მამა პეტრე კოლხის ფეისბუქის სტატუსი ხარების დღესთან დაკავშირებით. მამაო თავის ბავშვობას იგონებს და იმ ისტორიას, რომელიც მის ლეკვს უკავშირდება
ბავშვობაში ლეკვი მყავდა. ძალიან მიყვარდა, ჩემი საწოლის ქვეშ იძინებდა, ადრიანად ის მაღვიძებდა, კარამდე მიმაცილებდა და სკოლიდან მობრუნებულს ისევ კარებთან მხვდებოდა. წიგნის კითხვისას კუდის ქიცინით მისმენდა, მეც ხმამაღლა ვკითხულობდი, რომ მასაც მოესმინა ყველა ჩემი წაკითხული მოთხრობა და ლექსი. ჩემი ძაღლი ძალიან განათლებული იყო. მისი სახით ერთადერთი ერთგული მეგობარი მყავდა. ერთხელაც მამა ისე გაუბრაზდა, სახლიდან გააგდო, მე ღრიალი მოვრთე, თუ არ გაჩუმდები, ზედ მიგაყოლებო. საბნის ქვეშ დილამდე ვიტირე, უთენია ავდექი და გარეთ რომ გავედი, არსად ჩანდა ჩემი მეგობარი. არც მეზობლებმა იცოდნენ მის შესახებ. მამა თავს არ უტყდებიდა, მაგრამ ჩემზე მეტად დარდობდა. არ მახსოვს, რამდენი დღე ვიგლოვე… ამინდებიც აირია, დაიწყო ტროპიკული წვიმები, წარღვნა გეგონებოდა, ისე იღვრებოდა ზეციდან წყალი, მინას ნამსხვრევებად ეცემოდა წვეთები, რომელსაც მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ცრემლები უერთდებოდა. კიდევ ერთი დილა ოჯახის წევრებმა მის გარეშე ვისაუზმეთ, ყველა ჩუმად იყო, მიზეზი ყველამ ვიცოდით. იძულებით ვილუკმებოდი, რომ არ შევემჩნიეთ, უმნიშვნელო შენიშვნაც და ავქვითინდებოდი… უცებ კარი გაიღო, ჩემი გაყინული მეგობარი ღუმელთან დაჯდა. ხარება იდგა…