,,მამა გაბრიელმა ისე საყვარლად წამოაყენა დაჩოქილი ზინაიდა, თბილად ჩაიხუტა გულში და სკამზე ჩამოსხდნენ.”

ეს ფოტო მამა გაბრიელის სულიერი შვილის, ოთარ ნიკოლაიშვილის გადაღებულია. ჩვენი დროის უდიდეს წმინდა მამას, მისი სურვილის შემთხვევაში, ბატონი ოთარი, თავისი მანქანით დაატარებდა. შესაბამისად, ბევრი ისტორიაა, რომელიც იმ დროს “ჩვეულებრივი” ყოველდღიურობა იყო, დღეს კი ძალიან ძვირფასი მოსაგონარია.
მამა გაბრიელი და ზინაიდა ფოტოზე მამა გაბრიელი მსახიობ ზინაიდა კვერენჩხილაძეს ესაუბრება… რა ხდებოდა გარდაბნის ტაძრის გახსნის დღეს, ისტორიას ბატონი ოთარი “ზმნას” მკითხველისთვის აცოცხლებს…
ოთარ ნიკოლაიშვილი: დანამდვილებით არ მახსოვს, თუმცა ვფიქრობ, ეს ფოტო ჩემი გადაღებულია. მამა გაბრიელის ბევრი “ცნობილი ფოტო” ჩემი გადაღებულია.
გარდაბანში საკათედრო ტაძრის გახსნის დღესთან დაკავშირებით ჩავედით, 1992-93 წელი იყო.
წინა დღეს, საპატრიარქოს მთავარი ბუღალტრის, ვერიკო მაჩიტაძის სახლში ვიყავით. მისმა დამ და სიძემ გვთხოვა, საბურთალოზე მათთან სტუმრობა. წავედით და იქ გავათიეთ ღამე. მეორე დღეს, დილაადრიან წავედით გარდაბანში ეკლესიის გახსნაზე.
იქ იყვნენ ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის – ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი…
მამა გაბრიელი მოდისო და არ დაგვაჩოქოსო, ერთმანეთს უთხრეს, გავიგონე. მამა გაბრიელმა იცოდა თქმა, ქრისტეს სახელით დაიჩოქეო და აჩოქებდა. მოკლედ, ეს ადამიანები გადავიდნენ და ცოტა მოშორებით დადგნენ. ზინაიდა მათთან ერთად იყო, მაგრამ იმათ არ გაჰყოლია. მივიდა მამა გაბრიელი და რაც იმათმა ივარაუდეს, ზინაიდას აუსრულდა.
როგორც კი უთხრა მამა გაბრიელმა, დაიჩოქეო, მისი კურთხევა მაშინვე შეასრულა, მყისიერად დაიჩოქა და კმაყოფილიც იყო ამით. მერე მამა გაბრიელმა ისე საყვარლად წამოაყენა, თბილად ჩაიხუტა გულში, საოცრად მგრძნობიარედ. სკამზე ჩამოსხდნენ.
სურათზეა გიორგი კუჭავა, რომელიც შემდეგში მამა საბა გახდა, მოგვიანებით კი – არქიმანდრიტი და სამი-ოთხი მონასტერი ებარა.
სურათზე არის ქალბატონი, რომელსაც ფლორას ვეძახდით. შემდეგ ის დედა თამარის სახელით აღიკვეცა. “ჩემო დედა ღვთისმშობელო”, ასე იწყება საგალობელს და მისი მოსმენა უყვარდა მამა გაბრიელს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო კადრი – პატრიარქი რომ გამოდის წირვის დროს, მამა გაბრიელი თვალებს რომ აღაპყრობს მაღლა და მერე გულზე დაიკრეფს ხელებს, გარდაბანში იმ დღეს არის გადაღებული.
წყარო – ოთარ ნიკოლაიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები