბათუმში ვიქნებითო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ნატა მარტო დავრჩით სახლში. აიჩემა, ცოტა დავლიოთო და კონიაკი ვიყიდეთ. ახლაც არ ვიცი, რა დამემართა, როგორ აღმოვჩნდი მასთან ერთად საწოლში. გადარეული წამოვხტი და ყვირილი დავუწყე: ეს რა გააკეთე, კარგი, მე ბიჭი ვარ და გონება გადამეკეტა, შენ სად გქონდა ჭკუა-მეთქი. ნატამ მოჭუტული თვალებით შემომხედა და დამცინავად მითხრა: რა პრობლემაა? მე და შენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს და თუ ერთმანეთი მოგვწონს, სექსი რა პრობლემააო. სულ გადავედი ჭკუიდან. ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ვთხოვე, არავისთვის ეთქვა, რაც მოხდა. სიტყვა კი შეასრულა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება დამინგრია და დაღი დამასვა. ვერც დედას და ვერც მის ქმარს თვალებში ვერ ვუყურებ. ნატა მას მერე აღარ ჩამოსულა თბილისში, მოსკოვში სწავლობს და იმედია, აღარ გვესტუმრება. მამამისს კი, ხშირად ურეკავს და ეუბნება, მანდ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება, ყველა მენატრებითო.
ლუკა, 21 წლის.
წყარო:tbiliselebi.ge